ეკა თხილავას ესე

ხმის ალქიმიკოსი

, , ,

რამდენ ნაფეხურს ინახავს ქუთაისი.

რამდენ სახეს.

სახებას.

ხატს…

ქუთაისელს პარიზელივით გამოარჩევდით ყველგან – მიხვრა-მოხვრით… მანევრულობით… ღიმილით. არისტოკრატულობით. გემოვნებიანად მორთულ-მოკაზმულობით… ცოტა ზედმეტად წელში „გადაწყვეტილი“ სიარულით… ტასიკოს ბაფთებით…

იქვე იყო კლასიკური გიმნაზიაც – „ნარჩევი“ თავადიშვილებით – თავქარიანებიც რომ იყვნენ და – დინჯნიც…

ო, როგორ უხდებოდნენ ქუთაისს…

წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლიდანაც ეფინებოდნენ მოყირწლულ ქუჩებს ულამაზესი გოგონები – სულ „ფრანცუცულად“ მოლაპარაკენი…

ყველასგან გამოარჩევდით უჯრებიანი კაბებითა და ყავისფერი წინსაფრებით…

დახვეწილი რუსულ-ფრანგულით…

აი, იმ წმნინდა ნინოს სასწავლებელში დარბოდა უზარმაზარ კიბეებზე ახტაჯანა ვერიკოც…

მუდამ ჩუმი ანა კალანდაძეც იქ დააბიჯებდა…

სხვანაირი პეწი ჰქონდა და სხვანაირი გემო მაშინ ქუთაისს…

სხვა კულტურის სუნი…

სხვა გემოვნების…

მაშინ ევროპის სიოც ქუთაისიდან უბერავდა…

პოეზიის სიოც…

მხატვრობის სიოც…

თეატრის სიოც…

XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისი ერთგვარი ამოვარდნაც კი იყო ქართული რეალობიდან –

სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან თავისუფალი…

აი, იმ ქუთაისში, იმ ზღაპარში დადიოდა, ვერიკოსთან ერთად, ერთი გამორჩეული, უცნაურთვალებიანი გოგო, უზარმაზარი ძალა და ენერგია რომ ეტყობოდა სახეზე…

ვერიკოსავით ისიც 1900 წელს დაიბადა… ტოლები იყვნენ… ნათესავები… მეგობრები… ისიც წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში სწავლობდა… ვერიკოს კლასელიც იყო… ისიც მსახიობობაზე ოცნებობდა…

ალბათ, ერთადაც ოცნებობდნენ…

ალბათ, ისიც თამაშობდა პატარა ვერიკოს წარმოდგენებში…

ორივეს ცეცხლი უელავდა თვალებში…

ორივე ერთ გზას მიუყვებოდა…

ერთი სცენაზე დარჩა სამუდამოდ…

მეორემ  ხმა  და მეტყველება „აჩუქა“ მთელ ქართულ თეატრს…

ორივე ბოლომდე დარჩა საუკეთესო მეგობრად (არადა, როგორი რთული იყო ვერიკოსთან მეგობრობა)…

ბავშვობის ემოცია, სულ სხვაა მაინც…

მალიკო მრევლიშვილი რაჭულ-კახურად დინჯი იყო და სხვა ენერგეტიკა ჰქონდა.

უღალატო იყოო,- წერდნენ…

მისგან წყენა სად გაგონილაო,-ამასაც ამბობდნენ…

მის დიპლომატიას, ჩაცმის სტილსა და დახვეწილ მანერებს გულგრილად ვერავინ ხვდებოდა.

„თქვენი მუდამ ახალგაზრდა სულის მშურსო“,- რუბერტ სტურუა უწერდა…

ან რა დააბერებდა მის სულს?

მალიკო მრევლიშვილის სულს?

სხვა ქალი იყო…

სხვა განწყობებით…

სხვა სამართლიანობით…

სხვა ეშხით…

ქუთაისიდან პეტროგრადის ქალთა კურსებამდე და პეტროგრადიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტამდე ატარა (ათრია, ეჩხუბა კიდეც, ალბათ) ოცნება, რომელსაც ვერ უღალატა მაინც…

აკი, ვთქვი, ღალატი არ შეეძლო-მეთქი…

ვერ უღალატა და ასე აღმოჩნდა 1922 წელს აკაკი ფაღავას თეატრალურ სტუდიაში…

მაშინ, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ სწორედ ის იქნებოდა სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი…

უფრო მეტიც, დიმიტრი ჯანელიძე უწერდა – „თქვენ გამკობთ მარჯანიშვილის მოწაფეობის შარავანდედი და ფუძემდებლობა იმ თეატრისა, რომელიც მარჯანიშვილის სახელს ატარებსო“…

საუკეთესო დროს დაიბადა…

საუკეთესო თეატრალურ თაობას შეესწრო და დაესწრო…

დაესწრო და თავისი წვლილიც შექმნა…

დიდი წვლილი…

ძნელია, ენდო ადამიანს, საკუთარი ოცნების ღალატი რომ შეუძლია…

ნდობა მხოლოდ იმ ადამიანისა შეიძლება, ვინც ყველა გზას გადაჭრის იმ ერთისთვის…

ასეთი ცოტა თუ შეგვხვედრია…

ასეთი იყო მალიკო მრევლიშვილი…

საოცარი ქალი საოცარი ხმით… მეტყველებით… მანერებით…

ხმამ განსაზღვრა მისი და არა მარტო მისი მომავალიც…

ხმა იქცა მის სავიზიტო ბარათად…

დაბალი, თბილი, ძლიერი, მეტყველი ხმა…

მანვე აქცია ქართველ მსახიობთა ხმა „გამჭვირვალედ“, გამომსახველად, ელასტიურად…

მათი სიჩუმეც კი ხმოვანი გახადა…

ესეც მხოლოდ მას შეეძლო – მალიკო მრევლიშვილს – ქართული სასცენო მეტყველება სხვად ექცია მთელს მსოფლიოში…

სხვა ხმა მისცა ქართულ თეატრს… სხვა ხმაზე აალაპარაკა მსახიობები, ასე რომ უყვარდათ უცნაური სულის ქალი…

ყოფილი მოწაფე – მიხეილ თუმანიშვილი უწერდა – „თქვენი „ატამი“ ძალიან გამომადგაო“…

რა იყო ნეტავ, ის ატამი?

რის სიმბოლო?

რით უკავშირდებოდა ხმას?

იქნებ, ხმის ერთგვარი „ხე ცნობადისაც“ იყო მალიკო მრევლიშვილისთვის…

„ხავერდოვნება, ტემბრალურობა, რითაც „უხმოებს“ მეტყველებად აქცევდა…

წერა კიდეც  ქართული სასცენო მეტყველების ფონეტიკის საფუძვლებზე, მხატვრული კითხვის ხელოვნებაზე… ხმაზე წერა თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების კათედრის გამგემ…

„არასდროს დამავიწყდება მალიკო მრევლიშვილის, გარეგნულად ამ მინიატურული ქალბატონის გაკვეთილები… ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ის არა მარტო გონებით, არამედ მთელი არსებით გრძნობდა ქართულ ენას. …ამასთან დაკავშირებით ყოველთვის მახსენდება აფრიკის ერთ მიყრუებულ ადგილას მობინადრე ტომი – დოგონები და მათი ქანდაკებები: ძირითადად ეს არის ადამიანის ფიგურა პირიდან გამოყოფილი უშველებელი ენით, რომელიც უეჭველად მიწას ებჯინება და ყველაზე მტკიცე ლითონისგან არის დამზადებული“ – ესეც ქალბატონ მედეა კუჭუხიძის მოგონებიდანაა…

ზუსტი აქცენტი – მალიკო მრევლიშვილმა სწორედ დოგონთა ქანდაკებებივით მისცა ქართულ ენას ძალა და  ლითონივით „მტკიცე ხმა“ შექმნა ქართულ თეატრში… ბგერისა და არტიკულაციის ახალი „შერწყმა“ დაამკვიდრა…

ამას წინ ერთი ნაცნობი „წუწუნებდა“, სად წავიდა ქართული სათეატრო ხმაო?

დაგვაკლდა…

მოგვაკლდა…

მოვისაკლისეთ…

მოვისაკლისეთ, რადგან ის თაობა თითქმის წავიდა, მალიკო რომ ასწავლიდა ხმის ჯადოს…

იცოდნენ და იციან მისი ფასი ალაგ-ალაგ შემორჩენილმა „უფროსმა და უმცროსმა შვილებმა“ –

მე თუ ვარსებობ, დღეს ქართულ თეატრში, ეს უშუალოდ, მხოლოდ თქვენი წყალობით, უფრო სწორედ, თქვენი ბრალიაო – თენგიზ არჩვაძე უწერდა…

თქვენ გამაგებინეთ ქართული სიტყვის წონა და ფასი სცენაზეო – გოგი გეგეჭკორს უთქვამს…

სალომე ყანჩელმაც აღიარა, რომ ქალბატონი მალიკოს გარეშე ვერ „შედგებოდა“, რადგან „სიტყვის გარეშე, მეტყველების გარეშე მსახიობი არარაობააო“,- თავად მისწერა მოხუც პედაგოგს…

ეს ის თაობაა, არც ახალი წლის მილოცვა რომ არ ავიწყდებოდათ რჩეული ადამიანისთვის, არც დაბადების დღისა და, ზოგადად, არც ერთი დღესასწაულის…

ან, კი, როგორ უნდა დაევიწყებინათ მალიკო მრევლიშვილი?

ყოველი მათი სიტყვა, სცენაზე წარმოთქმული, ფაქტობრივად, მალიკოს სიტყვა იყო! მისი ხმა! მისი ძალა და ენერგია, მათში რომ ჩადო…

ადვილი არ იყო… აკი კოტე მახარაძემ კალამბურით მიუწერა:

„რამდენი ბრიყვის გონებას ლესავ,

რამდენს მუნჯს ღელვით აღმოხდა კვნესა“…

ბრიყვსა და მუნჯს რა გამოლევდა ირგვლივ და რა გამოლევს?

მაგრამ ხმის ალქიმიკოსის ხელში „უტყვიც“ კი „მეტყველი“ ხდებოდა…

„დგიფ-დგიფ-დგიფს“ სხვა „დგაფუნი“ ასდიოდა მაშინ… სხვა გემო ჰქონდა მის „ატამს“, მთელი ცხოვრება რომ მიჰყვებოდათ მის მოწაფეებსა და მოწაფეთა მოწაფეებს…

სხვა ქარიშხლიანი ჟღერა მოჰქონდა მათ ხმას…

თეატრალურ სამყაროში უყვართ მტრობა. მეტიც, აუცილებელი ნაწილიც კია თეატრის ყოველდღიურობისა მცირე და მსხვილი ომები… ხაფანგები, რომელშიც, არც თუ იშვიათად, მართალნი ხვდებიან…

მალიკო, ალბათ, ერთ იმ იშვიათთაგანი იყო, ხაფანგისთვის რომ ვერ იმეტებდნენ.

მუდამ ეძებდნენ.

მუდამ მის ირგვლივ იკრიბებოდნენ.

დაღლილები, ერთმანეთითა და საკუთარი თავებით, სამართალსაც მასთან ეძებდნენ, რადგან მალიკო ყველაზე ზუსტი შემფასებელი იყო. მკაცრი და სამართლიანი…

ხაფანგების დაშლაც შეეძლო…

მაგრამ დაგება – არა…

ამიტომ უყვარდა ყველას…

უსაფრთხოდ იყვნენ მის ირგვლივ…

იცოდნენ, რომ მალიკო მრევლიშვილის სახლის კედლებს ლეგენდარულ „თერთმეტსართულიანში“ ყურები არ ჰქონდა…

ნათელა ურუშაძე უწერდა ყოფილ პედაგოგს: დრო სჭირდება იმას, რომ მიხვდე, რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი. თეატრალურ ინსტიტუტში აღზრდილ ჩემს თაობას მხოლოდ სასცენო მეტყველება არ უსწავლია თქვენგან… სიდარბაისლე, სულგრძელობა, პატივისცემა უფროსისა და უმცროსისაო…

მუხლმოყრილი გიხდით დაუსრულებელ მადლობას ყველაფრისთვის თქვენი უფროსი ქალიშვილი – მედეა ჩახავაო… ამ ჩანაწერსაც წააწყდებით მის არქივში…

დედა, მასწავლებელი, დამრიგებელი, მესაიდუმლეო,- გიჟო ჟორდანია ეფერებოდა ასე…

უყვარდათ…

უნდოდათ, უსასრულოდ ყოფილიყო მათ გვერდით ფარად და მახვილად მალიკო მრევლიშვილი…

მაგრამ ფარიცა და მახვილიც ცვდება…

ისიც „გაცვდა“…

1984 წელს 83 წლისა გარდაიცვალა…

თუმცა, მისი ნაფეხურები შემორჩა თბილისს. რუსთაველის გამზირს… თეატრალურ ინსტიტუტს… და ქუთაისს, რომელსაც ახსოვს ულამაზესთვალებიანი გოგონა, წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლიდან, უჯრებიანი კაბითა და ყავისფერი წინსაფრით…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…