ახლახანს თბილისში ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორმა – პავლო ბოსმა მასტერკლასი ჩაატარა სასცენო განათების დიზაინზე. პროექტი თბილისის საერთაშორისო სცენოგრაფიის ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამის – „მასტერლაბის“ ნაწილს წარმოადგენდა. ჩვენი ინტერვიუ პავლო ბოსთან ამ დღეების გამოძახილია სწორედ.
– შესაძლებელია თუ არა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის ბაზაზე თეატრალური განათების დიზაინერებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, კვალიფიციური თანამედროვე სპეციალისტების მომზადება?
– უნივერსიტეტის დღეს არსებულ ბაზაზე მხოლოდ განათების თეორიის საფუძვლების სწავლება შეიძლება.
სრულფასოვანი სწავლება ამ ეტაპზე რთულია: საჭიროა განათების აღჭურვილობის შევსება უფრო თანამედროვე და მრავალფეროვანი ტიპოლოგიის განათების მოწყობილობებით, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ; უმნიშვნელოვანესია აპარატურის განთავსებაც სპეციალური სქემის მიხედვითაც.
– რა აზრი დაგრჩათ ქართველ სტუდენტებზე?
– არაჩვეულებრივი! სტუდენტები არა მხოლოდ ზრდილობიანად მისმენდნენ (ხდება ხოლმე, რომ ისმენენ, მაგრამ არ აქვთ კრეატიული იმპულსები), არამედ აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრაქტიკულ ნაწილში. ჩანს, რომ ისინი აზროვნებენ.
– როგორ აღწევთ ასეთ მხატვრულ დონესა და გამომსახველობას ფოტოებზე?
– ეს არის იმ სპექტაკლების, ქორეოგრაფიის, მსახიობთა პლასტიკის, სცენოგრაფიისა და განათების დიზაინის რეალური მხატვრული სახე, რომელიც კანადური თეატრის მხატვრული დონის მაჩვენებელია. რეალურ, ცოცხალ პროცესს ვიღებ. ბედნიერებაა, თუ მოვახერხე და დავიჭირე ეფექტური კადრი; უმეტესწილად ყველაფერი რეჟისორის, სცენოგრაფის, ქორეოგრაფის, განათების დიზაინერს დამსახურებაა. თეატრალური ფოტოს წარმატება დიდძალ შრომას ითხოვს.
სცენაზე ფოტოგრაფია ასახავს მსახიობებისა და მოცეკვავეების, რეჟისორების, მხატვრების, ქორეოგრაფების ხელოვნებას. რა თქმა უნდა, ფოტოგრაფს სჭირდება მოთმინებაცა და იღბალიც! ზოგჯერ ყველაზე წარმატებული მაშინ ფოტო იქმნება, როდესაც არ ელი. შრომატევადი სამუშაოა: შესაძლოა, 1-2 კარგი ფოტოსთვის 1000-2000 კადრი იყოს საჭირო!
– რამდენად იზიარებთ პამელა ჰოვარდის კონცეფციას სცენოგრაფიაზე, როგორც რეჟისურის ვიზუალური ნაწილზე?
– სავსებით ვეთანხმები. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი ექსპერიმენტი იყო სცენოგრაფიაში. ინგლისელმა თეატრის რეფორმატორმა გორდონ კრეგმა „სუპერ-მარიონეტი მსახიობის“ თეორია ჩამოაყალიბა. რა თქმა უნდა, ტერმინი მსახიობებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელად ჟღერდა და ჟღერს, თუმცა თავად მარიონეტი მშვენიერი თოჯინაა. მე არ ვფიქრობ, რომ კრეგმა მსახიობი თოჯინად მიიჩნია (კრეგის დედა ცნობილი მსახიობი ელენ ტერი იყო და იგი მას თოჯინად ნამდვილად არ თვლიდა!). ვფიქრობ, მას სურდა, ხაზი გაესვა წარმოდგენის ყველა ელემენტის მნიშვნელობაზე; გარდა ამისა, კრეგი ყურადღებას ამახვილებდა რეჟისორის ერთიანი ჩანაფიქრზე, კონცეფციაზე, რომელშიც თანაბრად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც მსახიობები, ასევე აუდიოვიზუალური ელემენტები.
მაშ, რა შეიცვალა გორდონ კრეგის დროიდან დღემდე? გავიაზრეთ, რომ თეატრი არ არის მხოლოდ რეჟისორის – ნიჭიერი დიქტატორის ხელოვნება და პირველ რიგში ურთიერთთანამშრომლობის ხელოვნებაა. ასე მივედით დიქტატორის ხელოვნებიდან დემოკრატის ხელოვნებამდე!