საბა მეტრეველის სტატია

„ვეფხისტყაოსანი“ – დაუძლეველი სიმაღლე ქართული თეატრისა – II

, , ,

II ნაწილი

ვეფხისტყაოსნისინსცენირებანი

 „ვეფხისტყაოსნის“ დრამატულ თეატრში წარმოდგენა სრულიად წარმოუდგენელია მისი ინსცენირების გარეშე. ამიტომ, მე-19 საუკუნის დამდეგიდან მოყოლებული უკვე იწყება ინტენსიური „შეტევა“ პოემაზე, რომ, როგორმე მოარგონ სცენურ სივრცეს. ჩვენ თანმიმდევრულად წარმოვადგენთ ამ მცდელობებს:

  • გოდერძი ფირალიშვილი, 5-მოქმედებიანი ტრაგედია „მემკვიდრე ინდოეთისა, ინდოეთის ტახტის მემკვიდრე და სიყვარული სამშობლოსადმი“, დაწერილია რუსულად 1805 წელს. პიესის ტექსტი დაკარგულია, მაგრამ მოხსენიებულია ოქროპირ ბაგრატიონის მიერ პიესად გადაკეთებული „ვეფხისტყაოსნის“ წინასიტყვაობაში. იქ ძირითადი ნესტანისა და ტარიელის ამბავია. ვ. კიკნაძის ცნობით, მასვე ეკუთვნის 5-მოქმედებიანი ტრაგედია „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ფირალიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრ რუმიანცევისთვის უჩვენებია, მაგრამ პიესა დაუწუნებიათ კლასიცისტური კანონების დარღვევის გამო (კიკნაძე 1983: 22). გოდერძი ფირალიშვილი მეფე ერეკლეს მდივანი ყოფილა, ხოლო იმ პერიოდში, როცა „ვეფხისტყაოსნის“ ინსცენირებას აკეთებდა, მსახურობდა პეტერბურგის „ინოსტრანნი კოლეგიაში“ (წაქაძე 2003: 346);
  • 1853 წელს მოსკოვში გამოიცა ოქროპირ ბაგრატიონის  5-მოქმედებიანი ტრაგედია „ვეფხისტყაოსანი“. დადგმის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. მისივე თქმით, იდეა „ვეფხისტყაოსნის“ წარმოდგენისა გიორგი ერისთავს დაებადა;
  • გიორგი ერისთავმა პიესად გადააკეთა „ვეფხისტყაოსანი“ (5 მოქმედებად), რომელიც დაიწყო ნესტანისა და ტარიელის შეხვედრით. მას სურდა ეჩვენებინა ცოცხალი ამბავი, რომელიც ახლა მიმდინარეობს;
  • გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული თეატრის რეჟისორის თანაშემწეს ა. თამაზაშვილს დაუწერია „ვეფხისტყაოსანი“, დრამა 5 მოქმედებად და 7 სურათად (ივერია #103, 1895). ეს პიესა დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა ნ. ურუშაძე მას მიიჩნევს ოქრ. ბაგრატიონის პიესის პროზაულ ვარიანტად, რომლის ენა მდარეა და ზედმეტად გაუბრალოებული (ურუშაძე  1967: 140);
  • 1912 წლის 24 თებერვალს ქუთაისის თეატრის მსახიობ ვ. ბარველს დაუწერია „ვეფხისტყაოსანის“ ინსცენირება 6 მოქმედებად, რომელიც თავადვე დაუდგამს („სახალხო გაზეთი“ 1912, # 538);
  • ივანე მაჩაბელი –  იყო შოთა რუსთაველის პოემის 1888 გამოცემის რედაქტორი; დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, უნგრელ მხატვარ მ. ზიჩის, აგრეთვე – მარჯორი უორდროპსა და არტურ ლაისტს. ამ უკანასკნელს პოემის დრამად გადაკეთება ჯერ კიდევ 1882 წელს ჰქონია გამიზნული. ერთი ვერსიით, ივანე მაჩაბელს რუს კომპოზიტორ მ. იპოლიტოვ-ივანოვის თხოვნით დაუწერია ლიბრეტო ოპერა „ვეფხისტყაოსნისათვის“ (მაჩაბელი 2009:), უთარგმნია ის ადგილები, რომლებშიც თხრობას მოქმედება სჭარბობდა, თუმცა სხვაგვარ ცნობას გვაწვდის 1966 წლის „საბჭოთა ხელოვნებაში“ (#10) გამოქვეყნებულ  წერილში მსახიობი მიხეილ ყვარელაშვილი. პუბლიკაციას ჰქვია „ვეფხისტყაოსნის“ პირველი საოპერო ლიბრეტო“, რომელიც ეხება იპოლიტოვ-ივანოვის „ნესტან-დარეჯანს“. მასში ლიბრეტოს ავტორად სწორედ კომპოზიტორია დასახელებული (რომელსაც ი. მაჩაბლის თარგმანზე დაყრდნობით აუგია ლიბრეტო). ასევე, ტატიანა ბროსლავსკაია მოგვიანებით განმარტავს: „მ. იპოლიტოვ-ივანოვმა 1885 წელს ჩაიფიქრა, უკვდავი პოემის მიხედვით შეექმნა ოპერა. ხ. სავანელმა მიუთითა პოემის მთელ რიგ ნაწყვეტებზე (თარგმნა ი. მაჩაბელმა), რის საფუძველზეც კომპოზიტორმა თვითონ დაწერა მომავალი ოპერის ლიბრეტო, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა“… გავიდა თითქმის 40 წელი და კომპოზიტორი კვლავ მიუბრუნდა ამ თემას, დაწერა ახალი ლიბრეტო. როგორც ცნობილია, 1924 წელს მან დაასრულა მუშაობა 4-მოქმედებიან ოპერაზე „ნესტან-დარეჯანი“, „მაგრამ იგი არ გამოქვეყნებულა და არც შესრულებულა. დღემდე არ არის დადგენილი, თუ სად ინახება ამ ოპერის ხელნაწერი“ (ბროსლავსკაია 1977: 68).
  • 1901 წელს პეტერბურგში გამოიცა  რ. მყინვარის ლიტერატურულ-სცენური კომპოზიცია „ვეფხისტყაოსნისა“ 16 სურათად აპოთეოზით. მისი ეს ვარიანტი არის პოემის თეატრალურ ტექსტად ქცევის სერიოზული მცდელობა. იგი ემიჯნება ოქროპირ ბატონიშვილის ინსცენირების პრინციპებს („რუსთველს შესდგომოდა, ვინაიდან რუსთაველი უკეთესად მოუთხრობსო“) და ცდილობს, პოემა ქმედით სიტყვად აქციოს და მეტი დინამიკა შეიტანოს პიესაში;
  • 1909 წელს პ. მირიანაშვილმა დაწერა პიესა „ვეფხისტყაოსანი“. ამ მოვლენას ჟურნალი „ფასკუნჯი“ გამოეხმაურა: „პ. მირიანაშვილს „ვეფხისტყაოსანი“ გადაუკეთებია სასცენოდ… პიესა შეიცავს 11 სურათს, დასადგამად არ წარმოადგენს ტექნიკურ სიძნელეს, უეჭველია, თუ დადგმული იქნება ჯეროვანის ყურადღებით, დიდს შთაბეჭდილებას მოახდენს საზოგადოებაზე“ (ფასკუნჯი“, #9, 1909). პიესა არ დადგმულა, მოგვიანებით, 1923 წ. ლიბრეტოდ გამოიყენა ლეო ფალიაშვილმა თავისი 4-მოქმედებიანი ოპერა „ნესტანი და ტარიელისათვის“;
  • 1923 წელს კოტე მარჯანიშვილმა გადაწყვიტა „ვეფხისტყაოსნის“ სასცენო ვარიანტის შექმნა, თუმცა მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, რომ ოცნებობდა მის დადგმაზე. რეჟისორმა 1923 წლის 17 ივლისს საჯაროდ წაიკითხა მოხსენება მომავალი წლის რეპერტუარის შესახებ და ვრცლად ისაუბრა „ვეფხისტყაოსნის“ დადგმის თაობაზე, საგანგებო კომისიაც (კ. ანდრონიკაშვილი, მ. ქორელი, ა. ფაღავა, დ. ანთაძე, ა. გველესიანი) კი აურჩევია პოემის სცენისთვის გადასაკეთებლად (ვრცელი წერილი გამოქვეყნდა რუბიკონში“, #12, 1923). დაიწყო მუშაობა. რეპეტიციების დღიურების მიხევით, მას დაუშვებლად  მიაჩნდა ტექსტის ოდნავი შეცვლაც კი. მისი ჩანაფიქრით, გმირთა ცხოვრება ქართული ორნამენტით მოჩუქურთმებულ ტრიპტიხში უნდა გაშლილიყო… როლები ასე ჰქონდა განაწილებული:

როსტევანი –  აკაკი ხორავა // შალვა ღამბაშიძე

თინათინი – ვერიკო ანჯაფარიძე  // ანეტა  ქიქოძე

ავთანდილი – აკაკი ვასაძე

ტარიელი – გიორგი დავითაშვილი

ნესტანი – ნუცა ჩხეიძე // თამარ ჭავჭავაძე

ასმათი – ელენე  დონაური

სამწუხაროდ, რეჟისორის ეს სურვილი ვერ განხორციელდა, არადა, გამოხმაურება იმთავითვე დიდი იყო: „ქართულ სიტყვაში“ დაიბეჭდა ჯერ ცნობა, რომ მარჯანიშვილის რეჟისორობით მზადდება სპექტაკლი „ვეფხისტყაოსანი“ (ქართული სიტყვა, 2 დეკემბერი, 1923). მოგვიანებით ქვეყნდება  წერილი პ. მირიანაშვილისა, რომელიც გაზეთში კამათის გამართვას ითხოვს იმის გამო, რომ პოემა კაცობრიობის საუნჯედაა გადაქცეული „და არა მით, ვითომ იქ გამოყვანილი ქვეყნები საქართველო და ქართველი ხალხი იყოს“ (ქართული სიტყვა, #12, 3 თებერვალი, 1924);

  • „ვეფხისტყაოსნის“ დადგმის სურვილი ჰქონია სანდრო ახმეტელსაც. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის მ. ყვარელაშვილი: „მეტად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ალ. ახმეტელის დაუცხრომელი ოცნება იყო „ვეფხისტყაოსნის“ გასცენიურება და მისი დადგმა ღია ცის ქვეშ. ამისთვის მას ადგილიც ჰქონდა შერჩეული: ძველი ნარიყალა, ბოტანიკური ბაღის ფერდობი“ (ყვარელაშვილი 1966: 65). როგორც ზემოთ ვწერდით, რუსმა კომპოზიტორმა იპოლიტ ივანოვმა დაწერა ოპერა „ნესტან-დარეჯანი“, ლიბრეტოც მასვე შეუქმნია ი. მაჩაბლის თარგმანზე დაყრდნობით. კომპოზიტორის თხოვნით, სწორედ ამ ლიბრეტოს გასცნობია სანდრო ახმეტელი, რომელმაც მოიწონა ნაშრომი და გამოთქვა უაღრესად საინტერესო შენიშვნები და შეხედულებები „ვეფხისტყაოსნის“ ინსცენირების საკითხზე. ის პირდაპირ ასე სვამს შეკითხვას: „შეიძლება თუ არა რუსთაველის პოემის მხოლოდ ამა თუ იმ ეპიზოდის მიხედვით  სასცენო სიუჟეტის აგება?“ რჟისორის მოსაზრებები მნიშვნელოვანია, ზოგადად, პოემის ტრანსმუტაცია-ტრანსფორმაციის საკითხთან დაკავშირებით, მისი სასცენო ვარიანტის შესაქმნელად. ახმეტელის ძირითადი კონცეფცია ასეთია: „ჩემის აზრით, „ნესტანის“ ლიბრეტო უნდა გაიშალოს ზღაპრული ფერადოვნებით, ხასიათებისა და ცალკეული აქტების დინამიურობით. ვინაიდან ნაწარმოების დედაარსის მთლიანად გადმოცემის შესაძლებლობა არ არის, მოცემულ ლიბრეტოში უნდა მოხდეს პოემის ცალკეული და, ამასთან, ძირითადი მომენტების გამოვლენა ფერთა სიუხვით, პლასტიკით, დინამიურობითა და აღმოსავლური მზიურობით. მე ამ თვალსაზრისით ვუდგები ლიბრეტოს“ (დაწვრილებით იხ. ყვარელაშვილი 1966: 63-65);
  • 1937 წელს „ვეფხისტყაოსანის“ 750-ე წლისთავის საიუბილეოდ პოემა  გაასცენიურა აკაკი ფაღავამ (5 მოქმედებად), ინსცენიერება დრამატურგთა სექციაში რუსთველოლოგთა მონაწილეობით განიხილეს და მოიწონეს, განსახორციელებლად გადასცეს რუსთაველის თეატრს, თუმცა სცენაზე არ დადგმულა (დაწვრილებით იხ. ბარამიძე 1966: 16-17);
  • იყო მცდელობა მარჯანიშვილის თეატრში გ. ჟურულის, მუშა-ახალგაზრდობის თეატრში[1]  კი შ. ადეიშვილის ინსცენირებათა დადგმისა, მაგრამ ჩანაფიქრი ვერც ამჯერად განხორციელდა;
  • 1947 წელს მონტე-კარლოში, ხოლო მოგვიანებით პარიზის გრანდ-ოპერაში „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტზე ფრანგმა ბალეტმაისტერმა სერჟ ლიფარმა საკუთარი ბალეტისთვის დაწერა ლიბრეტო; ცოტა ხანში არტურ ონეგერმა დამოუკიდებლად შექმნა ბალეტი, რომელსაც საფუძვლად დაუდო „ვეფხისტყაოსნის“ მოტივები. 

       1946 წელს დაიწერა შალვა მშველიძის 4-მოქმედებიანი ოპერა „ამბავი ტარიელისა“, რომლის ლიბრეტო ა. ფაღავას ეკუთვნის (ორჯონიკიძე 1966: 17-28);

შოთა რუსთაველისა და მისი პოემის ირგვლივ შექმნილია: 5 ოპერა, 2 ბალეტი, 2 ორატორია, ერთი კანტატა, ერთი ინსტრუმენტული კონცერტი, ორი საგუნდო, ერთი სიმფონიური და ერთიც ქორეოგრაფიული პოემა; ასევე – გუნდები, სიმღერები, ქორალები, ფრესკები, ოდები, საერო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და მათი დამუშავებანი  (იხ.: ფიჩხაძე 1966:  ლონდარიძე 2006:)

პროფესიულ მუსიკაში რუსთაველის თემა პირველებმა შემოიტანეს ნიკო სულხანიშვილმა, დიმიტრი არაყიშვილმა, ზაქარია ფალიაშვილმა, ანდრია ყარაშვილმა და ლევან ფალიაშვილმა. მათ თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში შექმნეს სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის ოპუსები, თანაც როგორც რუსთაველისადმი მიძღვნილი, ისე მისი პოემის მიხედვით. „დღეისათვის საოპერო ჟანრში შექმნილია 5 ნიმუში: დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1919 წ.), ა. ყარაშვილის „ვეფხისტყაოსანი“ (1924 წ.), ლევან ფალიაშვილის „ვეფხისტყაოსანი“ (1925 წ.), შალვა მშველიძის „ამბავი ტარიელისა“ (1946 წ.), დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „ნესტანი“. ანდრია ყარაშვილის ოპერა დაუმთავრებელია, ლ. ფალიაშვილისა მხოლოდ საკონცერტო შესრულებით იქნა წარმოდგენილი; ასევე არ დადგმულა „ნესტანი“. სცენური განხორციელება ჰპოვა მხოლოდ არაყიშვილის ლირიკულმა ოპერამ – „თქმულება შოთა რუსთაველზე“ და მშველიძის ეპიკურ-ჰეროიკულმა ოპერამ – „ამბავი ტარიელისა“ (ლონდარიძე 2006:).

„ვეფხისტყაოსანი“ შეიჭრა საბალეტო თეატრშიც (ვრცლად იხ. წულუკიძე 1985: 66-76), თავდაპირველად ვანო გოკიელის ქორეოგრაფიულ პოემაში „ვეფხისტყაოსანი“ (1933 წ.). როგორც უკვე ვთქვით, 1947 წელს მონტე-კარლოში, ხოლო მოგვიანებით პარიზის გრანდ-ოპერაში „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტზე ფრანგმა ბალეტმაისტერმა სერჟ ლიფარმა დადგა 5-მოქმედებიანი ბალეტი „შოთა რუსთაველი“; ცოტა ხანში არტურ ონეგერმა დამოუკიდებლად შექმნა ბალეტი, რომელსაც საფუძვლად დაუდო „ვეფხისტყაოსნის“ მოტივები. რაც შეეხება ალექსი მაჭავარიანის ბალეტ „ვეფხისტყაოსანს“, იგი 1985 წელს წარმატებით დაიდგა პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე (დამდგმელი დირიჟორი – კომპოზიტორის ვაჟი ვახტანგ მაჭავარიანი, ქორეოგრაფი და ლიბრეტოს ავტორი ოლეგ ვინოგრადოვი) .

* * *

ვეფხისტყაოსნიდრამატული თეატრის სცენაზე

  • ქართულ სცენაზე 1895 წლის 21 მაისს პირველად დაინიშნა ა. თამაზაშვილის მიერ ინსცენირებული ვეფხისტყაოსნისპრემიერა. აფიშა გვაუწყებდა: „პირველად ახალი პიესა ვეფხის-ტყაოსანი. დრამა 5 მოქმედ. და 7 სურ. შოთა რუსთაველის ვეფხის-ტყაოსნიდგან, სასცენოდ პროზად გადაკეთებული. ტარიელის როლს შეასრულებს ს. პ. სვიმონიძე, ნესტან-დარეჯანის როლს შეასრულებს ვ. ნ. მელიქიშვილისა“. საოცარი ისაა, რომ თბილისური პრემიერის შესახებ გაზეთში ინფორმაციაც კი არ განთავსდა. ამის შემდეგ იგივე პიესა ქუთაისშიც ჩაუტანიათ, მაგრამ სპექტაკლი იქაური მსახიობების მონაწილეობით ძალიან მდარე მხატვრული ხარისხისა ყოფილა და საზოგადოების სრული აღშფოთებაც გამოუწვევია (დაწვრილებით იხ. ჯანელიძე 1937: 68).
  • 1912 წლის 24 თებერვალს ქუთაისის თეატრში მსახიობ ვ. ბარველს თავადვე დაუდგამს „ვეფხისტყაოსანი“ 6 მოქმედებად მის მიერვე სასცენოდვე გადმოკეთებული. ამის შესახებ სახალხო გაზეთი“ (1912, # 538) აღშფოთებით წერდა, რომ საზოგადოებამ უნდა დაგმოს და ალაგმოს ბარველისნაირ „მადააშლილ პირთა ამგვარი თავხედური საქციელი“;
  • 1927 წელს რუსთაველის თეატრში გაიმართა შოთა რუსთაველის საღამო, მსახიობები კითხულობდნენ ნაწყვეტებს პოემიდან;
  • 1937 წელს უკვე მარჯანიშვილის თეატრმა მოაწყო რუსთაველის საღამო. მონაწილეობდნენ: მთხრობელი – ვ. ანჯაფარიძე, როსტევანი – შ. ღამბაშიძე, ტარიელი – ს. ზაქარიაძე, თინათინი – თ. ჭავჭავაძე…
  • 1952 წლის 12 მაისს შ. ადეიშვილმა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში წარმოადგინა 5 დრამატული სცენა „ვეფხისტყაოსნიდან“ (ადეიშვილი 1966:).
  • 1960 წელს კრაკოვის პოეტურმა თეატრმა (პოლონეთი) მოაწყო „ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურულ-თეატრალური კითხვა (პოემა თარგმნა ეჟი ზაგურსკიმ, ინსცენირების ავტორი იყო თავად რეჟისორი – მტისლავ კოტლიარჩოკი, მხატვარი – მარიამ ტარლიცკი, მუსიკალურად გააფორმა ანატოლი ზარუბიანიმ, ცეკვები დადგა ზბიგნეკ პენკოვსკიმ (თეატრალური თბილისი 1960: 50);
  • 1966 წლის 27 სექტემბერს, რუსთაველის დიდ იუბილესთან დაკავშირებით, ,,ვეფხისტყაოსნის”  პრემიერა გაიმართა შოთა რუსთაველის თეატრში. კომპოზიციის ავტორი იყო რევაზ ებრალიძე; დამდგმელები: გ. გეგეჭკორი, ბ. კობახიძე, გ. ჟორდანია, რ. სტურუა, ნ. ხატისკაცი და  გ. ქავთარაძე. რეჟისორთა ერთობლივ ნამუშევარს საბოლოო სახე მისცეს არჩილ ჩხარტიშვილმა და მიხეილ თუმანიშვილმა; მხატვარი ო. ლითანიშვილი, ქორეოგრაფი ი. ზარეცკი. მაყურებელმა უკვე აფიშიდანვე იცოდა, რომ სპექტაკლს კი არა, ლიტერატურულ-დრამატულ კომპოზიციას ნახავდა. ამიტომაც წერდა გ. ბარამიძე: „რუსთაველის თეატრის მიერ წაკითხულ „ვეფხისტყაოსანს“ არა აქვს პრეტენზიები, სპექტაკლად იწოდებოდეს“ (ბარამიძე 1967: 18). კომპოზიციის ავტორს ინსცენირებაში შემოჰყავდა მთხრობელი და ანტიკური ქორო. ეს იყო მხატვრული კითხვა დადგმული მიზანსცენებით. მონაწილეობდნენ: სერგო ზაქარიაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, ეროსი მანჯგალაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, კოტე მახარაძე, იზა გიგოშვილი, ბელა მირიანაშვილი, ნუგზარ ჯუღელი, ჯემალ მონიავა, ედიშერ მაღალაშვილი, ლეილა ძიგრაშვილი, დავით პაპუაშვილი, მერაბ თავაძე, გია მატარაძე, გოგი ხარაბაძე… ეს უკანასკნელი ასე იგონებს: „1966 წელი იყო, როცა ბატონმა არჩილ ჩხარტიშვილმა რუსთაველის თეატრში “ვეფხისტყაოსანი” დადგა. ტარიელს ვთამაშობდი. ვიდექი სცენაზე ზაქარიაძესთან ერთად, მასსავით შავ-რუხ კოსტუმში ჩაცმული, მკლავზე ვეფხისტყავგადაგდებული და ვკითხულობდით… ზაქარიაძე იწყებდა, მე განვაგრძობდი… „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ ჩავაკარაბაკე” – ისევე, როგორც ჩემი მონოლოგის ამ პირველ სტრიქონს „ვეფხისტყაოსნის” ყოველ სიტყვას თან ვატარებ იმ დროიდან მოყოლებული“ (ჩემი რუსთაველი:).
  • ამავე პერიოდში ბათუმის თეატრმა გონიოს ძველ გალავანზე ღია ცის ქვეშ დადგა ფრიდონ ხალვაშის „რუსთაველი“; ონის სახალხო თეატრმა – დ. კასრაძის „ლეგენდა რუსთაველზე“; თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაიდგა ი. ვაკელის პიესა „რუსთაველი“, რომელიც ცოტა ადრე ტყიბულის თეატრმა განახორციელა; ხაშურის თეატრის სცენაზე – „თქმულება შოთა რუსთაველზე“; 1966 წლის 18 სექტემბერს რაჭაში,  ბარაკონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა ღონისძიება, რომლის იდეის ავტორი  იყო მ. ბიბილაშვილი, დაიდგა რომანის ერთი მონაკვეთი, ,,ქაჯეთის ციხიდან ნესტან–დარეჯანის დახსნა ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის მიერ“. დადგმა განახორციელა პედაგოგმა კ. ხიდეშელმა (ბოჭორიშვილი 2020:);
  • 2003 წლის 15 თებერვლის გაზეთ „24 საათში“ დაიბეჭდა ინტერვიუ რობერტ სტურუასთან, რეჟისორმა საზოგადოებას აუწყა, რომ იწყებდა „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობას. ინტერვიუ სკანდალური აღმოჩნდა, სტურუა თამამად აცხადებდა:

„ბავშვობაში მამაჩემი მიკითხავდა ,,ვეფხისტყაოსანს”. ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ სიუჟეტი ვიცოდი. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ამდენად, დაკომპლექსებული გახლდით. როცა მოგვიანებით, ქართულად წავიკითხე, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნე-ჩვეულებებზე, რადგანაც ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების სიმდაბლეზე, რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას. მოვიგონე პერსონაჟი, კაცი, რომელიც ვერ იტანს ამ წიგნს, მაგრამ ნაწარმოებს დგამს იმისათვის, რომ აუხსნას ქართველებს ეს იდიოტიზმი. არ შეიძლება, დაიჯერო, რომ ეს არის შენი ენციკლოპედია, რომელიც გამოხატავს ქართულ სულს… არანაირ ქართულ სულს არ გამოხატავს, რადგან ლაპარაკია მხოლოდ იდეალებზე, რომანტიზმზე და არც ერთი სიტყვა არაა სიმართლისა. პერსონაჟი, რომელიც ყველაფერს აბითურებს, ცინიკოსი კი არ არის, მეცნიერია, რომელიც შეწუხებულია იმით, თუ რატომ ითვლება ეს წიგნი ქართული პოეზიის, აზროვნებისა და ფილოსოფიის ერთადერთ შედევრად. დასაწყისში ასეთი ეპიზოდია: წიგნი უჭირავს ხელში და ამბობს: აქ არის ქართული სული? მოისვრის და დაიფანტება ფურცლები. ნებისმიერი მაყურებელი ჩავარდება შოკში. ის კი განაგრძობს: ასეთი ბუტაფორია 7 ცალი მაქვს ყუთში, გადასაყრელად.”

       რეჟისორის სურვილი თუ მცდელობა ამაო აღმოჩნდა, სპექტაკლი ვერ დაიდგა. 2014 წელს ისევ ჰკითხეს სპექტაკლის შესახებ და პასუხი ასეთი იყო: „ვეფხისტყაოსანზე“ ლაპარაკი მრცხვენია. დიდი ფული არ მჭირდება, 300 ათასი მეყოფა. შემიძლია, დავდგა სპექტაკლი ღარიბი თეატრის სტილისტიკაში, მაგრამ თუნდაც ერთი სცენა, თინათინის გამეფება ხომ უნდა იყოს ისე დადგმული, რომ მიხვდე, ეს ქვეყანა ძლიერი და მდიდარია. ამიტომ ვუცდი, იქნებ, მოხდეს რამე სასწაული და თანხა გამოყონ. ის კაცი არ ვარ, მუხლმოდრეკილმა ვთხოვო ვინმეს რამე, მე მგონია, რომ თუ ადამიანი გაიგებს, რას ვაპირებ, ოდნავ მაინც თუ სჯერა, რომ გამოვა, თავად უნდა წამოვიდეს ჩვენსკენ და დაგვეხმაროს. სპექტაკლი რომც არ გამოვიდეს, მივიჩნევ, ეს იქნება საშუალება, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ახალგაზრდა რეჟისორმა დადგას სცენაზე და გზა გახსნას. ასეთი სიმდიდრე გაქვს და მხოლოდ წიგნად არ უნდა დარჩეს“ („რეიტინგი“, 18.09. 2014).

2016 წლის ივლისში ისევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟისორი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ,,ვეფხისტყაოსანს” დგამს (თაიმსი 2016:). კულუარული ინფორმაციით, ეს იქნება რუსთაველის თეატრის (თუ რეჟისორის) თვალით დანახული „ვეფხისტყაოსანი“, უფრო სწორად, რეფლექსია უკვდავ პოემაზე!

რუსთაველის საიუბილეოდ პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა 2016 წელს მაყურებელს შესთავაზა რევაზ მიშველაძის მიერ ინსცენირებული „ვეფხისტყაოსანი“, დამდგმელი რეჟისორი, მუსიკალური გამფორმებელი და მხატვარი – ამირან შალიკაშვილი. საინტერესოა ისიც, რომ ეს წარმოდგენა ეხმიანება თავის დროზე მიხაი ზიჩის მიერ ცოცხალ სურათებად წარმოდგენილ „ვეფხისტყაოსანს“, რადგან იქაც და პანტომიმურ სპექტაკლშიც გაისმის შესატყვისი სტროფები პოემიდან – ეს უადვილებს მაყურებელს იმის აღქმას, რაც სცენაზე ხდება.

ეს იყო ქართული პანტომიმის საჩუქარი მაყურებლისადმი. თუმცა, ფაქტია, რომ დღემდე ქართულ დრამატულ თეატრში ვერ მოხერხდა და ვერ დაიდგა პოემის მხატვრული ღირსების საკადრისი სპექტაკლი.

ბოლოდროინდელმა რუსთველოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა კიდევ ერთი სიახლე: „ვეფხისტყაოსანი“ სიუჟეტურ წყაროდაა გამოყენებული დიდი ინგლისურ დრამატურგიაში და ეს ჩანს უილიამ შექსპირის („ციმბელინი“), ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესებში („ფილასტერი“; „მეფე და არა მეფე“), რომლებიც თითქმის ერთდროულად შეიქმნა მე-17 საუკუნის პირველ ათწლეულში და უაღრესად პოპულარული იყო ინგლისის თეატრალურ სცენაზე მე-17-19 საუკუნეებში (ვრცლად იხ. ხინთიბიძე 2008; ხინთიბიძე 2014: 110-122).

* * *

თანამედროვე თეატრი რთული კომუნიკაციისა და ესთეტიკის სისტემაა, მკვეთრად თავისთავადი სპეციფიკით გამორჩეული. დიდი ხანია, რაც სპექტაკლი აღარ აღიქმება დრამატულ ნაწარმოებად, პიესად მაშინაც კი, როცა მისი საფუძველი დრამატურგიული ქმნილებაა. მით უფრო რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ინსცენირებაზეა საუბარი, რადგან:

  • ნებისმიერი ინსცენირება ანტიდრამატურგიაა. ის ანაცვლებს თეატრის სპეციფიკის გათვალისწინებით შექმნილ მხატვრულ ქმნილებას მონტაჟირების გზით შედგენილთან;
  • ინსცენირება კლავს თეატრის არსებობის საფუძველს – დრამატურგიას;
  • ინსცენირება ნიველირებაა დრამატურგიის შინაგანი კანონებისა;
  • ინსცენირების დროს თეატრი პროზაული ან პოეტური ნაწარმოების სანახევროდ ილუსტრატორი ხდება, რადგან შეუძლებელია ლიტერატურული ტექსტის პირდაპირი და სრული ილუსტრირება სცენურ სივრცეში;
  • ინსცენირებით ირღვევა ჟანრების თავისთავადობისა და შეუცვლელობის უნივერსალური კანონი;
  • ინსცენირება იწვევს თეატრალური ხელოვნების სპეციფიკის სიკვდილს, რადგანაც ის კარგავს დამოუკიდებელი მხატვრული აზროვნების უნარს და მოქმედების ხასიათის, კონფლიქტის ჩვენება-გამოვლენის საკუთარ, მხოლოდ თეატრისთვის დამახასიათებელ საშუალებებს;
  • ინსცენირებით ივსება რეპერტუარი, მაგრამ არ ვითარდება დრამატურგია;
  • ინსცენირება სრულიად ახალი ნაწარმოების შექმნაა რთული მონტაჟირების, კლება-მატების, მოვლენათა რიგის შემცირებისა და შეცვლის აუცილებლობით (შდრ. ბაქრაძე 1965: 84-85). ინსცენირება ეს არის დეკონსტრუქცია-რეკონსტრუქციის გარდაუვალობა. ჯერ უნდა დაშალო ლიტერატურული წყარო და მერე ააგო ახალი კონსტრუქცია, მიზანსცენებში მოახდინო თითოეული სურათის რეკონსტრუქცია.
  • ინსცენირების დროს ხშირია ლიტერატურული თეატრის ხერხების გამოყენება, შესაბამისად, დაქვეითებულია სანახაობითი მხარე (შექსპირის პრინციპი: მოქმედება სიტყვას შეუფერო და სიტყვა – მოქმედებას), მწვავე კონფლიქტი და დინამიკა ისევ სიტყვაზეა გადატანილი და არა  – ქმედებაზე;
  • სცენურ გარემოსა და ატმოსფეროში პირველწყაროს გადატანა გულისხმობს სიტყვისა და პოზიციის ტრანსფორმაციას ფიცარნაგზე. ასეთ დროს მთავარია მოძებნა იმ ძირითადისა, უმთავრესისა, რომელიც სცენაზე მოქმედების უწყვეტ ხაზს დაიცავს.
  • ინსცენირების დროს მწვავედ დგას პირველწყაროს ინტერპრეტაციის პრობლემა. ტექსტთან ზედმეტად თავისუფალმა მიმართებამ (როგორც ახლა იტყვიან, „კანონიკური ტექსტის“ რისკიანმა, თამამმა წაკითხვამ), შესაძლოა, მხატვრული ქმნილება აქციოს ესკიზად; სიღრმით, სიდიადით გამორჩეული მოვლენა – პრიმიტიულ ეპიზოდად; დაიკარგოს „დროისა და ადგილის სული“. ერთხელ ვაჟა-ფშაველასთვის „ბახტრიონის“ პიესად გადაკეთება უთხოვიათ. კატეგორიული უარი მიიღეს პოეტისგან. ვაჟას ასეთი არგუმენტი ჰქონდა: „მაშინ სულ მოკვდება „ბახტრიონის“ მნიშვნელობა, აღარც „ბახტრიონი“ იქნება და აღარც – პიესა“ (დუშურაშვილი 1915: 3).
  • სპექტაკლი, უპირველესად, სანახაობაა, ამიტომ ინსცენირება აპრიორულად სიუჟეტის სანახაობად ქცევას, მის ახალ სიცოცხლეს, ვიზუალიზაციას უკავშირდება. ამ პროცესში, ბუნებრივია, დაიკარგება ლიტერატურული ტექსტის მხატვრული, ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური წიაღსვლები.
  • სპექტაკლი სიტყვის სასცენო ტრანსფორმაციის სახეობაა. ინსცენირება ერთი ენიდან მეორეზე გადატანაა, ერთი ენობრივი სტრუქტურიდან მეორეში ტრანსპორტირება. ამ დროს ლიტერატურული ენის თარგმანი ხდება სათეატრო ენაზე. „თარგმნა“, როგორც გადატანა, ტრანსპორტირება ხელოვნების ერთი ენიდან მეორეზე, მიეკუთვნება ტრანსმუტაციის სახეობას. ტრანსმუტაცია პირველწყაროს ჰერმენევტიკაა, რეცეფციული ესთეტიკით შთაგონებული და ინტერპრეტაციებზე აგებული შემოქმედებითი აქტი (ვრცლად იხ. მოდებაძე 2014: 218-236).

          რადგანაც „ვეფხისტყაოსანი“ არ არის დრამატურგიული ნაწარმოები, ამიტომ მისი გადატანა სცენაზე დაკავშირებულია ამ პროცესისთვის დამახასიათებელ რამდენიმე აუცილებელ ფაქტორთან. ჩვენი აზრით, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ დადგმის (გაბედული სცენური ადაპტაციის) ექსპერიმენტები უშედეგოა, რადგან ვეფხისტყაოსნობის არსიც და მნიშვნელობაც, უპირველესად, მხატვრულ სიტყვაშია გამოხატული. პოემის ესთეტიკასაც და მსოფლმხედველობასაც მისი ლიტერატურული ბუნება განსაზღვრავს. ამიტომ იქნება ყოველთვის უშედეგო სცენური ინტერპრეტაციები. ინსცენირების ავტორებს მუდამ ექნებათ ის განცდა, რომელიც თავის დროზე ოქროპირ ბატონიშვილმა გაგვანდო: „ვამჯობინე რუსთაველს შევდგომოდი, ვინაიდან რუსთაველი უკეთ მოუთხრობს“ და ამის გვერდით არ დამთავრდება მაყურებლისა და კრიტიკის პრეტენზიები, რომ ისე ვერ დაიდგა, როგორც რუსთაველს ეკადრებოდა.

რა თქმა უნდა, ექსპერიმენტები „ვეფხისტყაოსნის“ გასცენურებისა და დადგმისა წარუმატებელი იმიტომ კი არ არის, რომ თავად პოემას აკლია დრამატიზმი, კოლიზიები, მკვეთრი ხასიათები, ცოცხალი დიალოგები და მონოლოგები, ქვეტექსტები თუ მოულოდნელობები… მაგრამ, „დრამატურგიული ხერხების სიმრავლე და მაღალხარისხოვნება, რა თქმა უნდა, პიესად არ აქცევს „ვეფხისტყაოსანს“. პოემაში მათი არსებობა მხოლოდ იმის საბუთია, რომ გენიოსი რუსთაველი, სხვა ღირსებებთან ერთად, სინამდვილის დრამატურგიული ხედვის იშვიათი ტალანტითაც იყო დაჯილდოებული“ (ურუშაძე 1967: 214). პოემის სოციალურ-პოლიტიკური გარემო, მსოფლმხედველობრივი სისტემა, მაღალი ესთეტიკა, ეთიკური შეხედულებები (ზნეობრივი თუ რელიგიური რელატივიზმი), რთული მხატვრული კონსტრუქცია, აზრის  სიღრმით გამოწვეული ემოციები, შთაგონების მომნიჭებელი სახეები, პერსონაჟთა განწყობილებათა მრავალპლანიანობა, ზოგადად, ესთეტიკურად ცოცხალი სინამდვილე… მთლიანობაში ქმნის მიუწვდომელსა და დაუძლეველ მხატვრულ რეალობას. „ვეფხისტყაოსანში“, როგორც უკვდავ მხატვრულ ქმნილებაში, რაინდულ-რომანტიკული კულტურული კონტექსტი გვეძლევა, როგორც წესრიგი და სისტემა თავისი რიტმულ-ინტონაციური მრავალფეროვნებით. ამდენად, რთულდება აპელაცია იმ ღირებულებებთან, სიბრძნესთან და კულტურასთან, რომელთა რეცეფცია ზოგჯერ აღემატება ადამიანურ შესაძლებლობებს. პოემის კულტურულ-სააზროვნო სივრცე, მისი ექსპრესიული და ემოციური ინფორმაციული კოდი (ასე აუცილებელი პიესად ქცევისათვის) მაინც პოეტიკურ ნაკადებში მიედინება სიტყვის სიღრმითა და პლასტიკით, გნებავთ, ორნამენტით, ამიტომ, ჩვენი ღრმა რწმენით, „ვეფხისტყაოსნის“ სიდიადე იჩრდილება მისი ინსცენირებით, ანუ სხვა სივრცეში გადატანით (ჯერ პოეტურიდან პროზაულ ენაზე და შემდეგ თეატრალურ ტექსტად ქცევით). ტრანსფორმაცია ბუნებრივად ნიშნავს მის თანამედროვე რეცეფციასაც. თანაც „სიბრტყეზე არსებული სიტყვის ტრანსფორმაცია სივრცობრივ განზომილებაში“ (არველაძე 2013: 42) ანუ ერთი მოცემულობიდან მერე სტრუქტურაში მისი გადატანა  (ინტერპრეტაციის პრობლემა) ქმნის იმის საშიშროებას, რომ რუსთაველის სიტყვაში გაცოცხლებული იდეაც, დროც, ღირებულებათა სისტემაც, პოეტიკისა და მხატვრული რიტორიკის თვალსაზრისით, მონტაჟირებას დაექვემდებარება. ინსცენირება, ფაქტობრივად, ახალი ნაწარმოების შეთხზვას გულისხმობს. ისიც აქსიომაა, რომ ვერც ერთი ინსცენირება ვერ დადგება პირველწყაროს სიმაღლეზე. თუ მაინც გვსურს, „ვეფხისტყაოსანი“ ვიხილოთ სცენაზე, მაშინ აპრიორულად უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ  პოემა გადაკეთდება: დადგება მისი მოვლენათა რიგის შეცვლის აუცილებლობაც, კლებაიცა და მატებაიცა, რადგან ასეთია სანახაობითი კულტურის კანონი – სცენის ენაზე გადატანა, ტექსტის გაცოცხლება ქმედებაში. გარდა ამისა, „ესა თუ ის ნაწარმოები იმიტომ იბადება ან რომანად, ან ლექსად, ან პიესად, რომ მას სხვა სახით და სხვა ჟანრით დაბადება არ შეეძლო. ე.ი. ინსცენირებით ხშირად ირღვევა ჟანრების თავისთავადობისა და შეუცვლელეობის კანონი“ (ბაქრაძე 1965: 84).

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართველ ადამიანს მუდმივად ექნება შიში (ან მინიმუმ უკმარისობის  განცდა) იმ ყველაზე დიდი სიწმინდისა და სიმაღლის მიმართ, რომელიც განსაზღვრავს მის იდენტობასაც და არსებობის საზრისსაც. ამიტომ, „ვეფხისტყაოსნის“ ჯერ ინსცენირება და მერე მისი თეატრალურ ტექსტად ქცევა დიდი რისკის შემცველია, რადგან, იქ, სადაც რუსთაველის სიტყვა ხმიანებს (თავად მხატვრულ ტექსტში), სხვა სიტყვის (ანუ ინსცენირების, მეორე სიტყვის) ადგილი აღარ რჩება!

Saba Metreveli – “Knight in the panther’s skin – the unconquerable height of Georgian theatre – part II

The author talks about the attempts to stage Shota Rustaveli’s immortal poem “The Knight in the panther’s skin” in Georgian theater; He reviews the most difficult problem of a stage adaptation of the poem, which still causes unquenchable interest.

The author has studied and analyzed the history of the theatrical representation of the poem, from “Living Pictures” to “The knight in the panther’s skin” on stage.

I ნაწილი


[1] თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი, დაარსდა 1929 წელს. დასში შედიოდნენ: გ. ურუშაძე, დ. ბაქრაძე, დ. ცხაკაია, ბ. კრავეიშვილი, პ. ბალანჩივაძე და სხვები. თეატრის ხელმძრვანელი იყო გ. შავგულიძე, დადგეს შ. მანაგაძისა და ს. ჩიქოვანის „641“, ფ. კნორის „განგაში“ და სხვა სპექტაკლები. იარსება 1933 წლამდე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…