როსტომ ჩხეიძის სტატია

დიდი აღდგომის მოლოდინში

, , ,

(ნინო ციმაკურიძეჟანპოლ სარტრის მეგზურად)

მოინდომებდა ჟან-პოლ სარტრი მხატვრულად გაეაზრებინა გერმანიის ტრაგედია – წაგებული ომის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ სოციალური მიზეზები, უწინარესად კი მაინც:

გაეხსნა ომის ფილოსოფია.

ომის ფსიქოლოგია გაეხსნა.

ასე შეიქმნებოდა ხუთმოქმედებიანი პიესა „ალტონელი განდეგილები“, ჩვენი ლიტერატურის მდინარებაშიც რომ უნდა ჩართულიყო ნინო ციმაკურიძის წყალობით („აგორა“, 2020); და რაოდენ უცნაურიც უნდა გეჩვენოთ, ფრანგი მწერალი ერთ პერსონაჟსაც არ შემოიყვანდა ფრანგს – მოქმედებაც გერმანულ ქალაქში გაიშლებოდა და პერსონაჟებიც უკლებლივ გერმანელები იქნებოდნენ.

ასე ამჯობინებდა:

გერმანელთაგან მომხდარიყო ამ ტრაგედიის მიზეზთა ძიებაც და ამოცნობაც, და უძღები შვილის სახარებისეულ მოტივს გადაჭდობოდა უძღები მამის მოტივიც.

სინანული გასჩენოდათ სარტრის პერსონაჟებს და… სინანული გასჩენოდა თვითონ მწერალსაც, ოღონდ იგი იმას განიცდიდა, მარჯვედ რომ ვერ შეერჩია პიესის გმირების გვარი – გერლახი. ისე მომხდარიყო, რომ რემინისცენცია საკუთარ გამონაგონად მიეჩნია და… როგორ არ გამოეთქვა წუხილი ამ შეცდომის გამო, რაკიღა ეს გვარი ნაციონალ-სოციალიზმის ერთ-ერთ ყველაზე მამაც და ცნობილ მოწინააღმდეგეს ეკუთვნოდა.

არადა: პერსონაჟთა გვარის შეცვლა უკვე დაგვიანებულიყო.

ხოლო პიესის ფინალში მაგნიტოფონიდან უნდა მოგვესმინა დაღუპული პერსონაჟის მონოლოგი, საუკუნეებს რომ მიმართავდა:

თქვენს წინაშეა ჩემი საუკუნე, მარტოსული და უგვანო, ბრალდებულიო.

ხომ შეიძლებოდა ეს საუკუნე კეთილიც ყოფილიყო, ადამიანს რომ არ ჩასაფრებოდა მისი სასტიკი, დაუნდობელი, საუკუნო მტერი, რომელსაც მისი დაღუპვა ამოეჭრა გულში, უბალნო და ცბიერი მხეცი – ადამიანივე.

ერთისთვის რომ მიგვემატებინა ერთი, იქნებოდა ისევ ერთი და… ეს უნდა გვეღიარებინა ჩვენს მისტერიად.

***

მეც რა სნობივით უნდა დამმართნოდა:

ყრუდ ჩავატარებდი გასტონ ლერუს რომანის – `ოპერის მოჩვენება~ – გამოცემას, ჟან-პოლ სარტრის პიესას კი არ გამოვტოვებდი.

არა, სარტრის რანგისა არ გახლავთ ლერუ, თუმც ფრანგული კლასიკური მწერლობის ნაწილად მისი შემოქმედებაც არის აღიარებული და „ოპერის მოჩვენება“ დღემდე რჩება პოპულარულ წიგნად, მძაფრი სიუჟეტისა და იდუმალების გამოისობით მკითხველი სუნთქვაშეკრული რომ გაჰყვებოდა მწერლის დაუშრეტელი წარმოსახვით შექმნილ მხატვრულ სინამდვილეს, აღსავსეს ფარული ხმებითა და მითქმა-მოთქმით, თანდათან ამ ყოველივეს ლეგენდური იერიც რომ უნდა შეეძინა, რაკიღა ვერაფრისდიდებით ვერ მიეკვლიათ იმ საიდუმლოებით მოცული პირისა თუ აჩრდილისათვის, თავის ნებაზე რომ ატრიალებდა ოპერის გარემოს, რომელიც თურმე იმხელა სივრცეს მოიცავდა, მთელ ქალაქსაც კი გადაწვდებოდა.

მიწყობოდა კულისები კულისებს და ლაბირინთები ლაბირინთებს და საიდან რა საშიშროება დაგეტაკებოდა, წინასწარ აბა რას იფიქრებდი!..

მიწისქვეშა პარიზი დიდი ხელოვნებით გამოეხატა ვიქტორ ჰიუგოს რომანში „საბრალონი“, აღარაფერი რომ არ ითქვას ეჟენ სიუს რომანზე „პარიზის საიდუმლოებანი“, და ახლა გასტონ ლერუ უნდა შეჭიდებოდა წარმატებით ამ კოლორიტულ თემას.

დეტექტიურად ჩახლართული სიუჟეტი ქართულადაც გაუნელებელი ცნობისწადილით რომ იკითხებოდა, ეს იმიტომაც, ნინო ციმაკურიძეს მარჯვედ რომ დაეჭირა გასტონ ლერუს თხრობის რიტმიც და სტილისტიკაც იმ იშვიათი ქართულით, ფრონეს ხეობიდანაც რომ მოედინება და იმ თავანკარა მეტყველებასთან გაახლოებს, საითაც უნდა ვესწრაფოდეთ, თუკი მშობლიური ენის გადარჩენა გვინდა ათასგვარი მინარევისა თუ სიმახინჯისაგან, დიდებული ქართულის სანაცვლოდ მის მკრთალ ანარეკლს, სულაც სუროგატს რომ გვთავაზობენ და ლამის ეს უაღრესად მწირი, მადლგამოცლილი მეტყველება დაგვიკანონდეს.

მაგრამ ხომ მაინც მოედინება უკეთეს ლიტერატურულ მონაპოვრებში ნამდვილი ქართული, შესანიშნავი თარგმანები ამ მონაპოვარს რომ ემატება, როგორც ჩვენი მწერლობის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი ნაწილი, და ყოველი ამგვარი ნიმუში გვამხნევებს და გვაიმედებს, რომ:

დიდი შემოტრიალების მოწმენიც შევიქნებით მშობლიური მეტყველების აღორძინებაში, თავანკარა ქართული ჩვეულებრივი მოვლენა რომ გახდება და არა ცალკეულ მხატვრულ ქმნილებებში საძებარი.

ქართული ქართულობით მოგხიბლავს „ოპერის მოჩვენებაში“, ფრანგული მწერლური ხელოვნება კი ფრანგული მწერლური ხელოვნებით.

***

ხოლო „ალტონელ განდეგილებში“:

ერთს მიუმატებდი ერთს და… იქნებოდა ისევ ერთი.

და ესეც გერმანელთა მისტერია.

კიდევ ის:

მოგება რომ წაგებას ნიშნავს, წაგება კი – მოგებას!..

ამით თუ ინუგეშებდნენ თავს და არ გაუტყდებოდნენ მწარე და ავ ბედისწერას, რათა სული მოეთქვათ და ძველებურად დაწინაურებულიყვნენ ევროპის სახელმწიფოთა გარემოცვაში.

ერთი ერთს რა ემატება და:

სიძულვილი და სიყვარული, რომელიც მომაკვდინებელია და საზარელი ძალისა.

პარადოქსული დაწყვილებაა?

ესეც ამ საუკუნის გემო, გერმანელებს რომ უნდა განეცადათ უკიდურესი სიმძაფრით.

ჟან-პოლ სარტრის პიესა კი ერთი ოჯახის ირგვლივ უნდა დატრიალებულიყო და ომისა და კატასტროფის მთელი საშინელება ოჯახის წევრთა მწვავე დიალოგებისას გაცხადებულიყო.

ამდენი წელია უკვე ჩავლილი, გერმანია კვლავ ფეხზე დგას, ეს ოჯახიც გერლახებისა გემთსაშენს რომ ინარჩუნებს, წარმოებას კიდევ და კიდევ აფართოებს და წინ მიისწრაფის. მართალია ოჯახის თავი განუკურნებელი სნეულებითაა შეპყრობილი, მაგრამ წარმოება მისი უმცროსი ვაჟის ვერნერის ხელთ რომ გადმოინაცვლებს, ის უკვე საკმაოდ გარკვეულა საქმეში და ბიზნესს არას მოაკლებს.

თუმც… მეუღლე უჩიჩინებს, სთხოვს და აძალებს კიდეც, რომ დატოვონ აქაურობა და თავიანთ გზას ეწიონ, მამამთილმა და მულმა კი დაე თავიანთ თავს მიხედონ.

თითქოსდა ჩვეულებრივი ოჯახური ყოფაა, ცოტა კონფლიქტური, შეუთანხმებელი, მაგრამ მკითხველსა თუ მაყურებელს ცნობისწადილი რომ ჰკლავს, რატომ უნდა დატოვოს ცოლ-ქმარმა აწყობილი საქმე და გაერიდოს ოჯახს, სადაც ამდენი წელი შეთანხმებულად გაუტარებიათ, უეცრად უნდა აღმოჩნდეს, რომ:

უფროსი ვაჟი ოჯახისა, ფრანცი, ომგადატანილი, ცამეტი წელია თავის ოთახშია გამოკეტილი და იქ მხოლოდ მის დას, ლენის, შეუძლია შესვლა საჭმლის შესატანად და იქაურობის მისალაგებლად.

რა მოხდა ამისთანა და:

მამამ იგი დაღუპულად გამოაცხადა, რათა აერიდებინა გასამართლებისათვის, რაც უსათუოდ მოელოდა როგორც ოფიცერს და არაერთ ცოდვა-დანაშაულში გარეულს, თუმც ფრანცი ირწმუნება, რომ ყოველნაირად ცდილობდა ომის კანონები არ დარღვეულიყო და ეწინააღმდეგებოდა თუნდ ტყვეების წამებასა და დახოცვას; და რომ მისთვის ყოვლად მიუღებელი გახლდათ მასობრივი განადგურების ბანაკები.

მის კეთილშობილ ბუნებაზე მეტყველებს ისიც, ომში წასვლამდე ერთი პოლონელი რაბინის თავისთან შეფარებასა და გადარჩენას რომ მოინდომებდა, თუმც ის რაბინი მამას უნდა დაესმინა და ესესელთა ხელთ ჩაეგდო, ფრანცი კი სწორედ მამის გავლენას დაეფარა სასჯელისაგან რაბინის დამალვის მცდელობისათვის.

და აი ფრანცი – ცოცხალი მიცვალებული – ოთახში კი არ გამოკეტილა მხოლოდ, თითქოსდა (ან რაღა თითქოსდა!) სარკოფაგში, სამარეში იმყოფება, სასუფევლის ბინადარია, იმ განზომილებაში გადასულა, სადაც დრო აღარ გადის და მარადისობა დასადგურებულა, მარადისობა, რომლის წიაღშიც გმირმა დაუსრულებლად უნდა გაასამართლოს თავისი თავი, თავისი არსებობა გაუიგივოს კიბორჩხალებისას და სამსჯავროც კიბორჩხალებისა ერგუნოს.

და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი ამბობს სიმართლეს:

დამარცხებული ტიტანი, ჯარისკაცი და ერისკაცი.

მთელ სახლს კი – განდეგილის სავანის ფარული გავლენით – ისეთი იერი დასდებია, ყველაზე უკეთ ამ ატმოსფეროს იოჰანას სიტყვები რომ გვიხასიათებს:

სრული სიმართლისა და დახვეწილი სიცრუის ცივი შუქით განათებული.

ამგვარ ნაზავში გახვეული გარემო უბიძგებთ პერსონაჟებს უპატიებელი ცოდვის ჩასადენად.

იქ ინცესტი ფრანცსა და ლენის შორის.

იქ შეცოდება ფრანცისა და იოჰანასი – რძალი და მაზლი რომ ვერ აირიდებენ.

თავის მარტოობის ციხესიმაგრეში შეფარებული ფრანცის ერთფეროვან, მონოტონურ ყოფაში შეიჭრებიან თუ არა მამაც და რძალიც, ერთბაშად უნდა ჩამოერღვეს წლობით ნაგებ-ნასათუთევი ილუზიები და ვეღარ გაუძლოს მკაცრი რეალობის შემოხეთქებას; და კიდეც დაექანოს გარდუვალი აღსასრულისაკენ.

ერთადერთი, რასაც მოებღაუჭება, საათის გაჩერებაა – იქნებ ასე გადმოიტანოს განდეგილის სენაკში დასადგურებული მარადისობა ყოფით სინამდვილეშიც, მაგრამ ამაოა ეს მცდელობა, რადგანაც გაჩერებული საათი მაინც უნდა აწიკწიკდეს და დროის ულმობელობაც თავს დაატეხოს პერსონაჟს, გამოუბერტყოს ილუზიები და ჩასვას საბედისწეროდქცეულ ავტომობილში მამასთან ერთად.

შესაძლოა პიესის ეს პასაჟი გადაძახილი იყოს ჟან-პოლ სარტრის საყვარელ მწერალთან – უილიამ ფოლკნერთან, რომლის რომანშიც „ხმაური და მძვინვარება“ ქვენტინ კომპსონი დაუნდობლად ამსხვრევს საათს, რათა შეაჩეროს დროის მსახვრალი დინება, მაგრამ დროის ულმობლობამ კვლავინდებურად უნდა აწიკწიკოს საათი – ნამსხვრევებად მიმოფანტულიც.

ფრანცს არ შეუძლია უმზიროს თვისტომთა აგონიას, თუმც ეიმედება მკვდრეთით აღდგომისა, გერმანელთა მოდგმამ დიდი ფერისცვალება რომ უნდა განიცადოს და შორს მოიტოვოს კატასტროფაც და ტრაგედიაც და შეიგრძნოს სრულფასოვნად თავი საკაცობრიო ცხოვრების მდინარებაში.

და თუ ამისათვის აუცილებელია მსხვერპლი, ფრანცი მზად არის თავის გასაწირად.

უძღებ შვილს შესაფერისად ვერ დახვდა ამქვეყნიური მამა?

სამაგიეროდ საკადრისად დახვდება და შეივრდომებს ზეციური მამა და უკვე აღარ იქნება საჭირო იოჰანას განწირული კივილი:

– ააფეთქეთ ეს სახლი! ააფეთქეთ ეს პლანეტა!

განდეგილობაში გამოტარებულმა სინანულმა უნდა გაკვალოს გზა იმ ფერნაცვალი ცხოვრებისაკენ, საითაც ის განცდა უნდა შემოგეშველოს, ფსალმუნის სტრიქონადაც რომ ჩაწურულა:

– სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო!

ასე თუ დავაღწევდით თავს საუკუნის უგვანობას, მის საზარელ დაღდასმულობას.

ჟან-პოლ სარტრი გერმანელთა მიერ წამოწყებული ომის მიზეზების მხატვრული კვლევით რომ დაიწყებდა, ამ მიზეზთა საწყისის ამოცნობითა და გათვალსაჩინოებით, ამასობაში მთელი კაცობრიობის სატკივარსაც გადაწვდებოდა და გადმოფენდა და დიდი სულიერი ფერისცვალებისა და აღდგომისაკენ გვიბიძგებდა ადამიანის სულის ლაბირინთებისა და უფსკრულების დაურიდებელი გადმოფარჩავებით.

და ყოფითობის მიღმა კიდეც დაგვანახებდა და კიდეც განგვაცდევინებდა იმ მისტერიულ საზრისს, ურომლისოდაც ვერასოდეს ვიტვირთებდით მხრებზე ჩვენს საუკუნეს და ვეღარც ვზიდავდით დიდი გარდატეხის, ფერისცვალებისა და აღდგომის მოლოდინში.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…