დავით ანდრიაძის ესე

ჭინჭრაქათა და დევთა ვნებანი…

, , ,

1980 წლის გაზაფხულზე რუსთაველის თეატრში გრანდიოზული იუბილე გადაუხადეს დიმიტრი ალექსიძეს.

„რანგთა ტაბელით“ გათვალისწინებული ჩინ-მედლებით მკერდდამშვენებული შეხვდა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და ლენინის ორდენოსანი რეჟისორი თავის იუბილეს.

იქნებ, ცოტა გულდაწყვეტილიც იყო, რომ მის მკერდს არ ამშვენებდა საბჭოთა იმპერიის სახელმწიფო პრემიის ოქროს მედალიც…

სამაგიეროდ, უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის რესპუბლიკური სახელმწიფო პრემიის მედლით იწონებდა თავს.

ან, სხვა გზა კი სად ჰქონდა?

ისევ მეგობარმა უკრაინამ უშველა მის პატივმოყვარეობას.

სხვათა შორის, ალექსიძის ბრენდული სპექტაკლის – „ოიდიპოს მეფის“ წარდგენას მართლა აპირებდნენ ლენინურ პრემიაზე…

გარიგება ვერ შედგა –

სამი ოიდიპოსი ჰყავდა სპექტაკლს – ხორავა, ზაქარიაძე და მანჯგალაძე. ვერ გაიყოფდნენ „ლენინს“, რაღა თქმა უნდა…

მოკლედ, მთელი ქართული არტისტული ბომონდი შეიკრიბა მაშინ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის პატივსაცემად.

მოხსენება ვინ წაიკითხა, აღარ მახსოვს.

სამაგიეროდ, მახსოვს, ალექსიძის ქება-დიდებაში ერთმანეთს როგორ ეცილებოდნენ მსახიობები, მწერლები, მომღერლები, მაშინდელი ნომენკლატურული „საზოგადო მოღვაწეები“.

გულბოროტი კაცი არ იყო ალექსიძე. იქნებ, გულწრფელადაც უყვარდათ ვიღაც-ვიღაცებს.

თუმცა, იმ დღეს ვერც თავად გრძნობდა, ან კი როგორ უნდა ეგრძნო, რომ ოთხ წელიწადში მისი საყვარელი „ოპერიდან“ გამოასვენებდნენ, რადგან კიდევ უფრო საყვარელი რუსთაველის თეატრი სარემონტოდ იყო ჩარაზული…

 უკანასკნელ გზაზე იმ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილს გააცილებდნენ, ცეკას ატელიეში რომ შეიკერა და სიცოცხლეში ვერ მოასწრო ტანზე მორგება.

არადა, როგორ ელოდებოდა, თურმე, ამ შარვალ-კოსტიუმის ჩაცმას.

მაგრამ გაუმართლა მაინც  – იმქვეყნიური ცხოვრება იმ კობალტისფერ შარვალ-კოსტიუმშია გამოწყობილი.

მთელი ეს ამბავი როსტომ ჩხეიძის წიგნმა – „შექსპირული სიზმარი და კულისების ლაბირინთები“ – გამახსენა.

დოდო ალექსიძის ლანდი „დაჰყვება“ მთელ „სიუჟეტს“.

ესაა რუსთაველის თეატრის ბიოგრაფიული ნატეხები, მთელს რომ კრავს და ანაწევრებს კიდეც.

სულ სამი დღე – 1964 წლის სამდღიანი პლენუმია წიგნის „მთავარი მოქმედი გმირი“, ანდა, მოდური ტერმინით რომ ვთქვათ, „ნარატივი“ – მთელი თავისი სიმძაფრით, პერიპეტიებით, ინტრიგებით, ცრემლებით, ტირადებით, ღალატით…

მოკლედ, ეს არის თეატრის ნამდვილი სახე – დოდო ალექსიძიდან ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა რობერტ სტურუამდე.

არადა, რობერტ სტურუას ამ დროს მხოლოდ ერთი სპექტაკლი – „ვახშმობის წინ“ აქვს დადგმული და არავინ იცის იმ პლენუმზე, მთელი ვახშმობა რომ წინა აქვს დარჩენილი. ამიტომაც ზის ისე მორიდებულად და ჩუმად დამწყები რეჟისორი.

მაგრამ ვის არ „გააფუჭებდა“ ასეთი პლენუმები?

ვის არ ასწავლიდა ღალატს?

ვის არ ასწავლიდა თავდაცვისათვის თავდასხმას?

პლენუმს უძღვება აწოწილი, ხმელი კაცი, რომელმაც თავის დროზე მარჯანიშვილიც „მოინელა“ და განა მარტო თეატრიდან მოინელა…

იქნებ, იმ დღეებშიც აგონდებოდა, „დღეები ახლო წარსულისა“…

და ისიც იცოდა, ალბათ, პლენუმის თავში მისი „ჯდომა“ უკვე საბოლოო განაჩენს რომ ნიშნავდა ბევრისთვის.

ერთ-ერთი მთავარი „ბრალდებული“ – დოდო ალექსიძე ამ „სპექტაკლს“ არ ესწრება – მოსკოვში დგამს „მე, ბებია, ილიკოსა და ილარიონს“.  არადა, დუმბაძის გმირები როგორი უღალატოები არიან…

იქნებ, შეგნებულადაც არ ესწრება პლენუმს ალექსიძე. დუმბაძეს „ამოეფარა“ თუ „ამოაფარეს“?

საქმე კარგად ნამდვილად არ ჰქონდა.

იგრძნობოდა, რომ რუსთაველის თეატრის გმირულ-რომანტიკული ციტადელი უკვე საბოლოოდ მორყეულიყო –

ხორავას ფარულად დასცინოდნენ.

„პრემიერ“ მსახიობებს ერთმანეთი სძულდათ.

თუმანიშვილის სპექტაკლებიც ზედიზედ „ჩავარდა“.

თავად ალექსიძეც ციტადელივით ჩამოიშალა.

ძალაუფლება რიგითმა მენეჯერმა – ცოტა ირონიული სახელისა და გვარის კაცმა – გეპეის ჯაზ-ორკესტრის დამაარსებელმა – დორიან კიტიამ აიღო ხელში;

ჯაზ-ორკესტრად მთლად ვერ აქცია რუსთაველის თეატრიც, მაგრამ მცდელობები ნამდვილად ჰქონდა…

ან კი რა იცოდა თეატრი კიტიამ?

თუმანიშვილის უნდილი ორგანიზატორული ხელიც გამოიყენა… 

არადა, ვერც მიხვდა რეჟისორი, რა შარში გაყო სრულიად უდანაშაულომ თავი…

კიტიას შესწირეს თუმანიშვილიც და 64 წლის პლენუმზე განკითხვის ჟამი მოუწყვეს…

არადა, პლენუმზე დორიანი არსად ჩანს.

იქნებ, კულისებში იმალება კიდეც?

იქნებ, ისიც იგრძნო, დორეან გრეის ლანდი რომ აეტორღიალა…

განკითხვის პლენუმს სარჩელად  ორი კრიტიკული წერილი დაედო – ერთი – ეთერ გუგუშვილისა და მეორე – ვახტანგ ქართველიშვილისა…

გუგუშვილს ბესო ჟღენტი უმაგრებს ზურგს – ოჯახური შეთქმულებაა…

მეორე მხარეს ქართველიშვილია – პლენუმზე არ ჩანს…

იქნებ, განიცდის კიდეც ოთარ ეგაძის დაკვეთით დაწერილი მისი წერილი რომ სარჩელად იქცა ვიღაცისთვის, თორემ იქვე ცხოვრობს – ორ ნაბიჯზე და გადარბენაც შეუძლია სულხან-საბას ქუჩიდან გრიბოედოვის თეატრამდე.

დაიმალა.

იყო ასეთი დროც – ჰქონდა ასეთი ძალაც კრიტიკას…

მაგრამ კრიტიკოსებსაც უწევდათ „მათრახის გადაკვრა“ საკუთარ თავზე და თვითგვემა…

ქართველიშვილს, თურმე, ვარცხნილობის გამო მე-2 ვაჟთა სკოლაში გიტლერას ეძახდნენ…

არ იყო ამ დროს გიტლერა და ხანდახან მაინც აიძულებდნენ (თუმცა, პრეზიდიუმში კი იჯდა იდეოლოგიის ერთი რუხი კარდინალი – ილია ყაისაროვიჩ თავაძე. მასზე შეიძლებოდა ნამდვილად გვეთქვა გიტლერაცა და გებელსაც… კარგა ხანს იჯდა ჩუმად და სხვების ხმაურს აკვირდებოდა…)…

უჭირდათ კრიტიკოსებსაც იმ ეპოქაში. დაწერდი, „ვაი“ იყო, არ დაწერდი – „უი“.

ამ ვაი-უის შეეწირა ქართველიშვილიც. ამიტომ დაიმალა. გაექცა ორომტრიალს.

ჰოდა, სწორედ ამ „ორომტრიალს სასახლეში“ გვიყვება როსტომ ჩხეიძე –

ცხელი ზაფხულის სამ დღეს – 15, 16, 17 ივნისს დატრიალებულ ამბებს მიჰყვება სტენოგრაფიული ჩანაწერებით.

გვიყვება.

გვიხატავს.

ნანობს.

დარდობს.

ერთ მხარეზეც სევდა ეძალება, მეორე მხარისაც ხან ესმის, ხან – არა…

სტენოგრაფია ნამდვილ ლიტერატურულ ფურცლებად იქცევა და ისეთი სიმძაფრე მოაქვს მწერალს, თუმანიშვილის დაბნეულსა და განწირულ თვალებსაც კი  ნათლად ხედავ…

კი უთხრა, თურმე, იმ პლენუმზე გიგა ლორთქიფანიძემ – „რა თვითმკვლელივით ზიხარო“. სულო ცოდვილო, ფაქტობრივად, მიანიშნა, მოიკალი თავიო, მაგრამ თუმანიშვილი, საბედნიეროდ, არ დაჰყვა თეატრალთა ფარულ ვნებებს.

ვნებამდე კი როსტომ ჩხეიძეს ფეხდაფეხ მივყავართ –

დღე პირველი.

დღე მეორე.

დღე მესამე.

და ამ დღეებში გაბნეულია მთელი საბჭოური სიცივე. სისასტიკე. დაუნდობლობა. შიში – მაგრამ ვერ გაიგებ, ვის ვისი ეშინია.

თუმცა, საკუთარი ჩრდილებისაც ეშინოდათ, ალბათ.

მით უფრო, რომ ახლოვდებოდა ბევრად უფრო დიდი „პლენუმი-შეთქმულება“ – 1964 წლის 14 ოქტომბერს ხრუშჩოვსაც აუხდა შექსპირული სიზმარი და გადადგა.

ეს სულ სხვა მასშტაბის „სიზმარი“ იყო…

მესამე დღეს შემდგომი დღეები მოჰყვა, ცხადია.

თუმანიშვილის დადგმული „ზაფხულის ღამის სიზმარი“ ცუდად აუხდა თუმანიშვილსაც და გადაიყოლა ალექსიძეც. თუმცა, განა მარტო ალექსიძე?

ეს იგრძნობა წიგნშიც – კულისების ლაბირინთებში იმ ეპოქაში მელოდრამის დრო არ იყო…

სცენის მიღმაც, ლამისაა, შექსპირული ტრაგედიები თამაშდებოდა…

„ჭინჭრაქა“ ყოველთვის ვერ დაიხსნის დევებისგან ხალხს…

ჭინჭრაქა ყოველთვის ვერ დაამარცხებს დევს…

იქნებ, ეს არის როსტომ ჩხეიძის მთავარი სათქმელიც…

იქნებ, ეს იგრძნო თვითმკვლელივით მომზირალმა თუმანიშვილმაც ზაფხულის იმ ცხელ სამ დღეს…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…