რაღაც საიდუმლო კოდი დაბადებისთანავე დაჰყვა თან…
მგლის ტანის მქონე დაარქვეს მშობლებმა – უბრალო ხალხმა – სიმბოლოებისა და სახელების მნიშვნელობისა ბევრი რომ არც არაფერი გაეგებოდათ, ალბათ…
მგლის ტანიანი…
მგელი…
ტრამალის მგელი…
მგელივით სწრაფად და მსუბუქად მოძრაობდა…
მგელივით სხარტი და საზრიანი იყო…
მგელივით ზუსტი ინტუიცია დაჰყვა…
მგელივით უკან არასდროს იხედებოდა…
მგელივით მოუთვინიერებელი იყო…
ყველა ბელადი მგელივით ისიც მარტო დარჩა ბოლოს…
და მგლების ხროვასავით შეესივნენ მასაც – დაგლიჯეს… ვერ აპატიეს… ათრიეს… დასცინეს…
მგლის ტანიანი – დაჩაჩანაკებული, ორ ხელჯოხზე ჩამომხრჩვალივით ჩამოკიდებული, ლანდი იმ ძველი მგლისა, მაინც ფეხზე იდგა…
სცენის შუაგულში ისევ რაღაც მისტიკურ არსებად იქცეოდა და ორიოდ მოძრაობით იმ ძველ „მავრად“ გარდაიქმნებოდა, ასე რომ იტევდა თავის თავში შლეგსაც და ბრძენსაც…
თეთრი ტუნიკიდან ანათებდა მისი უბადლო, ჩამოსხმული, დაკუნთული მგლის სხეული…
მავრის სხეული, რომელიც მეორე დღეს უკვე უფლისწულად გადაიქცეოდა – მგრძნობიარე და ნაზ პრინცად… მესამე დღეს ამბოხებულ ესპანელად ევლინებოდა ყველას…
რაღაც ბესტიალური ექსტაზი მოდიოდა მისგან…
სადაც იყო, იქ იყო ცეცხლიც… ვნებაც… ამბოხიც… ტკივილიცა… და… ბედნიერებაც…
„ბედნიერებას მჩუქნიდაო“ – ვერიკო ამბობდა ერთგან და თვალებში „მავრი“ უხტოდა მასაც – აი, ის მავრი – ვნებისა და ჟინის ქაოსად რომ იღვრებოდა სცენაზე…
ტუნიკი, თითქოს, მისი სხეულის ნაწილი იყო…
სოლიკო ვირსალაძემ ზუსტად „დაიჭირა“ ეს დეტალი…
მხოლოდ მან იცოდა, რა ფერისა და ფორმის სამოსი უნდა ჩაეცვა სცენაზე მგლისტანიანს…
როგორ უნდა ეფრინა უფრო ლაღად…
თავისი ზღაპრული კოსტუმებით გააშიშვლა… გადაფარა… გაალღვო… გააფერადა… ჩააქრო… გაანათა… გამოკვეთა… გადაკვეთა კიდეც სიყრმის მეგობარი…
სხვა ფერი მისცა მის ფრენასაც…
ჰო, ერთ სპექტაკლში გამჭვირვალე ფრთებიც გაუკეთა მის სამოსს…
„ფრთიანად“ აქცია მგელი…
მისი ცეკვიდან წყლის ხმა მოდიოდა მუდამ…
წყლის ხმაური…
წყლის ელდა…
წყლის სევდა…
მდინარე ვერესთან უსწავლია ცეკვაც…
კი არ უსწავლია, იქ მიმხვდარა, რომ ხელების გაშლა და ცეკვა უნდოდა…
ნეტა, რა მოძრაობა შეასრულა პირველად?
თევზივით?
ჩიტივით?
წყალივით?
ამბებს ყვებოდაო, ამბობდნენ მასზე…
ცეკვით მოყოლილი ამბები…
რომანები…
დარდები…
ტანჯვები…
მანამდე სცენაზე მხოლოდ ესთეტიკა იყო… მგელმა აქცია ესთეტიკა ამბად… ისტორიად… რომანად… ლექსად… ამბობდა კიდეც – ფორმა შინაარსიდან მოდისო…
ლექსად მოყოლილი ცეკვებით მოიარა მსოფლიო…
და მაინც იმ ბიჭად დარჩა, იმ გზნებით ცეკვავდა, მდინარე ვერესთან რომ გაშალა მეგობრებთან ერთად თამაშისას პირველად ფრთები… „გედების ტბაშიც“, ნადირობის სცენისას, ალბათ, ზუსტად ის განცდა ჰქონდა… ის ვნება, მდინარე ვერესთან რომ „შეეყარა“ პირველად…
ვინ იყო მისი „პირველი მაყურებელი?“
ვინ იქცა, ნეტა, პირველ ბედნიერად დედამიწაზე?
ვინ იცის?
მაგრამ იცოდა მარია შევალიემ, რომ ის პატარა ღარიბი ბიჭი, მის სახელოსნოში რომ ოჯახის დასახმარებლად კალათებს წნავდა გრძელი, ულამაზესი თითებით, არავის ჰგავდა…
პირველმა იგრძნო, რომ „ფრთებს“ მალავდა ბიჭი…
იგრძნო და „ბზრიალაც“ შეარქვა მგლისტანიანს, მუდამ რომ ფეხისწვერებზე ტრიალებდა…
იგრძნო და ნაძვის ხის სათამაშოებით დატვირთული ამიტომაც გაუშვა პერინის სტუდიაში…
ასე იქცა შობა ზღაპრად…
ასე იქცა შევალიეს დამხმარე „ბზრიალა“ ვახტანგ ჭაბუკიანად…
ჩვენ მხოლოდ სიზმარში თუ ვნახავთ, როგორ ცეკვავს შიშველი ტერფებითა და მაშხალებით ცეცხლის ცეკვას მგლისტანიანი…
როგორ ეთამაშება სიკვდილს…
როგორი თავგანწირვით შეეძლო ჰაერში აჭრა…
კადრები…
დაჩეხილი კადრები…
ალაგ-ალაგ შემორჩენილი…
სიზმარივით ბუნდოვანი და სიზმარივით ზღაპრულია მაინც…
***
სტუდენტობისას ერთი ულამაზესი ქალბატონი გავიცანი. ყოფილი ბალერინა. ახლაც მახსოვს, სამზარეულოსთან როგორ იდგა… მარჯვენა ფეხი ოდნავ გვერდულად ედგა მუდამ… არასდროს შეუქმნია ოჯახი… არასდროს ყვარებია ისე მერე… მგლისტანიანის მერე… ან კი როგორ უნდა შეყვარებოდა ღმერთის მერე ჭინკები?
თავად კი მუდამ ჭინკები ედგა თვალებში, როცა ჭაბუკიანს ახსენებდნენ. მესიზმრებაო, ამბობდა… თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებაო, რომ განათებული სცენის შუაში დგას, წითელი ტუნიკი აცვია და მაღლა, სულ მაღლა მიფრინავსო…
ასეც იყო…
დაბლა ფრენა არც შეეძლო მგლისტანიანს.
არადა, თხოვდნენ „დაბლა დაშვებას“…
მაშინდელმა ლეგენდარულმა კულტურის მინისტრმაც მოსთხოვა, მის მუსიკაზეც დაედგა სპექტაკლი.
პრესტიჟის ამბავი უფრო იყო მისთვის…
შეეშალა.
არ იცოდა, რომ მგლები დაუმორჩილებლები არიან.
უხეშებიც არიან…
არ დავდგამ. არ მომწონს თქვენი მუსიკა. ცეკვისთვის არ გამოდგებაო,-მკვახედ უთქვამს…
უთქვამს და ერთ კვირაში გაუშვეს თეატრიდან…
ზუსტად ერთ კვირაში დასაჯეს…
თუმცა, ეს „სასჯელის“ დასაწყისი იყო…
მერე თეატრის დაწვაც დააბრალეს კაცს, რომელიც საკუთარ ავტოფარეხამდეც კი ვერ მიდიოდა სხვის დაუხმარებლად…
მერე შეესივნენ…
მერე ათრიეს…
მერე გარიყეს…
და კატებსა და მტრედებს დაუმეგობრდა…
მტრედები ფრინავდნენ… კატებიც მგლისტანიანივით სხარტები და მოქნილები იყვნენ…
მათ ყველაზე უკეთ ესმოდან ყველასგან გარიყული ხელჯოხიანი კაცის…
არც ეს აპატიეს…
უჩივლეს…
ისევ დასაჯეს…
მაგრამ ფრინველები და ცხოველები მისი გამოჩენისას კამარას კრავდნენ თითქოს ცაში…
ერთმანეთს ეხეთქებოდნენ და გურუს ეხვეოდნენ გარს…
არადა, 1934 წელს ამერიკაში რომ დარჩენილიყო კარნეგი-ჰოლში გამოსვლის შემდეგ, ალბათ, მხოლოდ კატებისა და მტრედების სიყვარულითა და ერთგულებით არ მოუწევდა ცხოვრება…
მომაკვდავთან სასწრაფო დახმარების მანქანაც კი არ მოვიდა…
1992 წელი იყო…
საშინელი, სასტიკი 1992…
ვახტანგ ჭაბუკიანი კი არა, შოთა რუსთაველი რომ იყოს, მაინც ვერ გამოვუშვებთ სასწრაფოსო – ეს იყო სულ ოპერატორის პასუხიცა და ადამიანთა ბოლო ღალატიც…
მერე იყო ბევრი ყვავილი.
ბოდიში.
ცრემლი.
სირცხვილი.
ღირსეულად დაკრძალვა მთაწმინდაზე მფრინავი მგლის…
არადა, რა არის ღირსეული დაკრძალვა, ნეტა?
რას ნიშნავს ღირსეული დაკრძალვა?
ცოტა ღირსება სიცოცხლეში ეჩუქებინათ, ჯობდა, ალბათ…
შიგადაშიგ სირცხვილი აწუხებდათ მაინც…
სოციალისტური შრომის გმირობაც გაიმეტეს „სოციალიზმის“ მიწურულს…
არადა, გმირი უვარსკვლავოდაც იყო…
თავისებური…
რომანტიული…
ძლიერი გმირი…
მგლის სხეული სანამ „ჩამოერეცხებოდა“, მანამ უფრო უფრთხოდნენ…
ბევრს არ უყვარდა (ან როგორ გინდა, უფრთოს ფრთიანი უყვარდეს), მაგრამ ერთგვარი შიში და რიდი ჰქონდათ მის მიმართ…
„შენ წინაშე მსოფლიო დაიჩოქებსო“ – ბალანჩინმა უთხრა 23 წლის ბიჭს ამერიკაში…
დაიჩოქა კიდეც…
ისეთი მზერა ჰქონდა, თვალს ვერ უსწორებდა ვერავინ – მგლის მზერა!
მძაფრი და მონადირის ჟინით სავსე…
არადა, მგელივით დაუნდობელი არასდროს ყოფილა…
ან, იქნებ, იყო, მაგრამ „ნადირობისთვის“ არც საჭიროება არსებობდა და არც – დრო…
შემონახულია ერთი კადრი დღემდე – უკვე ასაკში შესული, უკვე „მომჩვარული“, ხალხით გარშემორტყმული, ოტელოს ცნობილ „ილეთს“ ასრულებს რამდენიმე წამით…
და უცებ, თითქოს ჯადოქრის ჯოხი აიქნიესო, ისევ 23 წლის ბიჭი ხდება…
სადღაც ქრება მომჩვარული თითები და ცეცხლი, ჟინი ფეთქავს ირგვლივ…
მაშინ ხვდები, რომ ოტელო ისევ ცოცხალია…
ოტელო ისევ მზადაა სიყვარულისთვისაც და ღალატისთვისაც…
მგლის სხეული მაინც თვლემს სადღაც ღრმად, შორს, თვალმიუწვდენელში…
უკანასკნელად 82 წლისამ შეასრულა თავისი ცნობილი „აღმაფრენით ფრენა“ – უკვე მხოლოდ ღმერთისთვის…
პირველად – 2 წლისამ, როცა ფანჯრიდან გადაუვარდა დედას…
ვერ უნდა გადარჩენილიყო ვერანაირი ლოგიკით…
იქ უნდა „დასრულებულიყო“ პატარა ბიჭის უისტორიო ისტორია…
არადა, უყვარდა ისტორიები…
არადა, იმიტომ არ „ჩამოფრენილა“, მხოლოდ გაელვებასავით დარჩენილიყო რამდენიმე ადამიანის ხსოვნაში…
მაგრამ არავინ იცოდა მაშინ, იმ ბიჭის გარდა, რომ ფრთები ჰქონდა…
პატარა, გამჭვირვალე, უხილავი ფრთები…
ბოლომდე ფრთიანი ბავშვი იყო მგლის სხეულით, რომელსაც ბევრჯერ უღალატეს, მაგრამ მაინც იმ ბიჭად დარჩა, პატარა თითებით რომ აკეთებდა საახალწლო სათამაშოებს ბზრიალით და სურვილებს უთქვამდა…
ვინ იცის, რას უთქვამდა…
ვინ იცის, რამდენი სურვილი აასრულა და რამდენი „შეიწირა“ სანაცვლოდ იმ სათამაშოებმა…