გუბაზ მეგრელიძის ინტერვიუ

მონოლოგი დიალოგიდან

, , ,

ანუ უცნობი გიზო ჟორდანია

გიზო ჟორდანიას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. მისმა მეუღლემ – ცნობილმა ისტორიკოსმა – ქალბატონმა ნათელა ვაჩნაძემ გაიხსენა ბატონი გიზოს  ცხოვრების ის კულუარული ეპიზოდებიც, რომლებიც ფართო მკითხველისთვის უცნობია.

დასაწყისი

ყველაფერი დაიწყო თბილისის ძველ უბანში – ავლაბარში, სადაც გიზო ცხოვრობდა ბავშვობაში; კულტურულ ოჯახში იზრდებოდა; მამა – ბატონი ვუკოლი – სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელიც იყო – გრიგოლ მუხაძესთან ერთად. თუმცა, მისი სახელი საბჭოთა მედიცინის ისტორიაში მივიწყებულია; მიზეზიც გასაგებია – გიზოს პაპა და ნოე ჟორდანია ბიძაშვილები იყვნენ – ერთი ღობე ყოფდა მათ სახლებს ლანჩხუთში.

ვუკოლს, როგორც ნებისმიერ კულტურულ ადამიანს საქართველოსა და თბილისში, თეატრი განსაკუთრებით უყვარდა. მან წაიყვანა პირველად გიზოც თეატრში – იქვე, თავის უბანში – სომხური დრამის თეატრში, სადაც მარჯანიშვილის თეატრი უჩვენებდა, თურმე, იმ დღეს სპექტაკლს. გიზო სრულიად გაოგნებული დაბრუნებულა შინ. მამას თავისი დისშვილისთვის – გოგი გელოვანისთვის (შემდგომში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი) უთქვამს ჩუმად – „ეგ თეატრით მოიწამლაო“. არადა, ბატონ ვუკოლს, როგორც ექიმთა უმრავლესობას, ძალიან უნდოდა, მისი ვაჟიც ექიმი გამოსულიყო. არ გამოუვიდა…

სტუდენტობა

სკოლის დასრულების შემდეგ გიზომ საბუთები, ცხადია, თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა. სარეჟისორო ფაკულტეტზე 5 აბიტურიენტს იღებდნენ. ჩარიცხვების შედეგები რომ გამოაკრეს, რუსთაველზე შემთხვევით  ნიაზ დიასამიძეს გამოუვლია; შეჩერებულა და, მას რომ სჩვეოდა, ისე შესძახა, თურმე: ,,ვაა, ლოდკაა?!“

ამ სიაში გიზო არ იყო. ინსტიტუტში შესულა საქმის გასარკვევად. დერეფანში  მაშინდელი რექტორი – ბატონი მიხეილ კვესელავა შეხვედრია. უკითხავს, „რამ შეგაშფოთათ, ყმაწვილოო?“ გიზომ აუხსნა, სმენასა და რიტმში რომ ჰქონდა დაბალი ქულა; ისიც უთქვამს, თბილისის სახელგანთქმული მუსიკალური სასწავლებელი რომ ჰქონდა დასრულებული, ენგელსის ქუჩაზე. გიზო მოსწავლეთა ორკესტრშიც უკრავდა. ბატონ მიხეილს უკითხავს: „ინსტრუმენტი თუ გაქვს სახლში და სად ცხოვრობო?“ ,,ავლაბარში, ვარდების მოედანზეო,-“ უპასუხია გიზოს. ბატონ მიხეილს ჯიბიდან  ფული ამოუღია, მიუცია და უთქვამს: „წადი სახლში ტაქსით და ვიოლონჩელო მოიტანეო.“  მანამდე განკარგულებაც გაუცია, გიზოსთვის მოესმინათ. მოუსმინეს და ჩაირიცხა კიდეც…

მისი მასწავლებლები იყვნენ: ვასილ ყუშიტაშვილი, ლილი იოსელიანი… კურსელები კი – ლევან მირცხულავა, შალვა გაწერელია, ნუგზარ გაჩავა…

პირველი ნაბიჯები

1957 წელს ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრში გიზომ ბატონ აკაკი ვასაძის ხელმძღვანელობით დადგა სადიპლომო სპექტაკლი –  ი. კალმანის „ცირკის პრინცესა“, რომელმაც სახელმწიფო კომისიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

გიზომ საორკესტრო ორმოდან მუსიკოსები სცენაზე აიყვანა, რამაც, როგორც ხდება ნებისმიერი სიახლისას, უმართებულო კრიტიკა დაიმსახურა. ვერც თეატრმა დაიცვა სიახლე და გიზოსაც ამის შემდეგ იქ სპექტაკლი აღარასდროს დაუდგამს; თუმცა თეატრის მხრიდან მცდელობა არაერთგზის იყო…

სადღაც 10 წლის შემდეგ ტელევიზიით უჩვენებიათ უცხოეთის ერთ-ერთი სპექტაკლი, სადაც ორკესტრი სცენაზე იყო და ეს ფაქტი დიდ მიღწევად შეფასდა. გიზომ გადაცემა თავისი თვალით ნახა და გული დაწყდა, ცხადია…

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გიზო რუსთაველის თეატრში მიიღეს. ერთ დღეს რუსთაველზე შეხვედრია თეატრმცოდნე თენგიზ ჯანელიძე (რომელიც კულტურის სამინისტროში მუშაობდა) და უკითხავს: „არ გინდა, დამოუკიდებლად იმუშაო? მოიფიქრე და დამირეკე.“ ამ პერიოდში ბატონი არჩილ ჩხარტიშვილი დაბრუნდა ბათუმიდან ისევ თბილისში; ბათუმის თეატრში კი მთავარი რეჟისორის ადგილი გათავისუფლდა.

გიზო გაემგზავრა. პირველი დარტყმა  მაშინ მიიღო, როდესაც პოლიკარპე კაკაბაძის ,,ყვარყვარე თუთაბერი“ დადგა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ პოლიტიკური აქცენტების გამო სპექტაკლი შეაჩერა. მხოლოდ დრამატურგ ვალიკო კანდელაკის რეცენზიამ იხსნა სპექტაკლი…

ერთ მშვენიერ დღეს ტელეფონის ზარის ხმა გაისმა თეატრში; ბატონი მიხეილ თუმანიშვილი რეკავდა – სამხატვრო საბჭოს სახელით  რუსთაველის თეატრში დაბრუნება შესთავაზა გიზოს. ისიც დასთანხმდა.

პირველი სპექტაკლი თამაზ ჭილაძის „აკვარიუმი“ იყო; აქედან დაიწყო ჭილაძის დრამატურგიული ცხოვრებაც. სერგო ზაქარიაძე ყველანაირად უწყობდა ხელს სპექტაკლის დადგმას.

შემდეგ დაიდგა ნ. აზიანის „დეზერტირკა“; 9 გასინჯვა ჰქონდათ; მოსახსნელად გამზადებული სპექტაკლი ერთი პირობით „დაინდვეს“ – თუ გადაერქმეოდა სახელი, ჩაენაცვლებოდა „უკანასკნელი მასკარადით“ და მთლიანად მოიხსნებოდა მესამე აქტი. ხელისუფლების ნება თეატრს ტელეფონით ამცნო ცკ-ის მდივანმა – დევი სტურუამ.

გიზომ მესამე მოქმედება მოხსნა; ფინალი მეორე მოქმედების ბოლოს გადმოიტანა და ამით დაასრულა სპექტაკლი. წარმოდგენის უკანასკნელ წამს მოკარნახის ადგილიდან გაისმოდა შეძახილი: „მოვიდნენ“; ზემოდან ეშვებოდა უზარმაზარი წითელი ნაჭერი და მთელ სცენას ეფინებოდა; ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისის ერთგვარი სიმბოლო, რომლის ქვეშაც მოქმედი პირები იჭყლიტებოდნენ. 

გავიდა ხანი… თეატრში  კ. გამსახურდიას ნოველის – „ხოგაის მინდიას“ დადგმის საკითხი დაისვა.  დირექტორმა დორიან კიტიამ ინსცენირებისთვის გიზოს შესთავაზა არც თუ ახალგაზრდა ფილოლოგი, რეპრესიების მსხვერპლი და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი  მირიან აბულაძე. აქედან დაიწყო ჩვენი ოჯახების დიდი მეგობრობა. თეატრმა სპექტაკლისთვის მოიწვია  ოთარ თაქთაქიშვილი; გიზოსა და მისი ურთიერთობაც სულ მალე შემოქმედებით თანამშრომლობიდან დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.

ოპერა

არ ვიცი, ვისი აზრი იყო, შესაძლოა, თავად ბატონი   ოთარის, რომ გიზოს დაედგა მისი ოპერა – „სამი ნოველა“. მესამე ნოველა ავტორმა მოხსნა და მოგვიანებით მუსკომედიის თეატრმა დადგა.

ამასობაში მსოფლიოში შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია და შესაძლებელი გახდა მოსკოვის კ. სტანისლავსკისა და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში სამუშაოდ მიეწვიათ მსოფლიოს მუსიკალური თეატრის სახელგანთქმული რეჟისორი და რეფორმატორი – ვალტერ ფელზენშთაინი. ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენი“ უნდა დადგმულიყო; თეატრის მთავარ რეჟისორთან – ლევ მიხაილოვთან შეთანხმებით, გიზო გაიგზავნა სტაჟირებაზე.  მაესტრომ მრავალ სტაჟიორთაგან მხოლოდ გიზო მიავლინა თავის თეატრში – „კომიშე ოპერაში“, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში მდებარეობდა; თავად მაესტრო კი დასავლეთ ბერლინში ცხოვრობდა.

ამას ბედი არ ერქვა; ბედზე მეტი იყო… იმ წელს მაესტროს 35 სტაჟიორთაგან გიზო გახდა მისი ასისტენტ-თანაშემწე. ასე დაიწერა მისი გვარიც სპექტაკლის აფიშაზე – „მერძევე ტევიე“.

ამ დიდი სკოლის გავლის შემდეგ გიზო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა.

მნიშვნელოვან საქმეს, როგორც ყოველთვის, მითქმა-მოთქმა მოჰყვება ხოლმე. ისიც კი მსმენია, რომ გიზო ჟორდანიას, თურმე, მუსიკალური განათლება არ ჰქონდა…

გიზოს მთავარი რეჟისორობის წლებში დაიდგა (რასაკვირველია, მთავარ დირიჟორთან თანამშრომლობით) თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ოპერები: სულხან ცინცაძის „განდეგილი“ და ნოდარ მამისაშვილის „ბაქია ბაჭია“.

მისი დიდი სურვილი იყო, ქართველ კომპოზიტორებს გახსნოდათ გზა ჩვენი საოპერო თეატრის სცენაზე. მცდელობაც ჰქონდა, საოპერო კლასიკა ქართულ ენაზე აჟღერებულიყო… ბატონ დავით გაჩეჩილაძეს ხვდებოდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამაოდ.

გიზოს ხვდა წილად, განეხორციელებინა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განძი – ზ. ფალიაშვილის  „აბესალომ და ეთერი“ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა თეატრში  ხუთჯერ დადგა (არც ერთხელ უთქვამთ ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებსაც კი, რომ ერთი სპექტაკლი მეორეს იმეორებდა).

„აბესალომ და ეთერი“ გაისმა დიდი ხანძრის შემდეგ აღდგენილ თეატრშიც და  ბრწყინვალედ რესტავრირებული შენობის გახსნისასაც. ამ ბოლო სპექტაკლით, როგორც ბოლო აკორდით მუსიკაში, დამთავრდა გიზოს ურთიერთობა როგორც თეატრთან, ასევე სიცოცხლესთან… იმდენად დიდი იყო საზოგადოების მხრიდან სპექტაკლისა და შენობის ნახვის ინტერესი, რომ გიზომ წამოაყენა წინადადება, პრემიერის წინ ორ სპექტაკლზე გახსნილიყო ეზოდან შესასვლელი კარი  და ხალხს უფასოდ მისცემოდა სპექტაკლის ნახვის საშუალება.

სპექტაკლში მთავარი პარტიების შემსრულებლებად გიზომ მოიწვია აბესალომის პარტიაზე კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი – ალეკო ხომერიკი, ეთერის პარტიისთვის – მესამე კურსის სტუდენტი მაია თომაძე, რომლებიც მოამზადა ბრწყინვალე კონცერტმაისტერმა, ქალბატონმა ტატიანა დუნენკომ. მურმანის პარტიას ასრულებდა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე თეატრის სოლისტი ჯემალ მდივანი; თუმცა შემდგომ 17 სპექტაკლში მაყურებელმა იხილა ახალგაზრდა, მაგრამ არაერთი პარტიის შემსრულებელი – ელდარ გეწაძე.  სპექტაკლის მხატვარი გახლდათ ბატონი მამია მალაზონია.

წარმოდგენა, გერმანელი ოსტატების წყალობითა და ახალი ტექნოლოგიებით, ნოვატორული იყო; ამ სპექტაკლამდე ჩვენი საოპერო თეატრის სცენა დაარსებიდან უძრავი იყო; შესაბამისად, მოქმედებებს შორის შესვენება ხანგრძლივი იყო; უზარმაზარი დრო და ენერგია სჭირდებოდა დეკორაციების შეცვლას; მათი დაჭედების ხმა დარბაზშიც კი ისმოდა. სწორედ სპექტაკლზე – „აბესალომ და ეთერი“ ნახა ქართველმა მაყურებელმა პირველად მბრუნავი სცენა. განსაკუთრებით მეორე აქტმა შეაშფოთა ზოგი მუსიკათმცოდნე; მათთვის სიახლე მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა, შესაბამისი პასუხიც მიიღეს. ერთი სტატიის ორი პროფესიონალი ავტორი ზაარბრიუკენის ჟორდანიასეულ დადგმასაც გადასწვდა; არადა, არც ერთი არ ყოფილა სპექტაკლზე გერმანიაში…     

გიზოს დიდ ძალად ედგა გვერდით ოთარ თაქთაქიშვილი – საქართველოს იმჟამინდელი კულტურის მინისტრი, რომელიც ნებისმიერი რთული და დიდი საკითხის მოგვარებას ახერხებდა სსრკ კულტურის მინისტრის შუამდგომლობით; თუმცა მინდა, ჩვენი ერის კულტურის ისტორიამ არ დაივიწყოს ეთნიკურად ებრაელი ერთი ქალბატონი – მიხაილოვაც, რომელსაც კრემლში დიდი თანამდებობა ეჭირა და მუდამ გვერდით გვედგა. სხვათა შორის, ის ერთადერთი ებრაელი იყო კრემლის კარზე, რაც თავისი უდიდესი პროფესიონალიზმით მოახერხა.

ბრეჟნევის პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა საბჭოთა კავშირშიც და – მსოფლიოშიც; განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები შედგა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს – ლეონიდ ბრეჟნევსა და გერმანიის კანცლერს – ვილი ბრანტს შორის. ეს უდიდესი ამბავი იყო.  პროცესში გადამწყვეტი როლი, რა თქმა უნდა, დიდმა პოლიტიკამ ითამაშა, მაგრამ გასათვალისწინებელია ვილი ბრანტის უდიდესი მეგობრობა ცნობილ გერმანელ რეჟისორსა და მსახიობთან – ჰერმან ვედეკინდთან.

გერმანიის კანცლერმა საბჭოთა კავშირში, კერძოდ, მის მეტროპოლიაში, გამოაგზავნა ზაარის მიწის ქალაქის – ზაარბრიუკენის თეატრის ინტენდანტი, რეჟისორი და მსახიობი ჰერმან ვედეკინდი. იგი საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროში გამოცხადდა. საკითხის განხილვა ევალებოდა ოთარ თაქთაქიშვილის დიდ მეგობარს, მინისტრის პირველ მოადგილეს – ვასილი კუხარსკის. მის კაბინეტში გადაწყდა, რომელ თეატრში უნდა წასულიყო გერმანელი რეჟისორი; მან არჩევანი დაუფიქრებლად გააკეთა თბილისის საოპერო თეატრზე.

ზაფხული იდგა; თეატრი დაკეტილი, ხალხი – შვებულებაში. სულ რამდენიმე კაცი იყო თეატრში, მათ შორის – ვახტანგ ფალიაშვილი. ჰერმანთან შეხვედრა თეატრში შედგა და გადაწყდა, რომ ზაარბრიუკენის თეატრში დაიდგმებოდა ზ. ფალიაშვილის „დაისი“. ეს გადაწყვეტილება ჰერმანმა მიიღო ოპერის ჩანაწერის მოსმენის შემდეგ. ბატონმა ვახტანგმა „დაისის“ პარტიტურა აჩუქა. გიზომ ჰერმანი წაიყვანა ბორჯომში, სადაც ისვენებდა არაჩვეულებრივი, საქვეყნოდ ცნობილი გერმანისტი – ნელი ამაშუკელი. ჰერმანს  იგი ძალიან მოეწონა და დაიწყო მათი დიდი მეგობრობა. ზაარბრიუკენის თეატრის კოლექტივი ძალიან დიდი იყო, ერთი თარჯიმანი ვერ გასწვდებოდა; ამიტომ გიზომ სთხოვა ნელი ამაშუკელს, რეკომენდაცია გაეწია ორი საუკეთესო კურსდამთავრებულისთვის. ესენი იყვნენ სრულიად ახალგაზრდა გერმანისტები – ია ხვადაგიანი და ხათუნა ცინცაძე. მათთან ერთად ერთხელ  ნატა ჯანელიძეც იყო.

„დაისმა“ უდიდესი წარმატებით ჩაიარა. სპექტაკლის პრემიერა დაგეგმილი იყო 14 დეკემბერს, მაგრამ გიზომ სთხოვა ჰერმანს, იანვარში გავუშვათო; პრემიერა დაამთხვია ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის დღეს – 1973 წლის 14 იანვარს; დარბაზში დიდხანს ისმოდა არა მარტო ტაში, არამედ ფეხების ისეთი ძლიერი ბრაგუნი, რომ შეშინებულმა გამნათებელმა გიზოს ჩასჩურჩულა: ასეთი ამბავი ამ თეატრში მხოლოდ ერთხელ მოხდა – ადოლფ ჰიტლერის სიტყვით გამოსვლისას მისი პარტიის პირველ ყრილობაზეო.

შეუძლებელია, არ აღვნიშნო ცეკვა ქართული, რომელშიც მამაკაცის პარტიას ასრულებდა უდიდესი ქართველი მოცეკვავე ვახტანგ გუნაშვილი, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ერთი პიკანტური ამბავიც უნდა გავიხსენო – გიზო პირველი რეისით, უთენია მიფრინავდა მოსკოვში.  სპექტაკლისთვის საჭირო უამრავი ბარგი მიჰქონდა; განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდებოდა ვახტანგ გუნაშვილის ინსტრუმენტს – დოლს. ამასობაში  პარტიტურა დარჩა… შემთხვევით  მოვკარი ყური, რომ ფილარმონიის იმჟამინდელი დირექტორი, ბატონი გუგული ყიფიანი მიფრინავდა მოსკოვში. გავემართე აეროდრომისკენ; ზღვა ხალხი დამხვდა; მგზავრები უმეტესად სავაჭროდ მიდიოდნენ, რადგან თბილისში არაფერი იშოვებოდა. რის ოპერა, რა პარტიტურა?! ვტირი, მაგრამ არავითარ თანაგრძნობას არ იჩენს არავინ. ერთმა ქალმა მომაძახა: „ეგება ბომბიაო“. ამ დროს გამოჩნდა მაღალი, სიმპათიური მამაკაცი, რომელსაც პორტფელი ეჭირა; ყური მოუკრავს ჩემი თხოვნისთვის. უცნობი აღმოჩნდა შესანიშნავი ქირურგი, გვარად კალანდაძე. მან მშვიდად აიღო პარტიტურა და მითხრა: „ჩათვალეთ, რომ ნივთი მიუვა ბატონ ყიფიანს“. იმ წუთს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სამყარო არ არის დაცლილი კეთილი ადამიანებისგან…

პედაგოგი

გიზომ ძალიან ახალგაზრდამ გაითქვა სახელი, როგორც პედაგოგმა. რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თავის სტუდენტებთან ერთად ჩამოაყალიბა ახალგაზრდული თეატრი.

გიზოს ხელში გაიარა უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა არაერთმა ჯგუფმა.

ერთ-ერთი გამოშვების სპექტაკლის – რეზო გაბრიაძის „სამოთხის ჩიტის“ დიდი წარმატების შემდეგაც ჰქონდა გიზოს ახალგაზრდული თეატრის შექმნის მცდელობა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოუვიდა; ჯგუფი კი დაშალეს; სხვადასხვა თეატრში გადაანაწილეს.

1983 წელს ეს პიესა გიზომ მარჯანიშვილის თეატრში განახორციელა.

გვერდს ვერ ავუვლი მარჯანიშვილის თეატრის ე.წ. „სხვენზე“ გიზოს მიერ დადგმულ სტუდენტთა სადიპლომო სპექტაკლს – ფ. სოლოგუბის ვოდევილს „ნაზი გულის ბრალია“ (რომელიც სათაურით – „სასიყვარულო პერიპეტიები კაფეში“ გადიოდა). მთავარ კომედიურ როლში ბრწყინავდა გიზოს აღზრდილი დათა თავაძე. მოგვიანებით მან სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა და კვლავ გიზოს ჯგუფში ჩაირიცხა; დღეს ის ცნობილი რეჟისორია.

როდესაც რ. სტურუამ გაიგო გიზოს სტუდენტური სპექტაკლის – „ანა ფრანკის დღიურის“ წარმატების შესახებ, ერთ-ერთ სპექტაკლს დაესწრო; უნდოდა, მთელი ჯგუფი წაეყვანა თეატრში. შტატებს გადახედა; აღმოაჩინა, რომ მხოლოდ თეატრის მთავარი რეჟისორის შტატი ჰქონდა თავისუფალი და გიზო დანიშნა; უთხრა, შენი იყოს მცირე სცენაო. მართლაც, დაიწყო სპექტაკლების დადგმა. მცირე დარბაზი მუდამ გადაჭედილი იყო მაშინ, როდესაც დიდი სცენის პარტერში ხალვათობა შეინიშნებოდა. უფროსი თაობის მსახიობებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ გიზოს, როგორც მთავარ რეჟისორს, იქაც დაედგა სპექტაკლები.

გიზოს არ უნდოდა დიდ სცენაზე გადასვლა, რადგან ასეთი შეთანხმება ჰქონდა რ. სტურუასთან.

„რეჟისორი თეატრიდან წავიდა…“

ორჯერ წამოვიდა გიზო თეატრიდან – ჯერ ოპერის და მერე – რუსთაველის თეატრიდან; ორივეგან მთავარი რეჟისორი იყო. ალბათ, წინასწარ გრძნობდა  მოახლოებულ მოვლენებს… ერთხელ რუსთაველზე  ხმა შემოესმა, თურმე გიზოს – „გიზუნჩიკ-ვიზუნჩიკ“; მოიხედა და ბადრი კობახიძე შერჩა. „ასე რატომ მომმართეო“,- უკითხავს. აბა, როგორ, ყველა რეჟისორი გააგდეს თეატრიდან შენ მეტიო,- უპასუხია ბადრის. გიზოს გაეცინა: „ვგრძნობ სიტუაცია როდის იძაბება და ჩემით მივდივარო“. ასე იყო რუსთაველის თეატრშიც… თუმცა, ამაზე საუბარი არ მსურს; ზნეობისა და ეთიკის საკითხია. ადრე თუ გვიან მაინც გამოჩნდება  ნიჭიერი და წესიერი მკვლევარი, ობიექტურად რომ შეისწავლის ამ საკითხს…

კაცთმოყვარე

გიზო კაცთმოყვარე ადამიანი იყო. ნებისმიერ კოლეგას, ვისაც სჭირდებოდა, თანაავტორადაც იწერდა. ერთხელ ბატონმა გიორგი ტოვსტონოგოვმა დაურეკა სანქტ-პეტერბურგიდან და სთხოვა, რომ მისი ერთი სტუდენტისთვის – გოგი ჩაკვეტაძისთვის რაც შეიძლება სწრაფად მიეცა სპექტაკლის დადგმის საშუალება; წინააღმდეგ შემთხვევაში დიპლომს ვერ მიიღებდა ახალგაზრდა კაცი. გიზომ თანაავტორობა შესთავაზა გოგის და წარმატებებიც უსურვა…

საბჭოური რეპრესიის ხელი

1976 წელს გიზომ  პიოტრ ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ დადგა. გასინჯვის შემდეგ სპექტაკლის მოხსნის საკითხი დაისვა, რადგან რუსეთის სამეფო კარი შემზარავად იყო წარმოდგენილი – პიკის ქალი ტანზე იხდიდა და გადაპარსული თავიდან პარიკს იხსნიდა. ბატონმა ოთარ თაქთაქიშვილმა უთხრა: სპექტაკლი უნდა მოვხსნათო.

რამდენიმე წლით ადრე, 1974 წელს, სპექტაკლი გიზომ ზაარბრიუკენის თეატრში დადგა; პროგრამაში თანადამდგმელად თემო აბაშიძეც ეწერა.

1976 წელს გიზოს, შეთანხმებისამებრ, ზაარბრიუკენში უნდა დაედგა  ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“. გაირკვა, რომ არ უშვებდნენ. იმ დროს ნ. გურაბანიძე იყო კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე. სწორედ მან დაურეკა ალექსი ინაურს და პასუხად მიიღო – ეს ჩვენ კომპეტენციაში არ შედისო. ნოდარმა ურჩია, ცენტრალურ კომიტეტში წასულიყო. გიზო შევიდა ვიქტორია სირაძესთან და აუხსნა, რომ დეკორაციაც მზადაა და ჩემი ჩასვლაა საჭირო რეპეტიციებისთვისო. ქალბატონმა ვიკამ გიზოს თანდასწრებით დაურეკა ინაურს. დიდი ხნის საუბრის შემდეგ პირდაპირ უთხრა ალექსი ინაურს: „ჩვენ თქვენ არ დაგაღუპვინებთ ქართულ კულტურასო“. ამის შემდეგ გიზო გაუშვეს.

გრიბოედოვის თეატრშიც წარმოიშვა ერთი პრობლემა – იყო ასეთი სპექტაკლი – „ძვირფასი ელენა სერგეევნა“, რომლის ავტორი გახლდათ ლიუდმილა რაზუმოვსკაია; მან პიესა პირადად გამოუგზავნა გიზოს. ნაწარმოებში ასახული იყო იმდროინდელი ცხოვრების კრიტიკული სურათი. რამდენიმე სპექტაკლის ბილეთები წინასწარ გაიყიდა, იმდენად დიდი იყო საზოგადოების მხრიდან სპექტაკლის ნახვის სურვილი.

დადგმა  ბატონი ოთარის თხოვნით შეჩერდა საპირველმაისო და საცხრამაისო დღესასწაულებთან დაკავშირებით. თუმცა თანახმა იყო, რომ ახალი სეზონი ამ სპექტაკლით გახსნილიყო.

ცოტა ხნით ადრე პიესა ტალინის რუსულ დრამატულ თეატრშიც დაიდგა; სპექტაკლი იქაც მოიხსნა; პრესაში საშინელი გამოხმაურება ჰქონდა. იმჟამად საქართველოში მოსკოვიდან  ჩამოსული იყო მაღალჩინოსანი სამხედრო პირი – ამიერკავკასიის ოლქის ჯარების მთავარსარდლის სტუმარი; მასპინძელმა ის გრიბოედოვის თეატრში დაპატიჟა. აღშფოთებულმა გენერალმა მოსკოვში იჩივლა და პიესა საერთოდ აკრძალეს იმ მოტივით, რომ მთავლიტს ნებართვა არ ჰქონდა გაცემული…

ბათუმში…

გიზო ურთულეს პერიოდში წავიდა სამუშაოდ ბათუმის თეატრში.

კულტურისთვისაც რთული დრო იყო მაშინ, მაგრამ აჭარაში ახალი კულტურული ცენტრი – ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი გაიხსნა.

ერთ დღეს ბათუმში ჩატარდა უბრწყინვალესი მომღერლის – ზურაბ სოტკილავას კონცერტი; მან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. როდესაც მომღერალს ჰკითხეს, კლასიკური მუსიკის როგორი მსმენელია ბათუმელი მაყურებელიო, დიდმა მომღერალმა უპასუხა – ბრწყინვალეო. აქედან გაჩნდა  ბათუმში საოპერო თეატრის შექმნის იდეა; სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა შესანიშნავი მომღერალი – ალეკო ხომერიკი.

აჭარის ხელისუფლებამ კულტურის მინისტრს, ბატონ ნოდარ ფაღავას დაავალა, ალეკოსთან ერთად  ჩამოსულიყო  თბილისში და  მოლაპარაკება დაეწყოთ გიზოსთან ბათუმში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით.

გიზო უარზე იდგა; ინსტიტუტს, სადაც არ დავბადებულვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება იქ გავატარე, ვერ მივატოვებო. მართალიც იყო; ინსტიტუტს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, განსაკუთრებით თბილისის ომის პერიოდში. ფაქტობრივად, გიზომ  გადაარჩინა იქაურობა; ორად ორი კაცი იცავდა შენობას –  რექტორი და მისი მძღოლი – ვაჟა თვაური; ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ცხადია და პირველ სართულზე მაინც შეიჭრა მებრძოლთა რაზმი – იქ დაიბუდა… მაშინ გაუორმაგდა  პასუხისმგებლობაც გიზოს; იყო კიდევ სხვა მიზეზებიც, თუმცა ამ სამარცხვინო ეპიზოდს შეგნებულად არ შევეხები…

ბოლოს და ბოლოს, დაიყოლიეს გიზო ბათუმში წასვლაზე.

ეს ამბავი შევარდნაძემდეც მივიდა და გიზოსთან შეხვედრა ითხოვა. მათი დიალოგი მნიშვნელოვანია ისტორიისთვის. ბატონმა ედუარდმა დარჩენა სთხოვა. ამ შეხვედრამდე ბევრად ადრე გიზომ  მთავრობას მიმართა თხოვნით, რეაბილიტაცია დაწყებულიყო თეატრალური ინსტიტუტის შენობის, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. უარი მიიღო. იმ დღეს კი შევარდნაძე დაჰპირდა, რომ ინსტიტუტი მაღალ დონეზე განახლდებოდა; გიზომ გადაჭრით თქვა უარი; რატომ, ამას ისედაც მიხვდება გამგები… ბატონმა ედუარდმა მეორე აზრი შესთავაზა – ვიცი, რომ ძალიან დატვირთული ხარ; თეატრისთვის დრო აღარ გრჩება. კვირაში ერთხელ მოდი; დერეფნებში გაიარ-გამოიარე, მეტს შენგან არაფერს ვითხოვო.

გიზო ბათუმში წავიდა… ვფიქრობ, არც შემცდარა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი – დავით ძიძიშვილი იგონებდა მერე –  „პირველად რომ შევხვდი ბატონ გიზოს, 11 წლის ბიჭი ვიყავი; ბავშვთა ოპერის თეატრის შექმნაზე მუშაობდა და სპექტაკლში ვენეციელი ვაჭრის როლი მომცა. სპექტაკლს როდესაც ვუყურებ, წარმოვიდგენ რამხელა შრომა დევს თითოეული სცენისა და მოძრაობის უკან და მახსენდება ჩემი ჭაღარათმიანი რეჟისორი, მოღიმარი, რაღაც სხვანაირი სითბოთი გამსჭვალული ხმით, ადამიანი, რომელმაც ბავშვობის საუკეთესო წუთები მაჩუქა.“ 

გიზომ შეძლო, ახალგაზრდებისთვის გაეხსნა გზა; სწორედ ამ თეატრში აიდგეს ფეხი (ვშიშობ, ვინმე არ გამომრჩეს) თამარ ივერმა და ბადრი მაისურაძემ… ნანა ძიძიგურმა, არმაზ დარაშვილმა, ხათუნა მიქაბერიძემ…

ოპერის თეატრის მიმდინარე სეზონის გახსნის დღეს, 21 სექტემბერს, ბადრიმ აღნიშნა: „როგორც მსახიობი და მომღერალი ბათუმში დავიბადე, რასაც ვერასდროს დავივიწყებ. პირობას ვდებ: სანამ ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ, ყოველი ახალი სეზონი გაიხსნება ბატონი გიზოს დადგმული „აბესალომ და ეთერითო“.

თავის დროზე თამარ ივერმა უთხრა გიზოს: „ბატონო გიზო, თქვენი დეზდემონათი მოვიარე მსოფლიო; ერთი დეტალი არავის დაუმატებია დ არც არავის უარუყვია. როდესაც სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორები მუშაობდნენ, მე თქვენზე ვფიქრობდიო“.

ბათუმიდან ბევრმა ახალგაზრდამ მოაშურა თბილისის კონსერვატორიას. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: სატელეფონო ზარი გაისმა. ბავშვთა ოპერის მონაწილე – აჩიკო ბერიძე აღმოჩნდა. „მაესტრო, ახლა ჩავაბარე გამოცდა ვოკალში. მისაღები გამოცდის კომისიის თავმჯდომარე ბატონი ნოდარ ანდღულაძე იყო. ვიმღერე. ბატონმა ნოდარმა მკითხა: „თქვენ, ყმაწვილო, მსახიობის ოსტატობა ვისთან გაიარეთო?“ ვუპასუხე – გიზო ჟორდანიასთან-მეთქი. ახლა ყველაფერი გასაგებიაო,-მითხრა. დღეს აჩიკო ბერიძე წარმატებული მომღერალია…

ბათუმში გიზომ დადგა „პრინცესა ტურანდოტი“, რომლის მხატვარი გახლდათ შესანიშნავი სცენოგრაფი – იური გეგეშიძე; მას  შესრულებული ჰქონდა (დაბეჯითებით ვერ ვიტყვი), სპექტაკლის საკმაოდ დიდი ნაწილი, მაგრამ მიზეზთა გამო სამუშაო დაასრულა ვახტანგ ბესელიამ. გიზომ რეჟისორად მოიწვია ზაზა სიხარულიძე, რომელმაც იტვირთა სპექტაკლის ტექნიკური მხარის გამართვა; გარდა რეჟისურისა, ეს სპექტაკლი ითხოვდა  განათების განსაკუთრებულ ცოდნას. გამართლდა გიზოს ინტუიცია ბატონ ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური მონოდრამის – „მედეას“ დადგმით, რომლის რეჟისორი სწორედ ზ. სიხარულიძე გახლდათ…  

ჩვენი ერი უნდა უმადლოდეს ქალბატონ მანანა ჩაუშბას, მის პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობას, განსაკუთრებულ როლსა და ღვაწლს „პრინცესა ტურანდოტის“ – ბავშვთა მუსიკალური ოპუსის – იმ უზარმაზარ წარმატებაში, რომელიც ამ დადგმამ მოიპოვა.

სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძე გახლდათ; ავტორი სცენარისა, რომელიც დაიწერა კ. გოცის ნაწარმოების მიხედვით, ბატონი გია ჩიჩუა იყო. მსოფლიოს მუსიკალური თეატრის ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. მრავალი რეცენზია არსებობს მოსკოვში ჩატარებულ გასტროლთან დაკავშირებით. სპექტაკლის შესახებ აღფრთოვანებით წერდნენ იტალიური გაზეთები; ხაზგასმული იყო ბავშვების ვოკალური და სცენური მაღალპროფესიული მომზადება. ვფიქრობ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქორეოგრაფიული სასწავლებლის დაარსებას; სასწავლებელს სათავეში ჩაუდგნენ ვ. ჭაბუკიანის აღზრდილი ვასიკო აბაშიძე და მისი მეუღლე რუსუდან აბაშიძე. მათი იდეა იყო სასწავლებლისთვის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელის მინიჭება; ასეც მოხდა.

ასეთი წარმატების მიუხედავად, შეიქმნა მოშურნეთა ჯგუფი, რომელიც „ამტკიცებდა,“ თითქოს ბავშვებს ხმები უფუჭდებოდათ…  

გიზომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ჯილდო – შოთა რუსთაველის სახელობის პრემია – სწორედ ბათუმის საოპერო თეატრის ორ დადგმაში მიიღო. ესენია – „აბესალომ და ეთერი“ და „ლელა“. მაგრამ როდესაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა დაიძახა „ბათუმი ავიღეთ“, იმ დღიდან შეწყდა გიზოს მოღვაწეობა ბათუმში.

რეჟისორი გიზო ჟორდანია

არსებობს თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძის შესანიშნავი მონოგრაფია – „რეჟისორი გიზო ჟორდანია“. გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ ბატონი ნოდარი თანაბრად ფლობდა დიდ ცოდნას არა მარტო დრამატული თეატრის, არამედ მუსიკალურის, კერძოდ, საოპერო თეატრის შესახებ, რაც იშვიათობას წარმოადგენს. გარდა ამისა, ამ მონოგრაფიის დიდი ნაწილი თარგმნილია გერმანულ ენაზე; მისი რედაქტორი გახლავთ  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოლივერ რაისნერი.

დრო ელვისებური სისწრაფით გადის. იმედი მაქვს, მომავალი თაობა შეისწავლის წინაპართა  და მათ შორის გიზო ჟორდანიას შემოქმედებას. არსებობს მისი პირადი არქივიც, რომელშიც ინახება დიდძალი მასალა ბათუმში მოღვაწეობის შესახებ (1993-2004); არქივი  საიმედო ადგილას ინახება.

გიზოსთან ერთად ნახევარსაუკუნოვანი თანაცხოვრება ბედნიერება იყო; ბევრი სიხარულისა და გულისტკენის მოწმე ვარ, მაგრამ არასდროს მითქვამს და არ ვიტყვი იმაზე მეტს, ვიდრე თავად ამბობდა…

მადლობა გიზოს გახსენებისთვის…

დისიდენტი მწერალი – ალექსანდრ სოლჟენიცინი წერდა: „თუ ერთი ცოცხალი ერთ გარდაცვლილს მოიგონებს, ჩათვალოს, რომ ტყუილად არ მოევლინა ქვეყანას.

და ბოლოს…

ერთ-ერთ ინტერვიუში გიზო წერდა,  „არა­ვი­ნაც არ უნდა შეც­ვა­ლოს! ახა­ლი მო­დის, სხვა და ის ახა­ლი იმ ძვე­ლის გაგ­რძე­ლე­ბაა, ისე­ვე რო­გორც შვი­ლია მა­მის გაგ­რძე­ლე­ბა. თუ შვილ­მა არ იცის მამა, ის მო­მა­ვალს ვერ შექ­მნის“…

ესაუბრა გუბაზ მეგრელიძე

Section – Anniversary

Monologue from dialogue, or the unknown Gizo Zhordania (The speech by Natela Vachnadze was recorded by Gubaz Megrelidze)

It’s been 90 years since Gizo Zhordania, an outstanding Georgian director and teacher was born. It was on this date that the director’s wife was interviewed. Mrs. Natela Vachnadze recalled the life stories, facts, and events of Gizo Jordania’s career, which are more or less known to  Georgian society; She addes that “living together with Gizo for half a century was happiness; I have witnessed many joys and heartaches, but I have never said and will never say more than what he himself said…”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…