პაატა ჩხეიძის სტატია

გმირთა ქმედება შექსპირის ტრაგედიებში

, , ,

ვისაუბროთ უილიამ შექსპირის სამი ტრაგედიის – „ჰამლეტის“, „მაკბეტისა“ და „მეფე ლირის“ შესახებ. შევეცადოთ, თვალი გავადევნოთ მთავარ გმირთა მოქმედებას და გამოვიცნოთ, რა არის მათში საერთო.

„ჰამლეტი“ 1602-1603 წლებში დაიწერა. რა ხდება ამ დროს? „დროთა კავშირი დაირღვა“. შექსპირის მამა გარდაიცვალა. გარდაიცვალა ხელმოცარული, შვილის ხელის შემყურე.

1601 წელს ელიზაბეთ I-მა, შეთქმულების მოთავეობისათვის, თავი მოჰკვეთა რობერტ დევეროს, მეორე გრაფ ესექსს. იმავე მიზეზით ციხეში ჩასვა და სიკვდილი მიუსაჯა ესექსის მეგობარს, ჰენრი რაიოთსლის, მესამე გრაფ საუთჰემპტონს, შექსპირის მფარველსა და მეგობარს, რომელსაც რამდენიმე თხზულება მიუძღვნა პოეტმა. შექსპირი ამ დროისათვის ცნობილი კაცი იყო და შიშის საფუძველი ექნებოდა; შეიძლებოდა, ეჭვი მასზეც მიეტანათ. მის და საუთჰემპტონის იღბლად 1603 წელს ელიზაბეთ I გარდაიცვალა.

არაერთ კრიტიკოსს შეუნიშნავს, რომ ჰამლეტი თვითონ შექსპირია. ამაზე ჯეიმზ ჯოისიც კი ალაპარაკებს სტივენ დედალუსს „ულისეში“.

ჰამლეტი ვიტენბერგის უნივერსიტეტში სწავლობდა, ვიტენბერგი, იმ დროს, XVI-XVII საუკუნეებში, ლუთერანობის ცენტრი გახლდათ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჰამლეტი ლუთერანული აღმსარებლობისაა. იგი უნდა თვლიდეს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და ადამიანი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს ღვთის ნებას, რომ მხოლოდ რწმენას შეუძლია იხსნას ადამიანის სული. ლუთერი უარყოფს ნების თავისუფლებას. იგი აცხადებს, რომ რწმენა მიიღწევა არა გონებით, არამედ გამოცხადების საშუალებით. მაგრამ ჰამლეტი დაეჭვებულია ამ მოძღვრებაში, გავიხსენოთ, There are more things in heaven and earth, Horatio,/ than are dreamt of in your philosophy (უფრო მეტი რამაა ზეცასა და მიწაზე, ვიდრე დასიზმრებია შენს ფილოსოფიასო). აქაც მოჩანს, რომ შექსპირი ფარული კათოლიკეა.

„ჰამლეტი“ ყველაზე ცნობილი და ციტირებული,  მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე გრძელი და გაჭიანურებულია შექსპირის ტრაგედიათა შორის და ნეტავ რას უნდა გამოეწვია ეს?

„ჰამლეტმა“ დამაწყებინა ფილოსოფიური კრიტიკაო, წერს სემუელ ტეილორ კოლრიჯი და იქვე ახსენებს, შლეგელის ლექციებს ვისმენდი შექსპირზე ვენაში და ჩემი ლექციები (უამრავი მსმენელი ჰყავდა) მან შთამაგონაო.

ჯერ ჰამლეტის ხასიათზე საუბრობს: შექსპირი ღრმად და ზედმიწევნით იცნობდა ადამიანის გონებრივ ფილოსოფიას და ამიტომ ჰამლეტის ხასიათს აკავშირებს ძირეულ კანონებთან, რაც საერთოა ადამიანური ბუნებისათვის და ამიტომაცაა ჰამლეტი ძვირფასი ყველა ქვეყანაშიო. ადამიანი იმით განსხვავდება მხეცისაგან, რომ იგი აზროვნებს; როცა აზროვნება და გრძნობა გაწონასწორებულია, ჯანმრთელი პროცესი ნარჩუნდება, ხოლო როცა აზროვნება გადაწონის, ადამიანი მხოლოდ ფიქრობს და მოქმედების უნარს კარგავსო. შექსპირი ყოველთვის ცდილობდა წონასწორობის დაცვას, მაგრამ „ჰამლეტში“ წონასწორობა ირღვევაო, მისი აზროვნება და  ფანტაზია სჭარბობს სინამდვილეს გამოკვეთილობითა და სიძლიერით და, ამიტომ სულ სხვა სახეს იძენს, რეალობას სცილდება ანუ აჭარბებს, დიად ინტელექტუალურ ჭიდილშია და სავსებით კარგავს მოქმედების უნარსო, წერს კოლრიჯი.

ამავე დროს, ჰამლეტი მამაცია და სრულებით არ უფრთხის სიკვდილს, მაგრამ იმდენს ფიქრობს, რომ მოქმედებას ვეღარ ახერხებს. მისი გონება გამუდმებით მუშაობს და სრულიად გაუცხოებია გარე სამყაროს, გადასულია აჩრდილების სამყაროში და დაკარგული აქვს ყოველდღიურობის განცდა. შთამბეჭდავია არა საგანი ან მოვლენა, არამედ საგნის ან მოვლენის აღმქმელის ფიქრი მასზე, არა გრძნობითი შთაბეჭდილება, არამედ წარმოსახვითი რეფლექსია. ჰამლეტის გრძნობები ტრანსშია და საგნებსა და მოვლენებს აღიქვამს, როგორც გამოცანებსო, წერს კოლრიჯი.

ჰამლეტის ტრანსში ყოფნას მრავალი მიზეზი აქვს და ჩვენი ამოცანაა ერთ-ერთს მივაკვლიოთ.

კოლრიჯის მოსაზრებებიდან იმან დამაფიქრა, ჰამლეტში წონასწორობა ირღვევაო, რომ ამბობს. რას ნიშნავს ეს? კოლრიჯი აღფრთოვანებული იყო „ჰამლეტი“ ტრაგედიითა და ჰამლეტი გმირით. და, მიუხედავად ამისა, მის სიტყვებში ნაკლის აღნიშვნა ხომ არ ისმის?  წონასწორობა ირღვევაო; რას გულისხმობს, შექსპირის შეგნებულ გადაწყვეტილებას, რომ დაერღვია წონასწორობა თუ იმას, რომ შექსპირს ხელიდან გაექცა დრამატული განვითარება და ამიტომ დაერღვა წონასწორობა?

…რაღაც ამგვარს, ან უფრო მეტსაც ხომ არ აღნიშნავდა ტ. ს. ელიოტი თითქმის საუკუნის შემდეგ?

ტ. ს. ელიოტი აცხადებდა, კრიტიკოსები მარცხდებიან ჰამლეტის ახსნა-შეფასებისასო. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ჰამლეტი დანაწევრებული სახეა, რომელიც დაუმუშავებელი მასალისაგანაა შეკოწიწებული; ადამიანებისაგან, რომელნიც თავიანთი წინამორბედების ქმედებებში ცდილობენ წვდომასო.

ტომას კიდს მიეწერება,  რომ დაწერილი ჰქონია, ტრაგედია „ჰამლეტი“. მანვე დაწერა „ესპანური ტრაგედია“, რაც წყაროა შექსპირის „ჰამლეტისათვის“ და კიდევ რამდენიმე წყარო დაიძებნება, რასაც შექსპირი ხელიდან არ გაუშვებდა.

„ესპანურ ტრაგედიაში“ პროტაგონისტი თავს იგიჟიანებს, ასევეა „ჰამლეტშიც“; მაგრამ ჰიერონიმო თავს იმიტომ იგიჟიანებს, რომ მცველებით გარშემორტყმულ მეფემდე მიაღწიოს. ჰამლეტს კი ეს არ სჭირდება და მის მიერ მოგონილი სიგიჟე კიდევ უფრო მეტად აეჭვიანებს მეფეს. ამიტომ არ არის ეს გარდასახვა დამაჯერებელიო, წერს ელიოტი.

ამასთან ერთად ელიოტი იმასაც ამბობს, რომ შურისძიების მოტივის გარდა, არის შვილის, ჰამლეტის, განრისხება დედის გამო, რომელმაც გარდაცვლილ მეუღლეს უღალატა და უმსგავს ადამიანს გაჰყვა ცოლად. ელიოტის აზრით, „ჰამლეტი“ შექსპირისათვის კრიზისული ჟამის ქმნილებაა და მისი ბოლომდე დამუშავება ვერ შეძლო. შვილის მიერ დედის ღალატის განცდა არ არის ისეთი ძლიერი და გამოკვეთილი, როგორც ოტელოს ეჭვიანობა, ანტონიუსის სიყვარული ან კორიოლანოსის სიამაყეო.

ელიოტს შემოაქვს „ობიექტური კორელატივის“ ცნება, რაც საგანთა, მოვლენათა, სიტუაციათა განვითარების თავ-თავის ადგილზე დალაგებაა, რამაც უნდა განაპირობოს კონკრეტული ემოციის ფორმულამდე მიღწევა. ასეთია, მაგალითად, ლედი მაკბეტის შეშლილობა. ჰამლეტს აღაშფოთებს დედის საქციელიო, ამბობს ელიოტი, მაგრამ დედოფლის სახე ისეთი უშინაარსო და არაფრისმთქმელია, რომ შესაბამისი ეფექტი ვერ მიიღწევაო.

კოლრიჯს, რაღაცნაირად, მინიშნებული აქვს „ჰამლეტის“ გაწელილობისა და გაჭიანურების მიზეზი – ძალზე ბევრს ფიქრობსო. ელიოტი ამას არ დაგიდევს, იგი ხედავს, რომ, დრამატურგიულად, რაღაც ვერაა წესრიგში და ვერდიქტი გამოაქვს, მარცხიაო.

…ჰაროლდ ბლუმი აკრიტიკებს, მეტიც, კიცხავს ტ. ს. ელიოტს იმ, განთქმული, შეფასებისათვის და იკითხავს, „ჰამლეტი“ თუ მარცხია, მაშ წარმატება რაღააო. გმირი ჰამლეტი გაცილებით მეტია, ვიდრე ტრაგედია ჰამლეტიო და შურისძიების ტრაგედია ძალზე პატარაა დასავლური აზროვნების გამომხატველი ინტელექტუალისათვისო.

„ჰამლეტი“ შურისძიების ტრაგედია არ არისო, ამბობს ბლუმი; „ჰამლეტი“ მსოფლიო თეატრია, „ღვთაებრივ კომედიასავით,“ „დაკარგულ სამოთხესავით“, „ფაუსტივით“ ან „ულისესავითო“ და შექსპირის სხვა პიესები მოკრძალებით თუ ამოუდგებიან გვერდითო და ვერც ერთი შექსპირული პერსონაჟი ვერ გაუტოლდება ჰამლეტსო. ჰამლეტი შექსპირს სცილდება და უფრო შორს მიდისო.

ბლუმის აზრით, ჰამლეტი რომ პასიური და უმოქმედო დარჩენილიყო, აჩრდილთან შეხვედრის შემდეგ, არც პოლონიუსი მოკვდებოდა, არც ოფელია დაიღუპებოდა, არც როზენკრანცი და გილდერნსტერნი დაისჯებოდნენ სიკვდილით.

„ჰამლეტის“ საკითხი ყოველთვის ჰამლეტიაო, ამბობს ბლუმი და ჰამლეტის აზროვნებას რენესანსის სკეპტიკურ გონებას უწოდებს და გაოცებას გამოთქვამს, როგორ გაუჩნდათ მამა ჰამლეტსა და გერტრუდას ასეთი ინტელექტუალური შვილიო.

ისეთი ებრაელი გნოსტიკოსისაგან, როგორიც ჰაროლდ ბლუმი იყო, ასეთი მსჯელობა მოსალოდნელია, მაგრამ „ჰამლეტის“ გაჭიანურების მიზეზზე  იგიც  არაფერს ამბობს.

***

ობიექტურად, „ჰამლეტის“ სიდიდესა და გაჭიანურებულობას მრავალი მიზეზი აქვს. ყველაფერი ჰამლეტის საფიქრალში იყრის თავს:

  1. მამის აჩრდილი და მისი დავალება. შურისძიების აქტი უნდა შესრულდეს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ როგორ? ბრალი რომ დასდოს, ვერაფერს  დაამტკიცებს, აჩრდილს მოწმედ ვერ მოიყვანს. თვითონაც გაორებულია აჩრდილის დავალებით.  კოლრიჯი წერდა, თვით ჰიუმიც კი დაიჯერებდა აჩრდილის არსებობასო, სკეპტიკოს ჰიუმიც კი, ვისაც არაფრისა სჯეროდა, მთელი სამყარო აჩრდილად მიაჩნდა. ჰამლეტს სჯერა აჩრდილის არსებობა, მაგრამ გონებით ებრძვის მის დავალებას; ამიტომაა, რომ ამბობს, ალბათ, ბოროტი სულია და მომაჯადოვაო. ეს აზრი მისი განსწავლულობიდან მოდის და თუმცა დასაწყისში ერწმუნება, მაგრამ მაინც გადაამოწმებს და სამეფო კარზე დადგმული სპექტაკლის შემდეგ ამბობს, აჩრდილის სიტყვები სიმართლეაო. მაგრამ იქვე თავს იკავებს და ლოცვად დამდგარ კლავდიუსს  არ კლავს; ჯერ ერთი იმიტომ, რომ ზეცად გავგზავნიო და მეორე, ალბათ, იმიტომ, რომ მის სიქველეს არ ეკადრება მიპარვით მოკვლა;
  2. დედის საკითხი. ელიოტის მიხედვით, ჰამლეტი ყველაზე მეტად ამას განიცდის და უთუოდ ხელსაც უშლის გადაწყვეტილების მიღებაში. მეფე და დედოფალი პიესაში უმთავრესად ერთად არიან და ჰამლეტმა დედას თვალწინ უნდა მოუკლას მეორე ქმარი;
  3. ოფელია. ესეც მიზეზია, შურისძიების აღსასრულებლად ჰამლეტი უარს ამბობს ოფელიას სიყვარულზე და ამასაც საკმაო ნაწილი ეთმობა პიესისა;
  4. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ყოყმანისა, ალბათ, სჯულისა და კანონის დაცვაა. ჰამლეტი ჰიერონიმო არ არის, რომ ოღონდ კი მოკლას და მერე სულერთი იყოს მისთვის ყველაფერი. მან იცის, რომ მეფის მოკვლა არ შეიძლება. მამა ჰამლეტს ორი მეფე ჰყავს მოკლული, ნორვეგიისა და პოლონეთისა, მაგრამ ისინი მან კანონიერ ორთაბრძოლაში დაამარცხა. ჰამლეტი კი დანიის მეფეს ორთაბრძოლაში ვერ გამოიწვევს; რომ მივიდეს და მოკლას, სახელს შეირცხვენს, კლავდიუსს კი მოწამედ აქცევს. ამიტომაა, რომ იგი კლავდიუსს, მხოლოდ ლაერტისა და გერტრუდას მიერ საჯაროდ მხილების შემდეგ კლავს და ამის მერეც ევედრება ჰორაციოს, რომ ყველაფერი უამბოს ხალხს და მისი სახელი შერცხვენისაგან გადაარჩინოს.

***

„მაკბეტი“ 1606 წელს მეფე ჯეიმზ I-ის მმართველობისას წარმოადგინეს სცენაზე.

„მაკბეტი“ არაფრით ჰგავს „ჰამლეტს“; მოკლე პიესაა, ეკონომიური, შეკრული, ელვისებურად ვითარდება და მთავრდება.  ამბობენ, რომ მეფე ჯეიმზს ყურადღების გამახვილება ერთ რამეზე დიდხანს  არ შეეძლო და ამიტომაც შეამოკლეს პიესაო, მაგრამ თვით პიესის სიუჟეტი გვიჩვენებს, რომ  გაჭიანურება არც  გამოვიდოდა. ეს ტრაგედია დიდი მხატვრული ოსტატობითაა დაწერილი.

მაკბეტი ჰამლეტისგან განსხვავებით, დაუფიქრებლად, ელვისებურად მოქმედებს და ბევრს არ ფიქრობს; ჰო, მსგავსება ცოტაა, თუ არ ჩავთვლით მოჩვენებებსა და სინდისის ქენჯნას.

პიტერ აკროიდი წერს, მაკბეტი ღამის პოემააო, მაგრამ თვით მაკბეტი მუქ ფერებში არაა დახატულიო, სიცოცხლითა და ენერგიით სავსეა, ბუნებრივი ძალა ამოძრავებს და კარგისა და ცუდის საყოველთაო წარმოდგენებზე მაღლა დგასო. მაგრამ როგორც შექსპირის ყველა ტრაგიკული გმირი იგიც წერას ჰყავს ატანილიო.

მაკბეტი სკოტლენდის ისტორიული მეფეა (1040-57). იგი არ იყო დაუნდობელი მკვლელი. სახელად მაკ ბეთადი ერქვა, მეფე დუნკანი ბრძოლაში მოკლა 1040 წელს და მეფე გახდა.

მაშ, საიდან აიღო ეს ისტორია შექსპირმა? – ჰოლინშედის ქრონიკიდან აიღო და სახელები შეუცვალა. ქრონიკაში მეფე დაფს კლავენ დონვალდი და მისი ცოლი. საქმე მეტად ჩახლართულია. ჰოლინშედის მიხედვით, ის მეფე უსამართლო მმართველი იყო, იგი კანონის დარღვევით გამოაცხადებს თავის ვაჟს კამბერლენდის პრინცად და მაკბეტს მემკვიდრეობას ართმევს. მაკბეტი ძალით დაიბრუნებს ტიტულს და მეფობას მოიპოვებს, ბენქო ეხმარება მეფის დამარცხებასა და მოკვლაში, მაგრამ ამას მალავს შექსპირი, რადგან მეფე ჯეიმზი ბენქოს შთამომავლად ითვლება. ამიტომაა, რომ კრიტიკოსი უილიამ ემპსონი, მაკბეტს ზღაპარს უწოდებს.

ჰამლეტი წარსულზეა. მაკბეტი – მომავალზე.

მთავარი მსგავსება აჩრდილები და კუდიანებია. „ჰამლეტში“ აჩრდილი წარსულ ამბავს აცნობებს ჰამლეტს. „მაკბეტში“ კუდიანები მომავალს უწინასწარმეტყველებენ მაკბეტს. ჰამლეტს საგონებელში აგდებს წარსული. მაკბეტს არაფერი აფიქრებს, იგი მიისწრაფვის მომავლისაკენ, წინასწარმეტყველებას მიჰყვება. გარდა ამისა, აჩრდილი „მაკბეტშიცაა“; მაკბეტს თავისი ხელით მოკლული ბენქოს აჩრდილი გამოეცხადება.

სავარაუდოა, რომ „მაკბეტი“ მეფე ჯეიმზის მოსაწონად დაიწერა და დაიდგა. იგი არა მარტო ბანქოს შთამომავალია, არამედ აჩრდილებისა და კუდიანების ამბებიც მეტად იტაცებდა და წერდა კიდეც მათზე.

წინასწარმეტყველება რომ არა, მაკბეტი კავდორის თენობას დასჯერდებოდა. წინასწარმეტყველება აქეზებს პატივმოყვარეობას და ჩაადენინებს მკვლელობას. არაამქვეყნიური ძალების იმედით ივიწყებს მოვალეობას და სჯულს. მაგრამ ბლუმის აზრით იგი არ არის უბრალო არამზადა, არც ბოროტი სული. მაკბეტში იგი ფაუსტურ პარადიგმას ხედავს და ახალი ლიტერატურიდან „მობი დიკის“ აქაბში პოვებს მსგავსებას.

მაკბეტი ყველაზე ელვარე პერსონაჟია ტრაგედიისა, ლედი მაკბეტთან ერთად. იგი ადამიანურია და ამით გვიზიდავს. ჰუბრისითაა შეპყრობილი და პასუხისმგებლობისა და მოვალეობის შეგრძნებისაგან დაცლილი. კანონი არ არსებობს, კანონი წინასწარმეტყველებაა.

***

„მეფე ლირი“ უილიამ შექსპირმა 1605-06 წლებში დაწერა და წარმოადგინა. ესე იგი, ჯეიმზ პირველის (სკოტების მეფე ჯეიმზ IV) დროს. მისი ინგლისის ტახტზე ასვლით გაერთიანდნენ ინგლისი და სკოტლენდი, ხმარებაში შემოვიდა ტერმინი ბრიტანეთი; „მეფე ლირში“ სწორედ ასე წერია: Scene Britain (მოქმედების ადგილი ბრიტანეთი).

ეს პიესა ჯეიმზის გამეფების მონაპოვარის, გაერთიანების ქებაა და გაფრთხილება, რომ სამეფოს დაყოფა არ შეიძლება (სტივენ გრინბლატი, პიტერ აკროიდი).

„მეფე ლირის“ პროტაგონისტი, რა თქმა უნდა, ლირია. ბრიტანეთის ძლევამოსილი მეფე. მის სახელმწიფოში მშვიდობა და წესრიგია. მაგრამ რაღაც აწუხებს ლირს, რაღაც შესჩენია და პირველივე მოქმედებაში შეშლილივით იქცევა: უმცროს ქალიშვილს, კორდელიას მზითევს წაართმევს, ერთგულ გრაფ კენტს გააძევებს. გამოდის, რომ მისი გმირობა და ღვაწლი პიესის დასაწყისამდე შესრულდა, უკვე ჰუბრისმა შეიპრო და უნდა დაეცეს და ასეც ხდება, მაგრამ წინ მთელი ტრაგედიაა და მთელი ტრაგედიის განმავლობაში ლირის დაცემის მოწმენი ვართ…  და თუ არა ლირმა,  ვინ შეიძლება იკისროს გმირის ტვირთი ტრაგედიის დადებით პერსონაჟთაგან. ეგებ ედგარმა, რომელიც იმალება და თავს იგიჟიანებს? ეგებ ოლბენის მთავარმა, რომელიც იშვიათად ჩნდება, პიესის ბოლოს გააქტიურდება და კორდელიას ანუ საფრანგეთის ჯარს ებრძვის?

სამართლიანობის აღდგენა, ლირის გადარჩენა მხოლოდ კორდელიას სურს. მაგრამ მისი ხასიათის ან ღვაწლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ნაწარმოების დასაწყისსა და დასასრულში შემოდის. ცოტა რამ ვიცით მისი განცდებისა და მიზნების შესახებ.

კორდელია განდევნილია (განტევების ვაცი), ბრუნდება და კეთილ სახელს აღიდგენს, ურიგდება მამას და მის გადარჩენას ისახავს მიზნად. მაგრამ აქ ერთი პარადოქსი წამოყოფს თავს: ორი დადებითი პერსონაჟი, კორდელია და ოლბენი ერთმანეთს ებრძვიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ. კორდელია მარცხდება. იგი იღუპება. რატომ არ გადაარჩინა იგი შექსპირმა? რატომ ამჯობინა აპოკალიფსური ფინალი?

დავიწყოთ თავიდან.

ბრიტანეთის სამეფოო ერთიანია, მშვიდობა სუფევს, მაგრამ რაღაც ვერ არის წესრიგში და მოხუცებული, დამაშვრალი მონარქი უცნაურად იქცევა. მისი აღქმა ესქატოლოგიურია, მის სამეფოში თხა და მგელი ერთად ძოვს და რატომაც არ უნდა დაისვენოს? მაგრამ დასვენების უცნაური გზა მოუძებნია…

Lear – Meantime we shall express our darker purpose,

Give me the map there, – Know, that we have devided

In three, our kingdom; and ‘tis our fast intent

To shake all cares and business from our age.

Conferring them on younger strengths, while we

Unburden’d crawl toward death. – our son of Cornwall,

And you, our no less son of Albany

We have this hour a constant will to publish

Our daughters’ several dowers, that future strife

May be prevented now . . .

(ამასობაში, ჩვენი ფარული მიზანი უნდა გაგიმჟღავნოთ, აქ მომეცით, რუკა, – იცოდეთ, რომ სამად გავყავით ჩვენი სამეფო და ჩვენი განზრახვაა ჩვენს ასაკს ჩამოვაცილოთ საზრუნავი საქმეები და ახალგაზრდა ძალებს გადავცეთ, ხოლო ჩვენ ტვირთმოხსნილნი სიკვდილისაკენ გავღოღდებით. – ჩვენო ვაჟო კორნვალ და ასევე ჩვენო ვაჟო ოლბენი, ახლა უნდა გამოვაცხადოთ მტკიცე განზრახვა, ჩვენი ქალიშვილების მზითევის გამო, რომ მომავალი ქიშპი ახლავე ავიცილოთ . . . )

თითქოს ყველაფერი რიგზეა. ლირი ახსენებს darker purpose (ბნელ მიზანს ანუ ფარულ განზრახვას), რაშიც ალბათ გადაწყვეტილების სიმძიმე, ან პოლიტიკური სირთულე ათქმევინებს, რაც აქამდე საიდუმლო იყო. ლირი სამეფოს სამ ტოლ ნაწილად ყოფს. ამაში არაფერია უცნაური და გასაკვირი. ეს ხომ მმართველობის დეცენტრალიზაციაა, ძალაუფლების ნაწილობრივი დელეგირება, სახელმწიფოს უკეთ სამართავად. სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია ფეოდალური სახელმწიფოს სამთავროებად დაყოფა და მთავრების დანიშვნა. და, გარდა მართვის გაუმჯობესებისა კიდევ ერთი რამ აქვს მიზნად ლირს, that future strife/ May be prevented now, ახლავე უნდა ავირიდოთ მომავალი ქიშპიო.

ლირს არა ჰყავს ვაჟი, ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მას შეუძლია ქალი დასვას ტახტზე, ბრიტანეთში არის პრეცედენტი, მაგრამ იგი რთულსა და არაგონივრულ გზას ირჩევს. ქვეყნის ნაწილების მმართველებად კი არ ნიშნავს სიძეებს, არამედ მეფეებად აცხადებს და ერთიან სამეფოს ანაწევრებს. და ის რაც სავსებით ბუნებრივი უნდა ყოფილიყო, ბავშვურ ახირებულობად გადაიქცევა;

Tell me, my daughters,

(Since now we will divest us, both of rule,

Interest of territory, cares of state.)

Which of you, shall we say, doth love us most?

That we our largest bounty may extend

Where nature doth with merit challenge, –

(მითხარით ჩემო ქალიშვილებო, ახლა როცა ხელი ავიღე მართვაზე, ტერიტორიებზე, სახელმწიფო საქმეებზე. რომელს უფრო მეტად გიყვარვართ? რომ გავაფართოოთ ჩვენი გულუხვობა, სადამდეც ბუნება გადასწვდება,-)

რა ხდება, ბრძენი ხელმწიფე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სიყვარულის გამოხატვაზე ახურდავებს? როგორც პროფესორი პოლ ფიდესი წერს, იგი სიყვარულს ვაჭრობის საგნად აქცევს? Which of you, shall we say, doth love us most? ეს სიტყვები აბიაბრუებს ლირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. არც ისაა გამართლებული, რომ თავის ასაკსა, უძლურებასა და სიკვდილზე დასცდება სიტყვა: To shake all cares and business from our age . . .  while we Unburden’d crawl toward death. და უკიდურესობამდეც მიდის, ძლევამოსილ, ბრძენ მეფეს თავისი ქალიშვილების მლიქვნელობის მოსმენა ეამება და სიყალბეს ვერ ამჩნევს.

მამას, მოხუცებულ, მოამაგე მამას, რომ შვილებისაგან მადლიერების სიტყვების მოსმენა უხაროდეს, განა დასაძრახია?! მაგრამ ქვეყანაზე მზრუნველი მეფისაგან მსგავსი საქციელი მის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრივ დაუძლურებაზეც მეტყველებს. იგი თვითონ მიუთითებს თავის ხანდაზმულობაზე, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ შეშლილობის ზღვარზეა მანამდე, სანამ ამას მეფის კარისკაცთაგან ყველაზე გონიერი და ერთგული გრაფი კენტი არ შენიშნავს. ყველაფერი კორდელიას ურჩობით იწყება; ლირი სთხოვს სიყვარული გამოუცხადოს:

…Speak                    

Cor. Nothing, my lord.

Lear. Nothing?

Cor. Nothing.

Lear. Nothing can come of nothing: speak again

Cor. Unhappy that I am, I cannot heave

My heart into my mouth: I love your majesty

According to my bond; nor more, nor less.

(…რას იტყვი/  კორ. არაფერს მილორდ,/ ლირი. არაფერს?/ კორ. არაფერს? /ლირი. არაფრისგან არაფერი იქნება: თქვი /კორ. უბედური ვარ, არ შემიძლია ჩემი გულის ამოტანა პირთან: /მიყვარს თქვენი უდიდებულესობა ჩემი მოვალეობისამებრ; არც მეტად, არც ნაკლებად./)

სემუელ ტეილორ კოლრიჯი ამგვარად აფასებს კორდელიას განწყობილებასა და უარს:

There is something of disgust at the ruthless hypocrisy of her sisters, and some little faulty admixture of pride and sullenness in Cordelia’s ‘nothing’; and her tone is well contrived, indeed, to lessen the glaring absurdity of Lear’s conduct, but answers the yet more important purpose of forcing away the attention from the nursery-tale, the moment it has served its end, that of supplying the canvass for the picture (Coleridge, Lear, გვ. 130).

(ერთგვარი სისაძაგლე და დაუნდობელი სიყალბეა დების ნათქვამში და   მცდარი ნაზავი სიამაყისა და სიჯიუტისა კორდელიას ‘არაფერში’; მისი კილო კარგადაა გააზრებული, რათა შეანელოს ლირის საქციელის აბსურდულობა და პასუხები უფრო მნიშვნელოვან მიზანს ისახავს, რომ ყურადღება გადმოიტანოს ბავშვური ტიკტიკიდან, რითაც ამას ბოლოს მოუღებს და მსჯელობას შემოიტანს).

ამრიგად, კოლრიჯი უფროსი დების საქციელს, ruthless hypocrisy-ს, უმოწყალო, უმსგავს პირფერობას უწოდებს, რასაც ხედავს კორდელია და მისი რეაქციაა faulty admixture of pride and sullenness, სიამაყისა და სიჯიუტის მცდარი ნაზავი. უფროსი დების პირფერობამ კორდელიას სიჯიუტე გამოაღვიძა და იგი უარს ამბობს ამ თამაშში აჰყვეს მამასა და დებს, თუნდაც ეს მცდარი ნაბიჯი იყოს და მძიმედაც დაუჯდეს. კორდელიას სიტყვები კარგადაა გააზრებული, რათა ლირის საქციელის აშკარა აბსურდულობა გაამჟღავნოსო, ამბობს კოლრიჯი. თუ კოლრიჯს ვერწმუნებით, რომ კორდელიას სიტყვები კარგადაა გააზრებული, იგი არა მარტო დების საქციელით გაბრაზებულ-გაჯიუტებული გამოდის, არამედ ლირის პოლიტიკის მოწინააღმდეგეც და სახელმწიფოს განუყოფლობის, ერთიანობის დამცველიც.

ამას ყველაზე უკეთ გრაფი კენტი ხედავს. კოლრიჯი მიიჩნევს, რომ:

This is also materially furthered by Kent’s opposition, which displays Lear’s moral incapability of resigning the sovereign power in the very act of disposing of it. Kent is, perhaps, the nearest to perfect goodness in all Shakespeare’s characters and yet the most individualized. (Coleridge, Lear, p. 130).

(ამას აგრძელებს კენტის შეწინააღმდეგება, რაც გვიჩვენებს ლირის ზნეობრივ უძლურებას, როცა ძალაუფლებას ტოვებს და გადაანაწილებს. კენტი, ალბათ, ყველაზე ახლოსაა სრულ სიკეთესთან შექსპირის ყველა პერსონაჟთაგან, თუმცა ყველაზე ინდივიდუალიზებულია).

კენტი ლირს უპირისპირდება იმიტომ, რომ ლირს არ შესწევს ზნეობრივი ძალა დათმოს ძალაუფლება მისი გადაცემის დროსაც კი. კენტი, ალბათ, ყველაზე კეთილშობილი პერსონაჟია შექსპირის გმირებს შორის, თუმცა მეტად გარიყულიო, ამბობს კოლრიჯი. მართლაც, შექსპირის გმირებიდან ალბათ ყველაზე ნაკლები გრაფ კენტზე დაუწერიათ კრიტიკოსებს და ალბათ ყველაზე ნაკლებად მოხსენიებულიც არის შექსპირზე საუბრის დროს. ასე სხვა გმირებზეც, მაგალითად, ჰენრი მეხუთე, გმირი მეფე, შექსპირის ქრონიკების, „ჰენრი IV“ და „ჰენრი V“, გმირი. ამ პიესების პერსონაჟი, კომიკური სერ ჯონ ფოლტაფი უფრო პოპულარულია, ვიდრე ჰენრი მეხუთე; რას ვიზამთ მკითხველს არამზადა, თაღლითი ან დასაცინი უფრო იზიდავს.

მაგრამ დავუბრუნდეთ კორდელიას, რა გზას დაადგება იგი და რა არაა მოსაწონი მის საქციელში? კორდელია ხედავს დების პირმოთნეობას, იგი დამწუხრებულია და ეგებ განრისხებულიც. ამ შემთხვევისათვის  ელიოტისეული ობიექტური კორელატივის მეთოდი რომ მოვიშველიოთ – როგორც ფაქტების, მოვლენებისა და ქმედებათა ჯამი, რაც ქმნის განწყობილებას და იწვევს ქმედებას – და აქედან შევხედოთ, კორდელიას დებისათვის უნდა შეეტია და მათი ფარისევლობა და მზაკვრობა ემხილებინა, მაგრამ ამის ნაცვლად იგი მამას ეურჩება, რითაც მის მრისხანებას მოიმკის.

როგორც ვნახეთ, კოლრიჯის თანახმად, კორდელია არც ისეთი გულუბრყვილოა, არც ისეთი უმანკო და არც ისეთი გულწრფელი, როგორც ჰგონიათ. მას თავიდანვე შეუძლია დაუყვავოს მოხუცებულსა და გონსგადასულ მამას და მიიღოს ნაბოძები მზითევი, მაგრამ ამჯობინებს გაჯიუტდეს და უმზითვოდ გაჰყვეს საფრანგეთის მეფეს. დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ იგი არაა სუსტი და უძლური და ამას პიესის მეორე ნაწილში ვხედავთ. პირველი სცენებიდან გამქრალი კორდელია ბოლო სცენებში გამოჩნდება.

მეოცე საუკუნის კრიტიკოსებიდან კვლავ ნორთროპ ფრაისა და ჰაროლდ ბლუმს მივმართოთ.

ნორთროპ ფრაი მიიჩნევს, რომ ლირი-კორდელიას ეპიზოდი შექსპირს არავისგან აუღია, მთლიანად მისი შეთხზულია, მთლიანი მასალა კი სერ ფილიპ სიდნის ‘არკადიიდან’ უნდა იყოსო. ლირის მიერ მოწყობილ, სიყვარულის ყოვლად უგუნურ გამოცდას რაც შეეხება, გონერილი და რიგანი, რა თქმა უნდა, პირმოთნეები არიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირმოთნეობა მორჩილებიდანაც მოდის; ისინი ემორჩილებიან მამას და მეფეს, სანამ ძალაუფლება მის ხელშია. ლირი კეთილშობილი და დიდსულოვანია და სურს იხილოს ქალიშვილების მადლიერება. ლირი ამბობს, რომ კორდელია ყოველთვის ყველაზე მეტად უყვარდა და ეს იციან, უფროსმა დებმა. ისინი ხედავენ თუ როგორ ექცევა ლირი კორდელიას, ხედავენ ლირის მძვინვარ ხასიათს და ეშინიათ, რომ მათაც ასე არ მოექცეს და უკან არ წაართვას ნაბოძები. გაიხსენეთ ასი რაინდი, ლირს რომ ახლავსო, წერს ნორთროპ ფრაი.

„მეფე ლირის“ პერსონაჟებს ფრაი ორად ყოფს, შავებად ანუ ბოროტებად: ედმუნდი, გონერილი, რიგანი, კორნუოლი; და თეთრებად ანუ კეთილებად: ლირი, კორდელია, ედგარი, ოლბენის მთავარი.

კორდელიას სასარგებლოდ, ფრაი ყურადღებას ამახვილებს სიტყვებზე, რომელსაც კორდელია ლირს ეუბნება, ისე მიყვარხარ, როგორც მევალებაო; ამ სიტყვებში, „ვენეციელი ვაჭრის“ სესხი და ვალი არ იგულისხმება. კორდელია ამბობს, რომ სიყვარულსა და ერთგულებას წამახალისებელი მატერიალური მიზეზი და შედეგი არ სჭირდება და პიესის ბოლოს გონს მოსულ ლირს სწორედ ამას უმეორებს, სიყვარული უანგაროაო.

მეორე მხრივ,  ფრაი ერთმანეთს უპირისპირებს კორნუოლისა და ოლბენის მთავრებს და აჩვენებს თუ რაოდენ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ერთიანდებიან საფრანგეთის არმიის წინააღმდეგ, რომელიც კორდელიამ შემოიყვანა ბრიტანეთში. ამ დროს ლირს ჯერ კიდევ არაფერი ემუქრება. გლოსტერის გრაფი კი ამბობს, რომ ქალიშვილებს ლირის დაღუპვა უნდათო, მაგრამ ეს არავის დაუგეგმავს, თუმცა კი თუ მამა მოუკვდებათ, გონერილი და რიგანი არ იდარდებენ. ლირი აქ უნდა იყოს, მათ სიახლოვეს და როცა გრაფი გლოსტერი დუვრისაკენ წასვლაში ეხმარება, ეს უკვე ღალატია და კორნუოლის მთავარი გრაფ გლოსტერს დასჯის, თვალებს დათხრის.

ჰაროლდ ბლუმი მეფე ლირის ტრაგედიას იობის უბედურებას ადარებს. იგი აღნიშნავს კორდელიას მერყევ ხასიათს და ამტკიცებს, რომ კორდელია კი არა ედგარია ტრაგედიის ცენტრალური ფიგურაო.

ლირს უყვარს კორდელია და მისგან მადლიერების მოსმენა სურს. კორდელია კი სიჯიუტითა და ამბოხებით პასუხობსო, ამბობს ბლუმი და დაამატებს ამის გარეშე ტრაგედია არ იქნებოდაო.

ეს უკვე სადავო საკითხია, რადგან მსგავსი ფაბულა, ორი ურჩი შვილით, უკვე არსებობს; ნორტონისა და სეკვილის ტრაგედია, „გორბოდუქი“. 1562 წელს წარადგინეს ელიზაბეთ პირველის კარზე.

ბლუმი წერს, რომ ედგარიც ურჩი შვილია გლოსტერისა, მაგრამ სწორედ ამ ურჩ შვილებს უყვართ მშობელი უანგარო სიყვარულითო.

ბლუმი რამდენჯერმე დააწყვილებს ედგარსა და კორდელიას, როგორც მოყვარულ შვილებს. ეს საკითხი ადრეც წამოჭრილა მეფე ლირის განხილვისას. პოეტმა ნაუმ ტეიტმა (1652-1715, პოეტი ლაურეატი 1692 წელს), ახალი ვერსია შექმნა „მეფე ლირისა“, სადაც კორდელია ცოცხალია პიესის ფინალში და ქორწინდება ედგარ გლოსტერზე. ამით გული მოულბო უბრალო მაყურებელს; სამაგიეროდ, იმ პროფესიონალი კრიტიკოსების რისხვა დაიმსახურა, რომლებიც ჩასწვდებიან „მეფე ლირის“ ტრაგედიის არსს და ხვდებიან თუ რატომ არაა კორდელია უნაკლო და უანგარო გმირო და რამ გადააწყვეტინა შექსპირს, რომ იგი უნდა დაღუპულიყო ფინალში, უნდა მოეკლათ მუხანათურად, რომ მისი სახელი მეტისმეტად არ დაზარალებულიყო.

დავუბრუნდეთ ფრაის მსჯელობას და გავიხსენოთ, რომ პიესის მსვლელობისას ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთში კორდელია ჯარს აგროვებს  და მამის დასახსნელად მოდის.

საფრანგეთის ჯარი, ინგლისში გადმომსხდარი, დამპყრობელი ჯარია, რაც არ უნდა სამართლიანი იყოს მისი განზრახვა და მიზანი. ჯარს მოუძღვის არა მხოლოდ ლირის ქალიშვილი, არამედ საფრანგეთის დედოფალიც და თუმცა ამას საგანგებოდ არ აღნიშნავს უილიამ შექსპირი, მაგრამ ცხადია, რომ თუ საფრანგეთის ჯარი გაიმარჯვებს კორდელია ტახტს მოითხოვს და ბრიტანეთი საფრანგეთის მეფის ხელში მოექცევა. რომელიც ცბიერი პოლიტიკოსია მაშინაც, როცა კორდელიას ირთავს და მერეც, როცა თავის ჯარს ბრიტანეთში არ ჩამოჰყვება, რათა კორდელიას ლაშქრობა მხოლოდ ქალიშვილის გამოქომაგებად ჩაითვალოს.

ამრიგად, ლირს უფროსი და შუათანა ქალიშვილები ღალატობენ – მზაკვარნი, მრუშნი და ბოროტნი; კეთილი და მამაზე მზრუნველი კორდელია კი ბრიტანეთს ღალატობს.

კორდელიას გულწრფელად უყვარს მამა. იგი ქრისტიანულად განმსჯელი ერთგული ცოლია, თუ ქმარს შევირთავ, ყველაზე მეტად იგი უნდა მიყვარდესო, ამბობს. კორდელია დებთან მოქიშპე, ჯიუტი და მეამბოხე ქალიშვილია.

და კორდელია ბრიტანეთში შემოჭრილი საფრანგეთის ჯარის სარდალია!

შექსპირი, „ჰენრი V-ის“ ავტორი, ვერ დაუშვებდა ვერც კორდელიას გამარჯვებას და ვერც მის დაუსჯელად დატოვებას.

ისევე როგორც ვერ დაუშვებდა კორიოლანოსის გამარჯვებასა და უნაკლო გმირად შერაცხვას.

საგულისხმოა, რომ ფრაი მას რამდენჯერმე ახსენებს ლირის მასხარასთან ერთად. მასხარას ძალიან უყვარს კორდელია. მასხარა მაშინ მაშინ გამოჩნდება, როცა კორდელიას აძევებენ და შემდეგ  მოულოდნელად ქრება, როცა კორდელია უნდა გამოჩნდეს.

ბოლო სცენაში ლირი, რომელსაც მკვდარი ქალიშვილი უსვენია მკლავებში, მოთქვამს:

Lear. And my poor fool is hang’d!

(ჩემი საბრალო მასხარა ჩამოუხრჩვიათ)

როგორც ჩანს, შექსპირს ამით იმის ჩვენება სურს, რომ ლირს კვლავ აემღვრა გონება ან იმის, რომ კორდელია და მასხარა ერთ ფუნქციას ასრულებენ ტრაგედიაში, სიმართლეს ეუბნებიან ლირს.

ბოლო სცენაში ოლბენი, ედგარი და კენტი შეძრწუნდებიან არა კორდელიას დაღუპვით, არამედ – ლირის ტრაგედიით, რასაც ქვეყნიერების დასასრულს ადარებენ.

Kent. . . . Is this the Promis’d end?

Edg. Or image of that horror?

Alb. Fall, and cease?

 (კენტი… ესაა აღთქმული დასასრული? ედგ. ან საშინელი სურათი? ოლბ. დაეცეს და მორჩეს).

Paata Chkheidze – The action of heroes in Shakespeare’s tragedies

The author writes about three tragedies of Shakespeare – „Hamlet”, „Macbeth”, and „King Lear”. He tries to follow the actions of the main characters and guess what they have in common.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…