(გიორგი სავანელის პოლიტიკური სპექტაკლი)
როდესაც ვუყურებდი სპექტაკლს – „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე, პირველ ყოვლისა, მაინც ის გამახარებდა, კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადადგმულა პოლიტიკური თეატრის ჩამოსაყალიბებლად, ადრე თუ გვიან თეატრის ეს ნაირსახეობაც რომ უნდა შევქმნათ და აუცილებლადაც – გამოკვეთილი და სრულქმნილი სახით და მხოლოდღა ცალკეული დადგმები აღარ ვიმყოფინოთ.
გიორგი სავანელი ერთდროულად სამი იპოსტასით უნდა წარმომდგარიყო:
დრამატურგად, რეჟისორად და მსახიობად, მელიტონ ბარათაშვილის როლს რომ მოიგებდა.
სპექტაკლს კი დაეკისრებოდა როგორც ესთეტიკური, ისე საგანმანათლებლო მისია, ძირითადად ჩინებულად რომ გაართმევდა თავს ამ მოვალეობას, თუმც ზოგიერთი გარემოების – მსხვილმანისა თუ შედარებით წვრილმანის გათვალისწინება მაინც სასურველი, ზოგიერთისა კი – აუცილებელიცაა.
არ აკლია დადგმას სიმძაფრე, დრამატიზმი, სიცოცხლისუნარიანობა, რეჟისორული თუ მსახიობური მიგნებანი და ამ მხრივაც უთუოდ გაანალიზდება და შეფასდება სათანადოდ როგორც მთავარი როლის შემსრულებლის – ნიკოლოზ ფაიქრიძის, ისე სხვა მონაწილეთა გარჯა, თუმც ამჯერად მირჩევნია, შენიშვნები გავუზიარო რეჟისორსაც და დამდგმელ გუნდსაც, რათა სპექტაკლი არ ამოვარდეს ეპოქის კონტექსტიდან და საგანმანათლებლო დანიშნულებაც ბოლომდე შეასრულოს.
დადგმა, ცოტა არ იყოს, გაჭიანურებულია და წაადგება ზოგიერთი სცენის შეკვეცა, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის შეხვედრის სცენა მეორე მოქმედებაში სჯობს სულაც პირწმინდად ამოვარდეს და მათმა მანამდელმა შეხვედრებმაც არ დატოვოს გადამლაშების შთაბეჭდილება და არასწორი წარმოდგენა არ შეუქმნას მაყურებელს მათ ურთიერთობაზე, რაც სინამდვილეში არ გასცილებია შორით დაგვას, შორით კვდომასა და ოხვრას…
ბარათაშვილის სიარული ღვინის ბოთლით ხელში მაინც ნამეტანია. მხიარული ჭაბუკი კი გახლდათ, ყოველგვარი თავყრილობისა და ლხინის სული და გული, მაგრამ რუსი „ბოსიაკივით“ შეუძლებელია, მოქცეულიყო, როგორი გულდაწყვეტილიც უნდა ყოფილიყო იმედგაცრუებული სიყვარულით.
როდესაც მაიკო ორბელიანს გამოუტყდება, ეკატერინემ თავბრუ რომ დაახვია და გონს გადაიყვანა, სასურველია, იქ „ვპოვე ტაძრიდან“ კი არ წარმოთქვამდეს სტრიქონს, არამედ „საყურედან“ – ცნობილია, რარიგ შეშალა ეკატერინეს საყურის თამაშმა.
სპექტაკლის ერთ-ერთ ღირსებად მეჩვენება, დრამატურგ-რეჟისორი რომ გაერიდა პოეტური სტრიქონების გახმიანებას და – გარდა ამ პასაჟისა, მხოლოდღა „მერანის“ წამიერი გამოხმობა იკმარა.
გამოუცდელი დრამატურგი სწორედაც რომ უხვად შეიტანდა სიუჟეტის მსვლელობაში ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებს და… ამ სპექტაკლს ძალიან დააზიანებდა.
სხვაგვარი სტილისტიკის სპექტაკლს შესაძლოა, ძალიანაც მოუხდეს და სულაც ბარათაშვილის ლექსებზე აიგოს, მაგრამ ის უკვე იქნება პოეზიის თეატრისათვის ნიშანდობლივი დადგმა.
„მერანი“ ვახსენე და:
ზედმეტი არ იქნებოდა ალექსანდრე ბატონიშვილის სახების გამოხმობა, ბოლოს და ბოლოს, ეს ლექსი ამ პიროვნებით არის შთაგონებული და მისი მოლანდება კიდევ უფრო გაამკვეთრებს დადგმის დაუმცხრალ, დაუშოშმინებელ სულს და უშუალო გადაძახილი იქნება სპექტაკლის დასაწყისთან: სოლომონ დოდაშვილისა და მისი ერთი საუკეთესო მოწაფის დიალოგთან, უსოლომონოდ ბარათაშვილი ამ რანგის პოეტი რომ ვერ იქნებოდა.
გასაგებია დრამატურგ-რეჟისორის სურვილი:
როგორმე დააკავშიროს ნიკოლოზ ბარათაშვილი 1832 წლის შეთქმულებასთან და თუ უშუალო მონაწილე არა ყოფილა, რაც შეიძლება მიუახლოოს ამ ფარულ წრეს; და როდესაც სოლომონის დასაპატიმრებლად მიდიან ჟანდარმები, მასწავლებლების რჩევით, ფანჯრიდან გადაძრომით უშველოს თავს.
და ასე უჩვენოს მაყურებელს, 1832 წლის შეთქმულების სული უშუალოდ რომ გადავიდა ბარათაშვილის პოეზიაში და მათ აღმსარებლად სწორედ „ბედი ქართლისას“ შემოქმედი შეიქნებოდა.
თუმც გაუმართლებელია, სოლომონი სპექტაკლში რომ უმტკიცებს ტატოს:
მე რესპუბლიკის მომხრე ვარ, რესპუბლიკური წყობა კი მეფეს გამორიცხავს, ხოლო შენ – შეთქმულების არაერთი მონაწილისა არ იყოს – მეფის შთამომავალი ხარ და უმეფობას ვერ შეეგუებიო.
ნუ დაგვავიწყდება:
ტერმინები ხშირად იცვლიან მნიშვნელობას და თუნდ აგერ რესპუბლიკაც სხვაგვარად გვესმის დღესდღეობით და სხვაგვარად ესმოდა სოლომონ დოდაშვილს.
ეს დღევანდელობის გადასახედიდან გამორიცხავს რესპუბლიკური წყობა მეფეს, თორემ იმჟამინდელი გაგებით რესპუბლიკა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტურ მონარქიას გულისხმობს, რასაც ემხრობოდა სოლომონ დოდაშვილი; და თუმც განსხვავებული შეხედულება ჰქონდა დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს სახელმწიფოებრივ წყობაზე ალექსანდრე ორბელიანს – აბსოლუტური მონარქიის მომხრეს – იოლად დაყაბულდებოდა სოლომონს და მხარს დაუჭერდა პარლამენტურ მონარქიას.
ალექსანდრე ორბელიანი ერთ-ერთი მოთავე გახლდათ საიდუმლო შეთქმისა სოლომონ დოდაშვილსა და ელიზბარ ერისთავთან ერთად, ამიტომაც გადასახლებულთა ჩამონათვალში სწორედ იგი უნდა იხსენიებოდეს პირველთაგანთა შორის.
მეტეხის ციხის ხსენებაც, თანაც – ორგზის, ყურს ჭრის:
ფარული ორგანიზაციის მონაწილენი მეტეხის ციხეში არ გამოუმწყვდევიათ, არამედ ყაზარმაში და ამ შეთქმულებას მეორენაირად ყაზარმობას ამიტომაც უწოდებდნენ. დიმიტრი ყიფიანის მემუარებშიც ამ ამბების გახსენება სწორედ ასეა დასათაურებული.
ყურს ჭრის, მელიტონ ბარათაშვილის შვილს დედას რომ აგინებს.
მისი გაგულისება სხვაგვარად უნდა გამოიხატოს და არა დედის გინებით, რაც სრულიად უცხო გახლდათ ჩვენი იმჟამინდელი არისტოკრატიისათვის. რუსი სალდათ-ოფიცრების მიერ შემოტანილი ეს უხამსი მიმართვა ჯერ ქვედა ფენებში, ასოციალურ გარემოში თუ გაისმოდა, ხოლო არისტოკრატიისათვის გინებად ითქმოდა შესიტყვება: შე ასეთ-ისეთო!.. – და ამასაც ოჯახის წევრები და ნათესავ-ახლობლები ერთმანეთს არა ჰკადრებდნენ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი ისე გაატარებდა თავის ხანმოკლე ცხოვრებას, დედას კაციშვილი არ შეაგინებდა და ჩვენ მაინც და მაინც მელიტონს ნუ შევაგინებინებთ, წარჩინებული თავადი რომ გახლდათ და არა აბელ არავიძე კინოფილმიდან „მონანიება“.
მთელი მსვლელობა სპექტაკლისა შავად რომ არის შესუდრული, ეს ეპოქის ტრაგიკულ მხარეს გამოჰკვეთს, მაგრამ გარდა დრამატიზმისა და ტრაგიზმისა, იმ დროებას არც გარეგნულ ზიზილ-პიპილები და კარნავალურობა აკლდა და… იქნებ მოუხდეს დადგმას, თუ ეს ელფერიც შემოიჭრება.
დასაწყისში ნიკოლოზ ბარათაშვილი სამოსს რომ გაიძრობს და… იესო ქრისტეს იერით მოგვევლინება, ეს სურათი, იქნებ, სპექტაკლის ფინალშიც განმეორებულიყო, ბოლო სცენა ისე რომ წარმოგვიდგება, თითქოს სული ამოსდის გარდაცვლილ პოეტს და სწორედაც სულია, ზეცისაკენ რომ მიემართება.
როგორც ჩანს:
რეჟისორს სურდა, რომ ამ მხატვრული ხერხით მაყურებელს უშუალო კავშირი დაემყარებინა დასაწყისთან და სულის ამაღლება გოლგოთაზე ასვლასთან გაეიგივებინა, მაგრამ ეს კავშირი ბუნდოვანდება, და დასაწყისი ცალკე რჩება, ფინალი კი – ცალკე.
ამიტომაც კვლავ იესო ქრისტეს გარეგნული იერით უნდა წარმოდგეს ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი ამაღლებაც სულიერ გოლგოთაზე ხელშესახებად გამოიკვეთოს.
ისედაც მშვენიერი დადგმა კიდევ უკეთესი ანკი რატომ არ უნდა გახდეს?
მითუმეტეს:
თავისთავადი დანიშნულების გარდა, კიდევ ერთ რგოლად მოჩანს პოლიტიკური თეატრის დაარსების გზაზე, გიორგი სავანელის ნიჭიერებისა და ენერგიის დრამატურგი და რეჟისორი საამისოდაც რომ მოწოდებულა:
მყარი საძირკველი შეუქმნას პოლიტიკურ თეატრს.
ან სულაც ბოლომდე მიიყვანოს ეს მისწრაფება, ანდერძად რომ გადმოგვცემია ჩვენს მეცხრამეტე საუკუნის მოღვაწეთაგან და შესაფერის დაგვირგვინებასაც ელოდება.
Rostom Chkheidze – The scenic face of Nikoloz Baratashvili
The author responds to the play “It is I, Nikoloz Baratashvili” staged a few years ago by a young director and playwright – Giorgi Savaneli; The play was performed on the stage of the Nodar Dumbadze Theater. The reviewer critically assesses both the play and the performance, but the interesting findings that the director brought to the audience are not left unnoticed
Leave a Reply