გი დებორის ესე

სპექტაკლის საზოგადოება – II

, , , ,

საქონელი, როგორც სპექტაკლი

II

„ვინაიდან მხოლოდ ტოტალური სოციალური ყოფიერების უნივერსალურ კატეგორიად შეგვიძლია, რომ საქონელი მისსავე ნამდვილ არსებითობაში გავიგოთ. მხოლოდ ამ კონტექსტში იძენს სასაქონლო ურთიერთობიდან ამოზრდილი განივთება გადამწყვეტ მნიშვნელობას, როგორც საზოგადოების ობიექტური ევოლუციისთვის, ასევე ადამიანების მხრიდან მისადმი დამოკიდებულებისთვისაც, რათა მათივე ცნობიერება დაუმორჩილონ იმ ფორმებს, რომლებშიც ეს განივთება გამოიხატება… ეს დამორჩილება იმ ფაქტითაც მყარდება, რომ რაც უფრო მეტად იზრდება შრომის პროცესის რაციონალიზაცია და მექანიზაცია, მით უფრო მეტად კარგავს მშრომელის ქმედითობა თავის ქმედით ხასიათს იმისთვის, რათა იგი მჭვრეტელობით დამოკიდებულებად აქციოს.“

ლუკაჩი (ისტორია და კლასობრივი ცნობიერება)

35. სპექტაკლის არსებით მოძრაობაში, რომელიც იმ ყოველივეს მიტაცებისგან შედგება, რაც ადამიანური ქმედითობის დენად მდგომარებაში [l’état fluide] იმ მიზნით არსებობდა, რომ შემდეგ უკვე მათ შედედებულ მდგომარეობაში [l’état coagulé] მიდევნებოდა, როგორც საგნებს, რომელთაც ნაცხოვრები ღირებულების უარყოფაში ფორმულირებით ექსკლუზიური ღირებულება შეუძენიათ, ჩვენ ჩვენსავე ძველთაძველ მტერს ვცნობთ, იმას, რამაც ესოდენ კარგად იცის, თუ თვალის ერთი შევლებისთვის როგორ გამოჩნდეს რაღაცად, რაც თითქოს ტრივიალური და საკუთარი თავის გამგებია, მაშინ, როდესაც ამის საპირისპიროდ, იგი, საქონელი ესოდენ რთული და მეტაფიზიკური სინატიფეებით [subtilités métaphysiques] სავსეა.

36. სასაქონლო ფეტიშიზმის პრინციპია „როგორც ზეგრძნობადი, ასევე გრძნობადი საგნებით“ საზოგადოებაზე ბატონობა, რაც სპექტაკლში თავის აბსოლუტურ სასრულობას აღწევს, იქ, სადაც გრძნობადი სამყარო მის ზემოთ არსებული გამოსახულებების გადარჩევით ნაცვლდება და ის, რაც ამავდროულად აღიარებულია, როგორც გრძნობადი par excellence.

37. სპექტაკლის მიერ ამხედველებული ერთდროულად დასწრებული [présent[ და არსწრებული [absent] სამყარო, ნაცხოვრების მთლიანობაზე საქონლით ბატონობის სამყაროა. ამ გზით სასაქონლო სამყარო ნაჩვენებია ისეთად, როგორიც ის არის, რადგან მისი მოძრაობა, როგორც ადამიანების ერთმანეთისგან, ასევე ამ ადამიანების მიერ გლობალურად წარმოებულისგან დაშორების იგივეობრივია.

38. თვისებრიობის კარგვა, რომელიც ამდენად აშკარაა სპექტაკლისებური ენის ყველა დონეზე, როგორც სპექტაკლის მიერ განდიდებულ ობიექტებთან, ასევე მის მიერ განკარგულ ქცევასთან მიმართებაში, სხვას არაფერს თარგმნის, თუ არა რეალური წარმოების იმ ფუნდამენტურ მახასიათებლებს, რომლებიც თვითონ რეალობას უკუაგდებენ. სასაქონლო ფორმა პირდაპირ და უკანმოუხედავად საკუთარივე თავის თანასწორია, იგი რაოდენობრივის კატეგორიაა. რაოდენობრივია ის, რასაც სასაქონლო ფორმა ავითარებს, ეს უკანასკნელიც თავის მხრივ, მხოლოდ რაოდენობრივში ვითარდება.

39. განვითარება, რომელიც თვისებრივს გამორიცხავს, ადრე თუ გვიან თვითონვე, როგორც განვითარება ექვემდებარება თვისებრივ ცვლას. სპექტაკლი აღნიშნავს, რომ მან უკვე გადალახა საკუთარივე სიჭარბის ზღურბლი; ადგილობრივად ეს ჯერ კიდევ რამდენიმე თვალსაზრისითაა მართალი, თუმცა უნივერსალურის მასშტაბით, რომელიც საქონლის საწყისისეული მოწმობაა, იგი უკვე სრულ სიმართლედ ქცეულა; მოწმობა, რომელიც თავისი პრაქტიკული მოძრაობით დედამიწას მსოფლიო ბაზრად ჰკრებს.

40. საწარმოო ძალების განვითარება რეალური არაცნობიერი ისტორია იყო, რომელმაც ააგო და სახე უცვალა ადამიანთა ჯგუფების არსებობის პირობებს, როგორც მათი გადარჩენის პირობებს და ამ პირობების გაფართოებას – ყველა მათი სამეწარმეო საქმიანობის [entreprises] ეკონომიკურ ბაზისს. ნატურალური მეურნეობის შიგნით სასაქონლო სექტორი გადარჩენის ნამატის [surplus de la survie] პირველწყარო იყო. საქონელთა წარმოება, რომელიც დამოუკიდებელ მეწარმეთა შორის სხვადასხვა ნაწარმის გაცვლას გულისხმობს, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩებოდა (ხელ)ოსნურ საქმედ, მარგინალური ეკონომიკის ფუნქციის შემცველობად, სადაც რაოდენობრივი ჭეშმარიტება კვლავაც შენიღბული იქნებოდა, რომ არა საქონლის დიდი ვაჭრობის სოციალურ პირობებთან და კაპიტალის დაგროვებასთან შეხვედრა, რის შედეგადაც შეძლო მან ეკონომიკაზე ტოტალურად გაბატონება. ამის შემდეგ უკვე ეკონომიკა მისსავე მთლიანობაში იქცა იმად, რადაც საქონელი მთელი ამ დამორჩილების განმავლობაში აჩვენებდა თავს – რაოდენობრივი განვითარების პროცესად. ეკონომიკური შეძლების სასაქონლო ფორმაში უწყვეტად განთავსებამ, რამაც ადამიანური შრომა სასაქონლო შრომად [travail-marchandise], სახელფასო შრომად გარდაქმნა, ჯამურად [cumulativement] ის სიჭარბე შექმნა, რომელშიც გადარჩენის უპირველესი კითხვა ეჭვგარეშეა გადაწყვეტილი, ოღონდ გადაწყვეტილია იმგვარად, რომ იგი მუდამ ხელახლა აღმოიჩინება, ყოველ ჯერზე უფრო მაღალ ხარისხში ხელახლა ისმება. ეკონომიკური ზრდა საზოგადოებებს იმ ბუნებრივი წნეხისგან ათავისუფლებს, რომელსაც გადარჩენისთვის მათი უშუალო ბრძოლა მოითხოვდა, თუმცა შემდეგ უკვე მათი გამათავისუფლებელი იქცა იმად, რისგანაც ისინი ვეღარ თავისუფლდებიან. საქონლის დამოუკიდებლობა ეკონომიკის კრებითობაზე განფენილა, რომელზეც იგი თვითონვე ბატონობს. ეკონომიკა სამყაროს ცვლის, მაგრამ იგი მას მხოლოდ ეკონომიკის სამყაროში ცვლის. ფსევდობუნება, რომელშიც ადამიანური შრომა გაუცხოებულა, თავისი მომსახურების უსასრულო მიდევნებას მოითხოვს, და ეს მომსახურებაც, რომელიც მხოლოდ საკუთარივე თავის მიერვეა განსჯილი და შეწყალებული, სინამდვილეში სოციალურად ნებადართული ძალისხმევების და პროექტების მთლიანობის სახით არსებულ მსახურებს იძენს. საქონელთა სიჭარბე ან სხვანაირად რომ ვთქვათ, სასაქონლო ურთიერთობა, სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა მომატებული გადარჩენა.   

41. ეკონომიკაზე საქონლის ბატონობა დასაწყისში იდუმალი გზით წარიმართა. თვითონ ეკონომიკა, როგორც სოციალური ცხოვრების მატერიალური ბაზისი, ამ ხნის განმავლობაში იმ ნაცნობივით შეუმჩნეველი და გაუგებარი რჩებოდა, რომელიც ვერა და ვერ უცვნიათ. საზოგადოებაში, სადაც კონკრეტული საქონელი იშვიათად და უმცირესად გვხვდება, ფულის აშკარა ბატონობა თავს წარმოადგენს, როგორც ძალაუფლებათა სისავსით უზრუნველყოფილი ემისარი, რომელიც უცნობი შეძლების [puissance inconnue] სახელით ლაპარაკობს. ინდუსტრიულ რევოლუციასთან, შრომის მანუფაქტურულ დანაწილებასა და მსოფლიო ბაზრისთვის მასობრივ წარმოებასთან ერთად, საქონელი ქმედითად მჟღავნდება, როგორც შეძლება, რომელსაც სოციალური ცხოვრების რეალურად ოკუპირება შეუძლია. პოლიტიკური ეკონომიაც, როგორც გაბატონებული მეცნიერება და როგორც ბატონობის მეცნიერება ამის შემდეგ ყალიბდება.     

42. სპექტაკლი ის მომენტია, რომელშიც საქონელს სოციალური ცხოვრების ტოტალური ოკუპაციისთვის მიუღწევია. სასაქონლო ურთიერთობა არა მხოლოდ ხილვადია, არამედ მავანი სხვას ვერც ვეღარაფერს ხედავს, თუ არა საქონელს – სამყარო, რომელსაც იგი ხედავს, სასაქონლო სამყაროა. მოდერნული ეკონომიკური წარმოება საკუთარ დიქტატურას ექსტენსიურად და ინტენსიურად განავრცობს. ნაკლებად ინდუსტრიალიზებულ ადგილებში, მისი ბატონობა ვარსკვლავთ-საქონელთა მეშვეობით უკვე სახეზეა, ისევე, როგორც იმპერიალისტური დომინაცია მოწინავეობს განვითარებული მწარმოებლურობის [productivité] ზონებით. ამ დაწინაურებული ზონების სოციალურ სივრცეში საქონელთა გეოლოგიური ფენების განგრძობადი დახვავება [superposition continue] იჭრება. „მეორე ინდუსტრიული რევოლუციის“ ამ წერტილში, გაუხოებული მოხმარება მასებისთვის გაუცხოებული წარმოების დამატებით ვალდებულებად იქცევა. საზოგადოების გაყიდული შრომის მთლიანობაა ის, რაც გლობალურად, ტოტალურ საქონლად იქცევა, რომლისთვისაც ციკლი უნდა გაგრძელდეს. ამის უზრუნველსაყოფად ტოტალური საქონელი ფრაგმენტირებულად უნდა დაბრუნდეს ფრაგმენტირებულ, კრებითობით ოპერიდებადი საწარმოო ძალებისგან აბსოლუტურად გაუცხოებულ ინდივიდში. სწორედ აქ, დომინაციის სპეციალიზებული მეცნიერება თვითონვე უნდა დასპეციალიზდეს; იგი ფხვიერდება სოციოლოგიად, ფსიქოტექნიკად, კიბერნეტიკად, სემიოლოგიად და ასე შემდეგ…, პარალელურად, პროცესის ყველა დონის თვითრეგულაციასაც ფხიზლად ადევნებს თვალს. 

43. თუკი კაპიტალისტური დაგროვების პრიმიტიულ ფაზაში „პოლიტიკური ეკონომია პროლეტარში მხოლოდ და მხოლოდ მშრომელს ხედავს“, რომელმაც მინიმალურად აუცილებელი დახმარება მხოლოდ იმ მიზნით უნდა მიიღოს, რომ თავისი სამუშაო ძალა შეინარჩუნოს (და თან ეს მშრომელის „მოცალეობის, მისი ადამიანურობის“ მხედველობაში მიღების გარეშე უნდა გააკეთოს), გაბატონებული კლასის ეს იდეური პოზიცია იმავწამს ყირავდება, როგორც კი საქონლის წარმოებაში მიღწეული სიჭარბის ხარისხი, მშრომელის მხრიდან ნამატ თანამშრომლობას [un surplus de collaboration] მოითხოვს. უეცრად, ტოტალურ სიძულვილს ჩამოცილებული ეს მშრომელი, რაზეც მას ცხადად მიენიშნება წარმოების ორგანიზებისა და ზედამხედველობის მოდალობებით, ყოველდღიურობაში საკუთარ თავს ამ ყოველივეს გარეთ, მოჩვენებითობაში მოწიფულ ადამიანად, მომხმარებლის ნიღაბქვეშ მგზნებარე თავაზიანობით [une politesse empressée] მოპყრობილს პოულობს. ამის შემდეგ უკვე სასაქონლო ჰუმანიზმი მშრომელის „მოცალეობასა და ადამიანურობაზე“ კონტროლს უბრალოდ იმიტომ ამყარებს, რომ ახლა უკვე პოლიტიკურმა ეკონომიამ, როგორც პოლიტიკურმა ეკონომიამ თავისი შეძლებითა და ვალდებულებით იბატონოს ამ სფეროებზე. ამ გზით „ადამიანის სრულქმნილი უკუგდება“ ადამიანური არსებობის მთლიანობას იმორჩილებს.              

44. სპექტაკლი პერმანენტული ოპიუმის ომია ნივთობრივი სიკეთეების [des biens] საქონელთან გაიგივების მისაღწევად. სპექტაკლივეა გადარჩენით მოგვრილი კმაყოფილება, რომელიც მისივე კანონების შესაბამისად იზრდება. მაგრამ თუკი მოხმარებადი გადარჩენა [la survie consommable] რაღაცაა, რაც მუდამ უნდა იზრდებოდეს, ეს ასეა იმიტომ, რომ იგი არასდროს წყვეტს მოსაკლისებულის მოცვას. მომატებული გადარჩენის მიღმა თუ არაფერია, თუნდაც წერტილი, სადაც იგი შეძლებდა ზრდის შეწყვეტას, ეს იმიტომ, რომ იგი თვითონვე მოსაკლისებულის მიღმა კი არაა, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გამდიდრებული მოსაკლისებაა.   

45. ავტომატიზაციასთან ერთად, რომელიც ერთდროულად მოდერნული ინდუსტრიის ყველაზე განვითარებული სექტორიცაა და თან მოდელიც, რომელშიც იგი სრულად აჯამებს თავის პრაქტიკას, სასაქონლო სამყარომ შემდეგი წინააღმდეგობა უნდა გადაძლიოს: ტექნიკურმა ინსტრუმენტარიამ, რომელიც ობიექტურად აუქმებს შრომას, ამავდროულად უნდა მოახერხოს და შრომა, როგორც საქონელი, როგორც საქონლის დაბადების ერთადერთი ადგილი უნდა შეინახოს. იმისთვის, რომ ავტომატიზაციამ ან შრომის მწარმოებლურობის ზრდის [l’accroissement de la productivité du travail] რომელიმე სხვა, ნაკლებად ექსტრემალურმა ფორმამ, საზოგადოებრივის მასშტაბით საგრძნობლად არ შეამციროს სოციალურად აუცილებელი შრომის დრო, საჭირო ხდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მომსახურება, როგორც მესამეული სექტორი [Le secteur tertiaire], განაწილების არმიის განუზომლად გაწელილი რიგი და მიმდინარე საქონლის ხოტბა-დიდებაა; იგი იმ დამხმარე ძალების [forces supplétives] მობილიზაციაა, რომლებიც ამ ტიპის უკუშრომის ორგანიზაციას [organisation de l’arrière-travail] ამგვარ საქონელთა ფარდობით საჭიროებათა ფაქტობრიობაში ხელსაყრელ დროს ეგებებიან.    

46. საცვლელ ღირებულებას [La valeur d’échange] მხოლოდ სახმარი ღირებულების [la valeur d’usage] აგენტად შეეძლო ფორმირება, მაგრამ გამარჯვებამ, რომელსაც პირველმა საკუთარივე იარაღების გამოყენებით მიაღწია, მას ავტონომიურად ბატონობის პირობები მიანიჭა. ადამიანურის ყოველმხრივად მოხმარების მობილიზებით და მის კმაყოფილებაზე მონოპოლიის მიტაცებით, საცვლელმა ღირებულებამ მოხმარების მართვით დაასრულა. გაცვლის პროცესი ყველა შესაძლებელ მოხმარებასთან გაიგივდა, მოხმარება გაცვლის წყალობამდე იქნა დაყვანილი. საცვლელი ღირებულება სახმარი ღირებულების კონდოტიერია, რომელიც ომს თავისი გათვლებით ასრულებს.  

47. სახმარი ღირებულების დაცემის ტენდენცია, კაპიტალისტური ეკონომიკის ეს მუდმივა, მომატებული გადარჩენის შინაგანობაში [à l’intérieur de la survie augmentée] მოსაკლისების ახალ ფორმას ავითარებს, რომელიც ვერ თავისუფლდება ძველი ხელმოკლეობისგან, ვინაიდან იგი ადამიანებისგან, როგორც დაქირავებული მშრომელების აბსოლუტური უმრავლესობისგან, მათივე ძალისხმევის უსასრულო მიდევნებას მოითხოვს; თანაც ამას ისე აკეთებს, რომ მიდევნებისას ყოველმა მათგანმა იცის, რომ ან უნდა დამორჩილდეს ან კიდევ მოკვდეს. ამ შანტაჟის რეალობას ის ფაქტი ადასტურებს, რომ მოხმარება მისსავე ყველაზე ღარიბულ ფორმაში (საკვები, საცხოვრისი), მხოლოდ მომატებული გადარჩენის ილუზორულ სიმდიდრეში გამომწყვდეულის სახით არსებობს, რომელიც თავის მხრივ, მოდერნულ სასაქონლო მოხმარებაში, განზოგადებულად ილუზიის მიღების რეალური ბაზისია. რეალური მომხმარებელი ილუზიების მომხმარებლად იქცევა. საქონელი სწორედ რომ ქმედითად განამდვილებული ასეთი ილუზიაა, სპექტაკლი კი – ამ ილუზიის ზოგადი მანიფესტაცია.

48. სახმარი ღირებულება, რომელიც საცვლელი ღირებულების იმპლიციტური შემცველობა იყო, ახლა, სპექტაკლის ამობრუნებულ რეალობაში, ექსპლიციტურად უნდა გამოცხადდეს, ზუსტად იმიტომ, რომ მისი ქმედითი რეალობა სასაქონლო ეკონომიკის ზეგანვითარებითაა ამოჟანგული და ამასთან ერთად იმიტომაც, რომ ფსევდოგამართლება ყალბი ცხოვრების აუცილებლობად ქცეულა. 

49. სპექტაკლი ფულის სხვა სახეა, იგი საქონლის მთლიანობის ზოგადაბსტრაქტული ეკვივალენტია. საზოგადოებაზე ფული თუ ცენტრალური ტოლფასობის [l’équivalence centrale] რეპრეზენტაციად ბატონობდა, სხვანაირად რომ ვთქვათ, როგორც მრავალი, ერთმანეთთან არასადარი საქონლის გაცვლადი ხასიათი, სპექტაკლი მისი განვითარებული, მოდერნული დანამატია, სადაც სასაქონლო სამყაროს მთლიანობა ერთიანობად მოჩანს [apparaît en bloc], როგორც ზოგადი ტოლფასობა იმისა, თუ რა უნდა იყოს და რა უნდა აკეთოს საზოგადოების კრებითობამ. სპექტაკლი ის ფულია, რომელსაც მავანი ერთადერთობაში ხედავს, რადგან მასში მოხმარების ტოტალობა უკვე გადაცვლილია აბსტრაქტული რეპრეზენტაციის ტოტალობაში. სპექტაკლი არა მხოლოდ ფსევდომოხმარების მსახურია, არამედ იგი თვითონვეა უკვე სიცოცხლის ფსევდომოხმარება. 

50. ეკონომიკური სიუხვის მომენტში, სოციალური შრომის კონცენტრირებული შედეგი, არა მარტო თვალსაჩინო ხდება, არამედ იგი იმ (მო)ჩვენებითს უქვემდებარებს მთელ რეალობას, რომელიც ახლა უკვე მისივე ნაწარმია. კაპიტალი წყვეტს იმ უხილავ ცენტრად ყოფნას, რომელიც წარმოების საშუალებებს მართავს; დაგროვების გზით იგი გრძნობადი ობიექტების ქვეშ პერიფერიამდე აღწევს. საზოგადოების მთელი განფენილობა [l’étendue] მისივე პორტრეტია.     

51. ავტონომიური ეკონომიკის გამარჯვება ამავდროულად მისივე მარცხი უნდა იყოს. ძალები, რომლებიც მან აუშვა [déchaînées], იმ ეკონომიკურ აუცილებლობას ახშობენ, რომელიც ძველ საზოგადოებათა დაურღვეველი ბაზისი იყო. როდესაც ეს აუცილებლობა უსასრულო ეკონომიკური განვითარების აუცილებლობით ნაცვლდება, მას ერთობლივად აღიარებული პირველადი ადამიანური საჭიროებების დაკმაყოფილების ჩანაცვლება მხოლოდ ფსევდოსაჭიროებების უწყვეტი დამზადებით შეუძლია, რომლებიც თავის მხრივ, ავტონომიური ეკონომიკის ბატონობის შემანარჩუნებელ ერთადერთ ფსევდოსაჭიროებამდე დაიყვანებიან. მაგრამ ავტონომიური ეკონომიკა საკუთარ თავს მუდმივად იცალკევებს ძირეული საჭიროებისგან, და ამას აკეთებს იმდენად, რამდენადაც იგი იმ სოციალური არაცნობიერიდან წარმოიქმნება, რომელიც მასზე მისივე ცოდნის გარეშე იყო დამოკიდებული. „ყველაფერი, რაც ცნობიერია მოხმარებულია. ის, რაც არაცნობიერია უცვლელი რჩება. თუმცა, განა საკმარისი არაა, რომ მან ამ ყოველივეს თავი დააღწიოს, რომ მაშინვე ნანგრევებში მოყვეს?“ (ფროიდი).   

52. წამს, რომელშიც საზოგადოება აღმოაჩენს, რომ იგი ეკონომიკაზეა დამოკიდებული, არის წამი, რომელშიც სინამდვილეში ეკონომიკაა საზოგადოებაზე დამოკიდებული. ამ მიწისქვეშა შეძლებამ [puissance souterraine], რომელიც სუვერენულ მოჩვენებითობად ამოზრდილა, ასევე დაკარგა თავისი ძალაუფლება. იქ, სადაც ოდესღაც ეკონომიკური იგი [ça économique] იყო, ახლა მე [le je] უნდა მივიდეს. სუბიექტი მხოლოდ საზოგადიებიდან შეიძლება წარმოიქმნას, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, სუბიექტი მხოლოდ საზოგადოებაში მიმდინარე ბრძოლიდან შეიძლება წარმოიქმნას. მისი შესაძლებელი არსებობა კლასთა ბრძოლის შედეგებზეა ჩამოკიდებული, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, მჟღავნდება, როგორც ისტორიის ეკონომიკური საფუძვლის ნაწარმი და მწარმოებელი.         

53. სურვილის ცნობიერება და ცნობიერების სურვილი ურთიერთიგივეობრივად ის პროექტია, რომელსაც თავისივე უარყოფითი ფორმის ქვეშ კლასთა გაუქმება სწადია, რაც სხვანაირად რომ ვთქვათ ნიშნავს იმას, რომ მას მშრომელთა მიერ მათივე ქმედითობის ყველა მომენტის პირდაპირი ფლობა [la possession directe] სწადია. მისი საპირისპირო სპექტაკლის საზოგადოებაა, რომელშიც საქონელი მის მიერვე შექმნილ სამყაროში საკუთარ თავს ჭვრეტს.  

თარგმანი

 ლაშა ხარაზისა

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…