რეზო კლდიაშვილი

ამბები ჩემზე… ცოტ-ცოტა თქვენზეც – V

, , ,

V ნაწილი

დალასიდან საფიჩხიამდე

1963 წლის 22 ნოემბერს დალასის შტატში ზუსტად 12 საათსა და 30 წუთზე რომ მოკლეს ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი – ჯონ კენედი, ერთი თვის შესრულებული მქონდა16 წელი – მე ჯვარი მეწეროს…  ჰოდა, ამ შემზარავმა ამბავმა მეორე დღის გამთენიისას მოაღწია ჩვენს ოჯახამდე – ქუთაისში, საფიჩხიაზე.

რა „ყრუობა“ იყო საბჭოთა კავშირში, არა? აბა, ტრამპს რომ ესროლეს ამას წინ ტყვია, ყავას ვსვამდი მშვიდად და გავიხარე, თვალსა და ხელს შუა რომ არ ჩამაკვდა ეს მეხივით კაცი; ეტყობა, მივეჩვიეთ „უფროსობაზე“ ნადირობას; არადა, რაც კენედის უცაბედი გარდაცვალების გამო მოხდა 1963 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის გამთენიისას ჩვენს ოჯახში, მტერსაც არ ვუსურვებ. მოკლედ, დალასის შტატიდან საფიჩხიაზე – ოსტროვსკის 24-ში – ასე, 16-17 საათში მოქანდა“ კენედის მკვლელობის ამბავი;  რადიო ამერიკის ხმის“ წყალობით შეიტყო ბაბუამ ეს უბედურება; სიმწრისაგან მუშტი ჩაარტყა რადიოს თავში.
„ამერიკის ხმას“ ტრადიციულად ახშობდნენ საბჭოთა კავშირში და იმ გიორგობა დილას ლამის საბოლოოდ გამოუყვანა წირვა იმ უბედურ რადიოს ბაბუამ; არადა, სასთუმალთან ედგა მუდამ და განსაკუთრებულად ემეგობრებოდა; რადიოსთვის რომ გეკითხათ, შეიძლება, ეჩივლა კიდეც ბაბუისთვის ხშირი შეურაცხყოფისა და უხეშებისთვის…
კენედების უფროსი ვაჟის მკვლელობის ამბავი ოსტროვსკის ქუჩაზე მთელი გულით განიცადეს მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა არც იცოდა, ვინ იყო. ბაბუა გიორგისგან შეიტყო უბანმა ამერიკაში დატრიალებული ამბები. შეწუხებულმა ჯერ ბებიაჩემი გააღვიძა.

  • ელიჩკა, კენედი არ მოუკლავთ ამერიკაში?

მძინარე ბებიაჩემი, მოკლესო რომ გაიგონა, საწოლში წამოჯდა და ის-ის იყო თავში უნდა წაეშინა ხელები, მაინც დააკონკრეტებინა ბაბუას:

  • ვინ მოკლესო? ამოიღე ხმა!
  • ამერიკის პრეზიდენტი!

ბებიაჩემი კიდევ უფრო გადაირია:

– უბედური დედამისი… როგორ გამწარდებოდა. როგორი საქმეა, შვილი გაზარდო, ისიც -პრეზიდენტი და მერე ვიღაც ხულიგანმა მოგიკლას…
– ასეა… რა უბედურება ჭირს ამ ხალხს? პირველი შემთხვევა კი არ არის!
გიორგი წამოდგა, ჩაიცვა და ეზოში გავიდა.
– დილა მშვიდობისა, გიორგი ბიძია! – მიესალმა სამსახურში მიმავალი მეზობელი.
– დილის მადლი შეგეწიოს, ჩემო ზურიკო. გაიგე, კენედი რომ მოუკლავთ?!
– რას ამბობ, გიორგი ბიძია?! – შეშფოთებული ზურიკო ღობეს მოადგა.
– ამ დილით რადიომ გადმოსცა!  მოხუცმა ჭიშკარი გამოაღო და ქუჩაში გავიდა.
მოსაუბრეებს ჯიმშერიც შემოუერთდა; დუშიკოც შეუერთდათ; ნადიაც მათკენ გამოეშურა. ეფროსინე ბერეკაშვილმა რომ დაინახა, მისი რძალი ჭიშკარში გადიოდა, მიაძახა:

  • სად მიდიხარ, ნინა?!
  • ახლავე მოვალ. კენედი მოუკლავთ! კენედი!

სადაურიაო, იკითხა ეფროსინემ და თან კობიძეების თამარას გადასძახა:

  • თამარა! თამარა! კენედი მოუკლავთ! კენედი!

ეფროსინეს მუხლები ღალატობდა, თორემ ვინ მოასწრებდა ქუჩაში გადასვლას და ამბის გაგებას? გუგუციძეების ნათელა ღამის ცვლიდან ბრუნდებოდა და დილაადრიან თავის სახლთან ახლოს თავშეყრილი მეზობლები რომ დაინახა, იფიქრა დავიღუპეო და შესძახა:
– არ დამიმალოთ!

შიშისგან წვივს ზემოთ ძარღვი გაესკვნა ქალს და ნაბიჯს ვეღარ დგამდა გამწარებული.
– კენედი მოკლეს; ჩემი კიტას კბილა ყოფილა – მიატირა ნადიამ.
– თქვენ გადაგრიათ ღმერთმა, მე მეგონა, ჩვენთან მოხდა რამე!
ნათელა იქვე, ღობის წინ, ხის მოგრძო სკამზე ჩამოჯდა.
– ცოლშვილიანი თუ იყო საცოდავი? – იკითხა გუგუშამ.
– ახალგაზრდა ცოლი და ორი შვილი დარჩა – გუგუშას ცნობისმოყვარეობა გიორგი ბაბუამ დააკმაყოფილა.
– იკითხოს იმან, ვინც მოკვდა! – ხელი ჩაიქნია გუგუშამ და გულშეწუხებულ ნათელას მიუჯდა გვერდით.
შეჯგუფებულ მეზობლებს სკოლაში მიმავალი ბავშვებიც შემოუერთდნენ და
მთელი ოსტროვსკის ქუჩა კენედის მკვლელობის ამბავმა მოიცვა.

დალასზე ნაკლებად არც საფიჩხიაზე გვიგლოვია იმ გიორგობას ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი…

რომი. დილის 4 საათი…

 ბატონო რეზო, თქვენ შექმენით თქვენი ნიშა, სადაც მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთს ავსებს; უმეტეს შემთხვევაში ხელოვნება ჯაბნის, თუმცა არც მეცნიერებაში დაგკლებიათ არასდროს აღიარება და წარმატება. საფიჩხიაზე გაზრდილმა ბიჭმა ფიქრის გორიდან გადმოხედეთ დედაქალაქს; დამშეულ თეატრს ლანგრით მიართვით პიესები, რომლებიც წამყვანი თეატრების რეპერტუარებში დღესაც არ იცვლის ფეხს. რაიონების თეატრებსაც მოედო თქვენეული იუმორით გაჟღენთილი სავალალო სინამდვილე. არაერთი მაყურებელი, ძლივს რომ გამოთქვამდა ზარატუსტრას, არც ნიცშე ჰქონდა გაგონილი და მით უფრო – სტეინბეკი, თეატრში მოდიოდა სწორედ თქვენი შეულამაზებელი სინამდვილის აღსაქმელად და მხურვალე ოვაციებით გხვდებოდა. არაერთხელ წარმომიდგენია თეატრის სავსე დარბაზი, ტაშისა და ნიჭის ზეიმი, რაც თქვენს ხიბლს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის და მაყურებელს დიდხანს მიჰყვება სასიამოვნო მოგონებად.

ცალკე ფენომენია ვერიკოს, სოფიკოსა და თქვენი ტანდემი; ისეთი ტანდემი, ბევრს რომ ვერც დაესიზმრება; ეს ისტორიებიც უდავოდ მკაფიოდ ხელშესახებს ხდის თქვენს ბიოგრაფიას და გარანტირებულ ადგილს გიმკვიდრებთ თეატრისა და კინოს კორიფეთა მატიანეში.

ბედნიერებას ბევრი წახნაგი აქვს და მუდმივად საჭიროებს სისხლის გადასხმას; თქვენ ეს გამოგდით და თანაც – დიდებულად. ბეწვის ხიდზე ისე გაიარეთ, „ჟამმა წარწყმედისმა“ გვერდი აგიარათ, რადგან თეთრი კბილებიდან გამოხრულ კბილებსაც კარგად ხედავდით მუდამ. „მტერი, მტერი უნდა გყავდეს“, როგორც ბატონი მურმან ლებანიძე იტყოდა; ეს ადამიანური შურიცაა და წარმატების მოტივაციაც. არ ვიცი, ვის როდის უდგას „ჟამი სიცილისა და და ჟამი ტირილისა“, მაგრამ ის დანამდვილებით მჯერა, ჟამი თქვენი ბედნიერებისა დამდგარია და ის კიდევ მრავალ ათეულ წელს მოგიტანთ შემოქმედებით სიხარულს. გილოცავთ საიუბილეო თარიღს, აღიარებასა და ხალხის სიყვარულს იმ დიდი იმპერიის ქვეყნიდან, სადაც ნიჭის ფასიც იციან და – დაფასებაც. დიდხანს იცოცხლეთ, რამეთუ სიცოცხლე ზეიმია და ამ დღესასწაულს მრავალჯერ მინდა, დაესწროთ. მრავალჟამიერ!!!

რომი, დილის 4 საათი.

პატივისცემით, მანანა ბურჯანაძე

მეათე მსახიობი

18 ივლისი. 2015 წელი

ნანული ცხვედიანი

წუხელ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ანშლაგით ჩაიარა „იმერულმა რეკვიემმა“ – თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის სპექტაკლმა.

პიესის ავტორმა რეზო კლდიაშვილმა, რეჟისორმა ირაკლი გოგიამ, მხატვარმა აივენგო ჭელიძემ, შესანიშნავმა მსახიობებმა დღევანდელობის უმძაფრესი პრობლემატიკა გამოიტანეს მაყურებლის თვალწინ. გასასხვისებლად განწირული წინწკილას ფსიქიატრიული საავადმყოფო და ზემო იმერულ კილოზე მოლაპარაკე მისი კოლორიტული მობინადრეები, სიმბოლურად რომ გამოხატავენ დღევანდელ საქართველოს და გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფ, რეალობას დაშორებულ, მარად რაღაცის მომლოდინე მოსახლეობას, გულს ტკივილით გიკუმშავს და ღრმად გაფიქრებს. ქუთაისელმა მაყურებელმა ტაშით დააჯილდოვა სპექტაკლის თითოეული მონაწილე, მათ შორის, განსაკუთრებით – შურა ექთნის როლის შემსრულებელი თათული ედიშერაშვილი, რომლის სამსახიობო ოსტატობამ ყველას დიდი სიამოვნება მიანიჭა.

ცხრა უდავოდ ნიჭიერი შემსრულებლის გარდა, ამ სპექტაკლს კიდევ ერთი მუნჯი „აქტიორი“ ჰყავს! ეს მეათე მსახიობი… გრძელი თოკია, რომელიც მთელი წარმოდგენის მანძილზე განსაცვიფრებლად მოძრაობს და თამაშობს შურა ექთნის, კაბირიას, პისტისა და ვალოდიას, როსტომის, გულთმისნის, ტატიანას, კლავდიას, სამუელას ხელში. ამ თოკით იზრდება თუ ვიწროვდება ადამიანურ ვნებათა და დამოკიდებულებათა, ინტერესთა და კონფლიქტთა, გრძნობათა და ოცნებათა რკალი, ჩნდება მოლოდინი, მთავრდება იმედი… მოკლედ, არაჩვეულებრივია ეს მეათე მსახიობი“ სცენაზე! ბრავო მას!

ვულოცავთ ბატონ რეზოს და ახმეტელის თეატრს კიდევ ერთ შემოქმედებით გამარჯვებას! წინწკილას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირქუში, მიტოვებული შენობა კი, რაჭის გზაზე მიმავალს რომ მეჩხირებოდა ხოლმე თვალში, ამიერიდან, ბატონი რეზო კლდიაშვილის წყალობით, სულ განმაწყობს ამ სპექტაკლის კეთილი მოგონებებისაკენ.

მისი უდიდებულესობა მკითხველი

სტუ-ის პროფესორი; არქიტექტორი გოჩა მიქიაშვილი

რეზო, ჩვენო საამაყო ადამიანო, ეს-ესაა დავასრულე „სიბორეას“ კითხვა. მართალს გეტყვი – უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი სიღრმით, რაც ასე თანამედროვედ ეხმიანება ყველა ეპოქისათვის დამახასიათებელ ეგზისტენციალურ პრობლემებს და რაც ასე მცირეფორმატიან ნაწარმოებში ძალიან ძნელი მისაღწევია. იუდასა და იესოს ურთიერთობის ბოლო დღეებზე იმდენი დაწერილა, რომ ძალზე რთულია მწერლისთვის ახალი სათქმელით ყურადღების მიპყრობა (ლიონ ფოიხტვანგერის ცრუ ნერონი მახსენდება) და რა კარგი ხერხი გაქვს გამოყენებული სიბორეას სახით ახალი პერსონაჟის შემოყვანის. დედის მიერ დანახული და განმარტებული შვილის ქცევა სულ სხვა, დამაჯერებელ და უთუოდ პატივსაცემ კონოტაციას იძენს. უკვე წარმოვიდგინე სცენაზე ეს სპექტაკლი, რომლის მაყურებელთა შორის წინა რიგებში ჩვენც ვიქნებით. გილოცავ და ჩვენს თავსაც ვულოცავ ასეთ დამაფიქრებელსა და განსასჯელ პიესას.

ნანა ქავთარაძე – მუსიკათმცოდნე 

რეზო, არაერთი შენი წიგნი, პიესა თუ ესე წამიკითხავს და მუდამ მრჩება შეგრძნება, რომ მხატვარი ხარ – პორტრეტისტი. ამჯერადაც გადავიკითხე ჟურნალ „თეატრში“ გამოქვეყნებული შენი მცირე პროზა – მოგონებები; უზომოდ ვისიამოვნე: ქალბატონები -მალიკო მრევლიშვილი, ნათელა ურუშაძე, სესილია თაყაიშვილი, შენთან სტუმრად მოსული მოწაფეები და უშაქრო ჩაი; მათი ლიდერი ხულიგანა, აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭი და მრავალი სხვა. შენ გეხერხება, ერთი-ორი შტრიხით გამოამზეურო ადამიანთა შინაგანი სამყარო; როგორც კარგი პორტრეტისტი, მათ სულში გვახედებ. შენი გმირების გარემოც როგორი ლაკონიურია და სხარტად დანახული. ამ ყველაფერს კი როგორი სილაღითა და არტისტიზმით კრავ.

არტისტულობა შენი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. მინახავს, შენით მონუსხული აუდიტორია. შენი სტუდენტების, მომავალი ქიმიკოსების რეაქციაც მიგრძნია, როცა მათ წყალზე ესაუბრები.

საფიჩხიელი პაგანინით“ ნაპოვნი ქუთაისი…

ქალბატონი ცისანა აბულაძე, აღიარებულ თურქოლოგი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პირველი თაობის წარმომადგენელი, ქუთაისიდანაა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საამაყო და მნიშვნელოვანია; თან ლეგენდარული სკოლის დირექტორის, ქალბატონ თამარ დახუნდარიძის ნამოწაფარია.

ერთხელაც გავბედე და მას წიგნად გამოსული ჩემი პიესა „ბიზანტიის დედოფალი“ ვუსახსოვრე; ერთი თვით ადრე კი ჩემი მოთხრობების წიგნი  – საფიჩხიელი პაგანინი“ მივართვი.
აი, რას წერს ქალბატონი ცისანა სწორედ „საფიჩხიელ პაგანინზე“ – „დიდი სიამე მომგვარა ბატონ რეზო კლდიაშვილის „საფიჩხიელმა პაგანინიმ“. აღმიდგინა და გამიცოცხლა ჩემი ის ქუთაისი, რომელიც 60-70 წლის წინ დავტოვე და ახლა მას ამაოდ ვეძებ. გამიცოცხლა ის გარემო, ხმები, საუბრის თემა, ქუთათურთა ერთმანეთთან დამოკიდებულება ერთი დიდი უბნის – საფიჩხიის მაგალითზე, რომელიც ქუთაისისათვის ასეთი ბუნებრივი იყო.  ძირძველი ებრაული უბანიც მომანატრა – თავისი კოლორიტული პერსონაჟებით, ჩვენთვის ასე ახლობელნი და შორეულნი რომ იყვნენ, რომელთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებამ ქუთაისს რაღაც ხიბლი დააკლო“. 

იუდას დედიდან წიწოლას დედამდე

ლია ჭეიშვილი; ქუთაისის V საჯარო სკოლის ქართული ენისა დალიტერატურის მასწავლებელი

მეც არაერთხელ მიფიქრია იუდას დედაზე ვაჟას „ბახტრიონის“ ახსნისას; „ვინ არის სირცხვილიანი“? – კითხულობს პოეტი და გვიხატავს წიწოლას, რომელმაც თანამოძმეებს უღალატა; შერცხვენილი და გაუბედურებული დედა შვილს დასტირის. სწორედ ამ ეპიზოდზე მაგონდება იუდა და მეფიქრება – ნეტა, როგორ დაიტირა იგი დედამ?

ბატონმა რეზომ არაჩვეულებრივი ვერსია შემოგვთავაზა… ეს ნიჭიერი მწერლის ხედვაა; ფიქრია, რომელიც ასე გვნუსხავს და გვატყვევებს… სიბორეაში“ ჩანს ბიბლიის, ლიტერატურის საუკეთესო ცოდნაც.

მადლობა რეზო კლდიაშვილს იმ დიდი განცდისათვის, რომელიც ამ პიესით მოიტანა ჩვენამდე.

მანველიძეების ოჯახი   

„მანველიძეების ოჯახი“ (დავით კლდიაშვილის ესკიზის – „როსტომ მანველიძის“  მიხედვით; რეზო კლდიაშვილის ინტერპრეტაცია).

2001 წ. თეატრი „ძველი სახლი“. რეჟ. სანდრო მრევლიშვილი.

2010 წ.  უშანგი ჩხეიძის ზესტაფონის თეატრი რეჟ. მამუკა ცერცვაძე

***

რეჟისორმა სანდრო მრევლიშვილმა ოცდამეერთე საუკუნის დაწყება მეტად უჩვეულოდ აღნიშნა. მან საზოგადოება ახალი წლის პირველ დღეს „ძველ სახლში“ მიიწვია და ახალი ათასწლეულის პირველი პრემიერით „გაუმასპინძლდა“.      

როსტომ მანველიძის მდგომარეობა, მისი ოჯახის ყოფა სიმბოლურად წარმოადგენს ქართველი ერის სულიერი და ფიზიკური გაპარტახების სურათს. ის ასახავს ვითარებას, როდესაც თავისი უნიათობით, უმოქმედობით და უსუსურობით ადამიანებმა საკუთარი თავიცა და სამშობლოც დაღუპვის პირას მიიყვანეს. ახალმა დროებამ მათ კარგი არაფერი მოუტანა; „ადამიანი ადამიანს მტრულად ხვდება…“ ისინი ხვალინდელ დღეზე ოცნებობენ და იმედი აქვთ, მომავალი უკეთესი იქნება. ამ უკეთესობის მისაღწევად კი კვლავაც არაფერს აკეთებენ. ილუზიებს აქ ადგილი არა აქვს. და მაინც, არსებობს რაღაც,  რაც ჯერ კიდევ ასულდგმულებს როსტომს და მის ცოლ-შვილსაც. ეს „რაღაც“ ცხოვრების შეცვლის სურვილია, მყარად რომ გაუდგამს ფესვები ადამიანების გულებში. სურვილი, თუნდაც საფლავიდან რომ ამოგაძახებინებს, „რა კარგია, სიცოცხლეო, ვახ, რა ბედნიერი ვარ“. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ბედნიერება მოვა! მოვა, რადგან ეს კანონია ბუნებისა და ვერავითარი ძალა მას ვერ შეცვლის…

                                                                                    ლელა ოჩიაური

                                                                              გაზ. „რეზონანსი“; 2001 წ.

***

 „როსტომ მანველიძე“ დავით კლდიაშვილის ერთი პატარა მოთხრობაა (პრემიერა გაიმართა 2001 წლის 1 იანვარს თბილისის მუნიციპალურ თეატრში – „ძველი სახლი“; რეჟ ს. მრევლიშვილი); მასში იმდენი ტკივილი და დარდია ჩადებული, სხვა რომ არაფერი დაეწერა კლდიაშვილს, მისი შემოქმედების შესაფასებლად ესეც კმაროდა. დავით კლდიაშვილის ესკიზი, რეზო კლდიაშვილის ინტერპრეტაციით, კომპილაციის საუკეთესო ნიმუშადაც შეიძლება ჩაითვალოს და უდავოდ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დროის ამ მონაკვეთში არა მხოლოდ წარსული გამოვიტიროთ, არამედ მომავალიც ვიწინასწარმეტყველოთ. კლასიკა, ალბათ, იმიტომ ფასობს ასე ძვირად, რომ იგი ყოველთვის თანამედროვეა. მეტეხის თეატრში წარმოდგენილი პიესა რეჟისორმა და დრამატურგმა დღევანდელობას კიდევ უფრო მიუსადაგეს და ყოველგვარი შელამაზების გარეშე შეგვახსენეს: დროება რომ არ შეცვლილიყო, კლასიკას მაინც მივუახლოვდებოდით, მაგრამ ვერ კი წარმოვიდგენდით, რომ ყველაზე გულგატეხილები და ყველაფერზე გულდაწყვეტილები მაინც და მაინც ჩვენ ვიქნებოდით და ყველას და ყველაფერს ჯანდაბისკენ გზას დავულოცავდით. სპექტაკლის სცენოგრაფია გამოირჩევა თვალშისაცემი სისადავით და სულ რამდენიმე შტრიხით  ხაზგასმული სიდუხჭირე სპექტაკლს ყალბი ექსპრესიულობისაგან ათავისუფლებს.

                                                                                       სოფიო თოდუა

                                                                            გაზ. „ახალი ეპოქა“. 2001 წ.

ფიქრის გორის სკივრიდან

1999 წლის 17 დეკემბერს ფიქრის გორაზე თეატრში – „ვერიკო“ გაიმართა ჩემი საავტორო საღამო – „მადლობა თბილისს ფიქრის გორიდან“. ჩემთვის უძვირფასესი პიროვნების ეს სურათიც იმ საღამოდან არის.

რობიკომ რომ ბრძანა, ჩემი პიესა – „შორაპნელი ქალბატონები“ დაიდგმებოდა რუსთაველის თეატრში და როლების განაწილება წავიკითხე, ჩემი დამემართა; თვალებს არ დაუჯერე – ამდენი ვარსკვლავი ერთად! გიჟივით გავვარდი სოფიკოსთან და ბატონ კოტესთან; ვახარე. ეს ის დროა, როცა მარჯანიშვილში ჩემი „საპოვნელა“ და „იადონას თეატრი“ ერთად იყო რეპერტუარში. ბატონმა კოტემ გაიღიმა ახალ ამბავზე – რას დაერიე ამ ჩემს ცოლებს. აქეთ სოფიკო – მარჯანიშვილში, იქეთ მედიკო – რუსთაველში!

ძალიან ზრდილობიანად ვუპასუხე – ბატონო კოტე, არ დარეოდით მერე თქვენც ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავებს; გეთხოვათ ვინმე მეგრელი ქალი; როგორ გაახარებდით იმ ოჯახს, ხომ წარმოგიდგენიათ; მითუმეტეს, მეგრულადაც კარგად საუბრობთ და მეც ასი წელი არ გამოვიხედავდი თქვენკენ!

ბატონმა კოტემ მრავლისმთქმელი ჟესტით გადახედა სოფიკოს – ამ ვაჟბატონმა თუ რამე მოინდომა და მიზანში ამოიღო, ვერაფერი შეაჩერებსო და ხმამაღლა გადასძახა მეუღლეს –

არ აღვნიშნოთ, სოფიკო?

უბერებლობის ელექსირი

რამდენჯერ გვსმენია, დრო რომ ულმობელია და სიბერე სწრაფად მოდის. არადა, დრო კი არა, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციები განაგებს პროცესს – მაღალმოლეკულური ნივთიერებების დაშლის პროცესია დაუნდობელი; ასიმილაციას დისიმილაცია მოსდევს მუდამ და ამიტომაც უწოდებენ ადამიანის ორგანიზმს ქიმიური რეაქციების სამეფოს.

მაგრამ ამ რეაქციების შეჩერების „გზაც“ ხომ არსებობს? მე, პირადად, ვიქტორ ფრანკლისგან ვისწავლე სიბერისგან თავის დაღწევის გზა –

1. შენი საქმე უნდა გიყვარდეს უზომოდ;

2. მეორე ადამიანი უნდა გიყვარდეს უპირობოდ;

3. შენს აღმსარებლობას უნდა სცემდე პატივს;

4. შენში სინდისი უწყვეტ ნაკადად უნდა მოედინებოდეს,

ასეა, სიბერეში ორგანიზმიდან ხასიათი ამოდის და ადამიანი ისე გამოიყურება, როგორც იცხოვრა, რაც დაიმსახურა… ჩემი მეუღლის ბებია, პროფესორი მალიკო მრევლიშვილი ამის უდავო დასტურია. შინაგანად ძლიერი და უაღრესად საინტერესო ადამიანი იყო; თავისი საქმეც უყვარდა – ქართული სასცენო მეტყველების კათედრის გამგე გახლდათ და მისი სტუდენტები დღეს უკვე ქართული თეატრალური ხელოვნების ლეგენდები არიან.

აკადემიკოსი მზექალა შანიძეც იმ თეზას ადასტურებს, რომ როგორც ვცხოვრობთ, ისეთებად „ვიქცევით“ ასაკში.  აგერ, ახლახან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მომიწია მასთან ურთიერთობა; ერთ-ერთ კომისიას თავმჯდომარეობდა; მეც იმავე კომისიის წევრი ვიყავი.

ქალბატონი მზექალა დაუჯერებელი ახალგაზრდული ენერგიითა და სიდარბაისლით უძღვებოდა სხდომას. ყოველ სიტყვას მისი განსაკუთრებული „გონი“  მოჰყვებოდა.

ასაკში რომ გავლილი ცხოვრება ადამიანს გარეგნობაზე „გამოეფინება“, ამის კიდევ ერთი უტყუარი „დასტური“ იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბრწყინვალე თაობის წარმომადგენელი – მთავარი მეცნიერი – ბატონი მიხეილ ქავთარია; სოლიდურ ასაკშიც კი „ბიჭად“  დარჩა – ნათელი გონებითა და განსაკუთრებული ცოდნით, რომელსაც უშურველად გასცემდა. ნეტა, იცოდეთ, როგორ მენატრება და მაკლია მისი ღიმილიანი სალამი.

ვინ თქვა, რომ ასაკი ყველასთვის „საშიშია“? ფრანკლის იმ 4 თეზას ვინც იცავს, იმას ვერც დრო მოერევა, ვერც „პატივცემული ბოღმა“ დაახრჩობს და ბაბუას ნაჭამი ტყემალიც ვერ დააკლებს რამეს – ვერ მოკვეთს შთამომავალს კბილებს.

 არადა, რამდენი „კბილმოკვეთილია“  ჩვენ ირგვლივ…

რასაკვირველია, დრო ულმობელია; ან კი როდის არ იყო?  მაგრამ სჯობს მაინც, გვახსოვდეს ფრანკლის შეგონებები და ვემზადოთ სიბერისათვის…

დავითობა…

ახლადგამოცემული საქართველოს ენციკლოპედიის მე-5 ტომში, 82-ე გვერდზე ჩემი თავიც „ვიპოვე“  – კლდიაშვილი რევაზ (რეზო) შოთას ძე – მწერალი, დრამატურგი, ქიმიკოსი…

ბევრი მოგონება ამომიტივტივდა…

გამახსენდა, წერა რომ დავიწყე, დიდხანს ვებრძოდი ჩემს თავს, მათი დაბეჭდვის სურვილი არ გამჩენოდა…. ერთხელაც სერგო კლდიაშვილს ვეახლე; ვმეგობრობდით და ხშირად დამყავდა სასეირნოდ ჩემი მანქანით. გავენდე. მომიტრიალდა მითხრა – რეზუნა, ადექი და დაბეჭდეო… არ ველოდი ასეთ პასუხს. გვარს რა ვუყო-მეთქი?

მოაწერეო!-შემომძახა და ტვირთიც მომეხსნა.

ჩემი მოთხრობები – „კენედის მკვლელობა“, „ბურდღუას ბიჭები“, „გუცუნია“ და „უნაგირას მთის ძირში“ პირველად 1981 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში” (რედაქტორი – მორის ფოცხიშვილი).

არ მკითხოთ, რა დამემართა.

იმ დღიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, ჩემი 6-7 წლის გიორგუნა კარის გაღებისას თავს მოწიწებით მიკრავდა და აღმატებულად წარმოთქვამდა – ბატონი დავითი მობრძანდა! ერთხელ მოვუთმინე, მეორედ; მერე, მკაცრად ვუთხარი – კარგი რა გიორგუნა, მორჩი ჩემს შაყირს!

გაოცებულმა გიორგუნამ ჩუმად მკითხა – არ გინდა, რეზო, დავითობა?

ამბავი ჩემზე!

თომას ედისონის დღიურებს გადავაწყდი ამას წინ და ერთი ფრაზა გამომყვა იქიდან – თუ არის უკეთესი გზა, იპოვეო…

მგონია, რომ მე დიდი ხანია ვიპოვე და ყოველდღიურადაც ვპოულობ ჩემს გზებს. სტუდენტები ამ გზების უპირობო ნაწილია. მათ სიყვარულს სხვა ფასი აქვს, ალბათ; უფრო სწორედ, შეუფასებელია; მით უფრო, თუ წლების მერეც გრძელდება ეს ურთიერთაღფრთოვანება. ამას წინ ჩემი ყოფილი – სტუდენტი – ცნობილი ექიმი და ქველმოქმედი – ზაზა გუნცაძე მწერდა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მასწავლიდით ქიმიას I კურსზე. თქვენი ლექციები – შეზავებული დრამატურგიით – ყველას ტკბილ მოგონებად გვახსოვს. მე მსახიობის შვილი ვარ და თეატრში გავიზარდე; თქვენში ღვაწლმოსილი ქიმიკოსის გარდა დიდ რეჟისორსაც ვხედავდი ყოველთვის.“

ჩემო ზაზა, მსახიობის შვილი არა ვარ, მაგრამ ისეთ ქალაქში გავიზარდე, ჩემი უბანი –  საფიჩხია, მეზობლები, უბნელები და გარემო, სადაც ვიზრდებოდი,  თავისთავად იყო ურეჟისორო თეატრი  – ბრწყინვალე „მსახიობებითა“ და მასიური სცენებით.

1879 წლის თებერვლის ნომერში გაზეთი „ივერია“ წერდა – „სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა“; მეც იმ „შკოლიდან“ ვარ, შენ რომ ასე მოგწონებია. ამ ბოლოს დროს რატომღაც მიივიწყეს, რომ თეატრში მთავარი მსახიობია! ლექციაც ხომ ერთი მსახიობის თეატრია უპირველესად!

 ზაზა გუნცაძის კიდევ ერთმა თანაკურსელმა – ეკა აშკურიძემაც გამახარა ამას წინ და მომწერა:

მეც თქვენი სტუდენტი ვიყავი, ბატონო რეზო. თქვენს ლექციებზე პირველ კურსზე აუდიტორია მუდამ გადაჭედილი იყო; ყველა განსაკუთრებული სიხარულით მოვიჩქაროდით.

არასოდეს დამავიწყდება ერთი ეპიზოდი იმ ლამაზი წლებიდან, რომელსაც ჩვენი – 90-ანელების გაჭირვებული სტუდენტობა ერქვა.

ერთხელ დაფასთან ერთ-ერთი სტუდენტი გაიყვანეთ; მან, რა თქმა უნდა, ჩვეული ნიჭიერებით, გულისხმიერებითა და თავმდაბლობით, ზედმიწევნით ზუსტად უპასუხა თქვენ მიერ დასმულ კითხვებს; მერე თქვენ მოგვიბრუნდით და გვითხარით – ,,დაიმახსოვრეთ კარგად ეს ახალგაზრდა კაცი; გაივლის წლები და მისგან დადგება საუკეთესო ექიმი, გულისხმიერი, თავმდაბალი და ყურადღებიანი… ტიპური ნამდვილი ექიმი! კარგად დაიმახსოვრეთ….“

ეს სტუდენტი დღეს უკვე ჩემი კოლეგაცაა – ზაზა გუნცაძე.

მე კი მუდამ იმით ვამაყობდი და ვამაყობ, რომ ლექციებს მიკითხავდა ქუთაისელი, საფიჩხიელი (მეც საფიჩხიელი ვარ), მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული საყვარელი ლექტორი – ბატონი რეზო კლდიაშვილი (ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ხომ არასოდეს დამავიწყდება, ბატონო რეზო) .

ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული თქვენ ….

პატივისცემით, ეკა ფაშკურიძე“…

30 წლის მერეც რომ სტუდენტებს უყვარხარ და ახსოვხარ, ესეც ხომ „ამბავია? ამბავი ჩემზე და ჩემს განსაკუთრებულ, გამორჩეულ სტუდენტებზე…

Review – The chest

Rezo Kldiashvili – Stories about myself…And a little bit about you… (Part V)

The playwright Rezo Kldiashvili tells us the stories that his everyday life, culture, handwriting, and dramaturgy have created over time; with distinctive and sophisticated linguistic maneuvers, the writer is introducing us to the environment where he was born, grew up, and met the people who created the portrait of Rezo Kldiashvili and his life.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…