ლევან ჭოტორლიშვილის სტატია

გვიანი საბჭოთა პერიოდის ურბანული სავოკი დენდიზმი

, , ,

ზოგადად ქართული კინოს, თეატრის, მხატვრობისა და ფეხბურთის ჩავარდნასაც კი ერთი საერთო მიზეზი აქვს. ქართული თეატრის, კინოს, ფეხბურთის 60-70-იანი წლების წარმატებების შემდეგ სამხატვრო აკადემია, თეატრალური ინსტიტუტი და თბილისის „დინამო“ პრესტიჟული გახდა. რაიკომის მდივანი, „ცეხავიკი“ და სახალხო არტისტი, როგორც წესი, ერთ სუფრასთან ისხდნენ. სახალხო არტისტი თამადაა, რასაკვირველია. ფულიანი მამები მეგობრობდნენ თეატრის რეჟისორებთან, ბობოლა მხატვრებთან და „დინამოს“ მწვრთნელებთან, „უმაზავდნენ“ კიდეც – „დინამოში“ ბიჭი მითამაშე“. ამით დათვურ სამსახურს უწევდნენ შვილებს. შედეგად ბევრი მოხვდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო.  ხელოვანის ცხოვრება ყოველთვის და ყველგან მძიმე იყო; მძიმე იყო 70-80-იანი წლების დასავლეთშიც – ღამე კაფეებში ჭურჭლის რეცხვა, მტვირთავად, ოფიციანტად, დამლაგებლად მუშაობა. მძიმე შრომით თავის რჩენა აუცილებელი ცხოვრებისეული გამოცდილებაა ხელოვანისთვის. ამის პარალელურად ჩვენთან მოვიდნენ ნომენკლატურული წრიდან გამოსული ახალგაზრდები, რომლებსაც ცხოვრებაში ყველაფერი გარანტირებული ჰქონდათ – საკუთარი ნიჭისა თუ უნიჭობის გარდა – ერთგვარი გვიანი საბჭოთა პერიოდის ურბანული დენდიზმი, ნომენკლატურული საბჭოთა „ოქროს თაობა“ აპათიური ტიპები, რომლებსაც, სხვებისგან განსხვავებით, არ უხდებოდათ არსებობისათვის ბრძოლა და შრომა.

დრომ ხელოვნების სფეროში შემთხვევით მოხვედრილები გაცხრილა და დღეს ამ თაობიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა პროფესიაში. მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის ესეც არ არის ცოტა.

70-იანი წლების ქართული ურბანული დენდიზმი სავოკია. გოიმები შრომობენ, ცხოვრებას ეპოტინებიან. 70-იანი წლების ქართული ურბანული დენდიზმი ამაყია საკუთარი აპათიურობით, რომელშიც ყალბი არისტოკრატიზმის ნიშნებიც ჩანს. სპეკულიანტებთან ნაყიდი „შმოტკებით“  „ბიტლზებს“ უსმენს და გოიმ საბჭოურს დასცინის; ამით ის უფრო სავოკი ხდება იმიტომ, რომ სავოკია მთლიანად ის მექანიზმი, რომლითაც მისი ყოფიერება ფუნქციონირებს.

მოგვიანებით, 80-იან წლებში, ურბანული დენდიზმის თაობა საკუთარ თავს სრულ უფუნქციობაში, შემოქმედებით ბანკროტობაში აღმოაჩენს. 80-იან წლებში ურბანული სავოკი, დენდების თაობა ნომენკლატურულ მშობლებზე შურს იძიებს, ოღონდ – ძალიან ინფანტილურად; შურს იძიებს იმით, რომ ნარკომანი თაობა გახდება. თვითგანადგურების გზით მიდის (აბულაძის ფილმში – პირდაპირი მნიშვნელობით). სპეკულიანტებთან ნაყიდ „შმოტკებში“ გამოპრანჭული გოგო-ბიჭები თვითმფრინავს იტაცებენ, თვითონაც არ იციან,  რატომ. არ იციან იმიტომ, რომ ნებისმიერი ცოდნა ასეთ მოქმედებას გამორიცხავს. დააკვირდით, როგორ იცვლება ქართული კინო: 60-70-იან წლებში ინტელექტუალი ავტორები იგავის ენით გვიყვებიან ეგზისტენციალურ თემებზე. 80-იანი წლებიდან იწყება ერთი მითის გაუთავებელი ექსპლუატაცია: ყველგან ანემიური და აპათიური ნარკომანები, სავოკი დენდიზმის თაობის თვითფიქსაცია – ოღონდ რეფლექსიის გარეშე. საფეხბურთო მინდორზეც  „ცეროზიანი“ ფეხბურთელები ძლივს დაღოღავენ. „დინამო“, ქართულ კულტურასავით, აუტსაიდერი ხდება. სავოკ დენდებს ენა არა აქვთ, იგავის ენა, სემანტიკურად და ინტელექტუალურად, მათთვის რთულია და მასზე უარს ამბობენ. სხვა ენა და დისკურსული პრაქტიკა კი მათ ვერ შეიმუშავეს. კადრებში ვხედავთ აპათიურ, ანემიურ გმირებს, რომლებიც ვერ არიან კარგად, მაგრამ რატომ, რის გამო, ამას ვერ გვეუბნებიან.

დუმილი უთქმელობის ენად და დაფარულის ესთეტიკად ვერ ყალიბდება. სათქმელის ვერ თქმა სტიგმა ხდება უკვე შემდგომი თაობებისთვის. ლაქების გაჩენიდან უკვე 30 წელი გავიდა. დღეს უკვე აშკარაა, ეს ხალხი იმიტომ კი არ არის ჩუმად, რომ ენა არა აქვთ, მათ სათქმელი არა აქვთ. მათ ნაცვლად უკვე  დრომ და უახლესმა ისტორიამ ილაპარაკა.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…