ლელა წიფურიას სტატია

ცნობიერების ნაკადიდან სათეატრო ენამდე

, , ,

(ქშიშტოფ ვარლიკოვსკის მეთოდის შესახებ)

ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რეჟისორი,  მრავალი საერთაშორისო პრემიის, მათ შორის 2021 წლის ვენეციის ბიენალეს გამარჯვებული, ვარშავის „ნოვა თეატრის“   ხელმძღვანელი – ქშიშტოფ ვარლიკოვსკი მაღალმხატვრულ პროზაზე წერს –   „ყველაზე ხშირად პროზას მივმართავ ხელმძღვანელობისთვის. დღითი დღე  ვფიქრობ მწერლებზე, რომლებმაც თითქმის ასი წლის წინ წინასწარმეტყველურად, მაგრამ ასევე თავშეკავებულად აღწერეს ევროპული ღმერთების დაცემა; ბინდი, რომელმაც ჩვენი ცივილიზაცია ჩაძირა სიბნელეში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განათებული. მე ვფიქრობ ფრანც კაფკაზე, თომას მანსა და მარსელ პრუსტზე…“(Warlikowski  2015) როგორ გარდაიქმნება სიუჟეტურ პერიპეტიებსა და ქმედით წიაღსვლებს მოკლებული, ცნობიერების ნაკადის მარსელ პრუსტისეული  ანალიტიკური პროზა აუდიოვიზუალურ ნაწარმოებად?

მარსელ პრუსტი ლიტერატურულ ტექსტში დეტალებად შლის სამყაროს; ამ დეტალებს სკრუპულოზური  სიზუსტით აღწერს და მერე თითქოს მოზაიკასავით აწყობს ერთ მთლიანობად. ვარლიკოვსკის წარმოდგენაში  თითოეული პერსონაჟი ასევე სკრუპულოზურად არის დამუშავებული. ყველა მათგანი შემოდის საკუთარი ბიოგრაფიით, სრულიად სხვადასხვაგვარი პლასტიკით, სპეციფიკურად დამუშავებული ხმის ტემბრითა და მოძრაობებით. და ყველა ერთად კი შუშის სამხეცეში ერთიანდება. ეს შუშის სამხეცე ვარლიკოვსკის მიერ სამყაროს მოდერნისტულ მოდელად არის წარმოსახული მის დადგმაში – „ფრანგები“.

„მონუმენტურ „ტილოდ“ დარჩება ჩემს მეხსიერებაში კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ფრანგები“ („ნოვი თეატრი“, პოლონეთი). ვარლიკოვსკის ინტერპრეტირებული შვიდ წიგნიანი და თექვსმეტ ტომიანი მარსელ პრუსტის რომანი, რომელიც თითქმის ხუთ საათიან სპექტაკლად იყო წარმოდგენილი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, მართლაც არის თანამედროვე სათეატრო ხელოვნების გამორჩეული ნიმუში.

1983 წელს ცნობილმა გერმანელმა კინორეჟისორმა – ფოლკერ შლიონდორფმა პრუსტის ლიტერატურული ტექსტის მიხედვით მხატვრული ფილმი – „სვანის სიყვარული“ გადაიღო. ეს პირველი აუდიოვიზუალური ვერსიაა, რომელიც მარსელ პრუსტის თხზულების მიხედვით დაიდგა და რომლის ხილვის შესაძლებლობაც მოგვეცა. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ მარსელ პრუსტის რომანი შვიდ წიგნად იმთავითვე არ მიეკუთვნება ე.წ. „ქმედითი პროზის“ ნიმუშებს. ადამიანის თვითშემეცნების, ფსიქოანალიზის ლიტერატურული ვერსიის სცენაზე ან ეკრანზე გადატანა ურთულესი ამოცანაა. ფოლკერ შლიონდორფი დიდი რეჟისორია, მაგრამ ფილმი მან პრუსტის პროზა კლასიკური ეკრანიზაციის პრინციპით გადაიღო: კოსტიუმირებული მდიდრული ფილმი, რომლის პერსონაჟებიც ისევე არიან მოსილნი, როგორც საუკუნის დასაწყისის კინოარქივში შემორჩენილ ერთადერთ კადრში, სადაც თავად პრუსტი ჩნდება. ერთ გრძელ კადრად გადაღებული ეს  კინოქრონიკა მაღალი საზოგადოების იმ მორიგ თავშეყრას  ასახავს, სადაც პარიზული ბომონდი, უპირველეს ყოვლისა, უძვირფასესი სამოსის და სამკაულების დემონსტრირებას ახდენს. შავ-თეთრ კადრში ეს მსვლელობა  უფრო დეფილეს ჰგავს, შლიონდორფის ფილმში კი ეს დეფილე ფერადი კოსტიუმებით არის წარმოდგენილი მდიდრულ ინტერიერებში. ფილმმა მიიღო კიდევაც ორი „სეზარი“ საუკეთესო დეკორაციისთვის და საუკეთესო კოსტიუმებისთვის. თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ  როლებს შლიონდორფის ფილმში ჯერემი აირონსი, ორნელა მუტი, ალენ დელონი, ფანი არდანი… ასრულებდნენ, ოპერატორი კი სვენ ნიუკვისტი იყო, ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენ საოცარი ესთეტიკური სანახაობა შეიქმნა ეკრანზე. რაც შეეხება ცნობიერების ნაკადს, ფილმში ის შარლ სვანისა და ოდეტას სიყვარულის ისტორიის მდინარებაში მოექცა და ერთგვარად კურტიზან საყვარელზე ეჭვიანობით შეპყრობილი მამრის შინაგან მონოლოგის დაემსგავსა.

ვარლიკოვსკის სპექტაკლი რადიკალურად განსხვავებული სანახაობა იყო: უაღრესად თანამედროვე სათეატრო ესთეტიკის შესაბამისი, მაგრამ ბევრად უფრო ახლოს პრუსტის სამყაროსთან.  პრუსტის რომანებში „თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას დაცული არ არის დროული თანამიმდევრობა, ამიტომ ძირეულადაა შეცვლილი რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგა. მწერალი ცდილობს, მოუძებნოს ახსნა ადამიანის ფსიქოლოგიისა და ინტელექტის კანონებს, ინტუიციის მექანიკას“( პრუსტი 2020); დრამატურგ პიოტრ გრუშჩინსკისა და რეჟისორ კშიშტოფ ვარლიკოვსკის ინტერპრეტაციით პრუსტის ფრანგები 3D ვიდეოინსტალაციებით დატვირთული ულტრათანამედროვე სამყაროს ბინადარნი გახდნენ.  პრუსტის იმპრესიონისტული შემოქმედებითი მეთოდი ვარლიკოვსკის სპექტაკლში უფრო ტულუზ-ლოტრეკის პოსტ-იმრესიონიზმს მიემსგავსა და სცენაზეც დეფორმირებული სხეულების ესთეტიკაც კანონზომიერი გახდა. როგორია ეს სამყარო, რომელსაც ვარლიკოვსკი პრუსტის მრავალტომიანი რომანისა და რასინის „ფედრას“ ნაწყვეტების დამატებით გვთავაზობს.

ექსპო ჯორჯიაში წარმოდგენილი   სამყარო ფრაგმენტებად დაყოფილი დეკორაციებითა და მოძრავი შუშის ვაგონი შუშის სამხეცის ასოციაციას იწვევდა. ცხადია, არა ტენეს უილიამსის პიესის გარემოს,   არამედ ცოდვებით დამძიმებულ ადამიანთა დროებით სამყოფელს,  სადაც შედის ყველა – მთხრობელის – შარლ სვანისა და ოდეტას გარდა. ვაგონი, სადაც მაღალი საზოგადოების ვნებები პირუტყვულად არის ქცეული და საკუთარ ქვეცნობიერში ჩაღრმავებისა და მისი ამოცნობის მაგიერ, ფაქტობრივად, სხვათა განკითხვისა და განქიქების თუ არისტოკრატული ღიმილით შეჭიდების ასპარეზად არის ქცეული.

პრუსტი თითქოს მუდმივად მოგზაურობს საკუთარ თავში საკუთარ ქვეცნობიერში და პერსონაჟების ქმედება ქვეცნობიერის პრიზმაშია გატარებული. ვარლიკოვსკი ახდენს რა ქვეცნობიერის ვიზუალიზაციას და ქმნის შუშის სამხეცის იმგვარ მოდელს, სადაც სოდომ-გომორის ცოდვით დაწყებული, პუანტებზე შემდგარი  ზოოფილიური მისწრაფებით დამთავრებული, ჯოჯოხეთის მოსახლეთა ყველა სპექტრის ჩვენებას ახერხებს სცენაზე.

ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე, რომელიც არასოდეს ყოფილა გამოყენებული სათეატრო დადგმისთვის, სრულიად არაორდინარულ სათეატრო დარბაზად გარდაიქმნა. სცენოგრაფიაში ორი ძირითადი „ხედია“ – უკანა ხედი, კედელზე განთავსებული ეკრანით და ფერადი ვიდეოინსტალაციებით, მის წინ გამწკრივებული ბარი და ბარის სკამები და მოძრავი შუშის ვაგონი. ვიდეოინსტალაციები მრავალგვარია, ძალიან ლამაზი პეიზაჟებითა დაეპიზოდების შესატყვისად დასათაურებული, ძირითადად პრუსტის რომანის ფრაგმენტების შესაბამისად: „კომბრე“, „სვანის მხარე“, „ჰომოსექსუალობაზე“ და ა.შ.  მხატვარ მაგროჟატა შცეშნიაკის და მისი თანამოაზრეების: გამნათებლის, გრიმიორის, ანიმატორის, ვიდეოინსტალაციის ავტორის, რეკვიზიტორისა და ა.შ. ჯგუფის შექმნილი ულტრათანამედროვე დეკორში ჩასახლებული პრუსტის პერსონაჟების მრავალწლიანი ისტორიის სალონურ-იმპრესიონისტული გარემო უფრო სიურრეალისტური დეტალებით შედგენილ მოდერნისტულ სივრცედ გადაიქცა, სადაც აპოკალიფსის პერსონაჟები ჩასახლდნენ. 

„პრუსტის რომანი, ფაქტობრივად, ფუნდამენტურად სულიერი თავგადასავალია.

ვარლიკოვსკის სპექტაკლი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითქმის ხუთ საათს გრძელდება, ერთი წამითაც არ აძლევს მაყურებელს მოდუნების საშუალებას. სპექტაკლის ხმოვანი რიგი კონტრასტის პრინციპზეა აგებული: ერთი მხრივ, თითქოს აპოკალიფსური ხმები და მეორე მხრივ, ვიოლონჩელოსა თუ ვოკალის ცოცხალი შესრულება. პერსონაჟების გრიმი და კოსტიუმები გროტესკული და აბსურდულიც კია. აქ ყველა საკუთარი სექსუალური მისწრაფებების დემონსტრირებას ახდენს: ნახევრადშიშველი, კორსეტში ჩასმული კეთილშობილი წარმომავლობის ქალბატონები თუ  პუანტებზე შემდგარი შავკანიანი თუ მაიმუნის  ნიღბიანი მამაკაცები, სოდომ-გომორის ცოდვით შეპყრობილი პრინცი გერმანტი თუ ბარონი დე შარლუ. წითელთმიანი ბალერინას და შავკანიანი მამაკაცის სექსი შუშის ვაგონში ტანმოვარჯიშეთა „ტრენაჟს“ ემსგავსება…

თავად მარსელ პრუსტის დამოკიდებულება სამყაროსადმი ასეთია: „დღითი დღე სულ უფრო და უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ გონებას. დღითი დღე სულ უფრო  და უფრო ვრწმუნდები, რომ მხოლოდ გონების ჩაურევლად შეუძლია მწერალს რამე მოიხელთოს ჩვენი შთაბეჭდილებებიდან, ე.ი. ჩასწვდეს  რაღაც საკუთარს, ხელოვნების ერთადერთ საგანს. ის, რასაც გონება გვაწვდის წარსულის სახით, მართლა წარსული როდია. სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთი, ისევე, როგორც მიცვალებულთა სულები, ზოგიერთ ხალხურ ლეგენდაში სიკვდილისთანავე სახიერდება და თავს აფარებს რამე მატერიალურ საგანს; დატყვევებულია, სამუდამოდ დატყვევებული, სანამ ამ საგანს არ გავეყრებით“.

და როდესაც „ფრანგებს“ „გავეყრებით“, უცილობლად გვრჩება უდიდესი შთაბეჭდილება და განცდა: ვარლიკოვსკის დადგმული პრუსტის ლიტერატურული ტექსტის თეატრალურმა ვერსიამ,  რომელიც  შუშის ვაგონსა და ბარში გათამაშდა, უმძაფრესი ვნებები დაიტია. სპექტაკლის ბოლოს კი უკვე მოხუცებად წარმოჩენილი ფრანგები ბებერი ევროპის ჟამგადასულ ღირებულებათა სამუზეუმო ექსპონატებად არიან ქცეულნი… აღარ დარჩა აღარაფერი, რაც არ წაიბილწა და დასაღუპად არ გაიწირა…  და მაინც, ამ ჯოჯოხეთური წრეების გავლა, რომელიც მაყურებელს პრუსტ-ვარლიკოვსკის ცოდვილ გმირებთან ერთად უწევთ, თითქოს სწორედ ამ ვნებათაგან განწმენდს დაღლილ, ბებერ ევროპასა და აუდიტორიას.  არავითარ შემთხვევაში არ ჩნდება განცდა დაკარგული დროისა, რომელსაც ასე ეძიებდა მარსელ პრუსტი.

Lela Tsifuria – From stream of consciousness to the language of theatre (on Krzysztof Warlikowski’s method)

One of the most prominent directors of the twenty-first century, winner of many international awards, Krzysztof Warlikowski, writes about highly artistic prose: ”Most often I turn to prose for guidance. Day in and day out, I find myself thinking about writers who, nearly one hundred years ago, described prophetically but also restrainedly the decline of the European gods, the twilight that plunged our civilization into a darkness that has yet to be illumined. I am thinking of Franz Kafka, Thomas Mann and Marcel Proust.” How is the stream-of-consciousness analytical prose of Marcel Proust, devoid of plot vicissitudes and action elements transformed into an audiovisual work?

Before Warlikovki, Proust’s novel was filmed by the famous German film director Volker Schliendorf. What is the difference between the artistic concepts of film and play directors? Tbilisi audience had the opportunity to see the play in 2017 at the Tbilisi International Theater Festival. 

 What is the importance of showing theatrical performances and getting familiar with the latest Polish culture in the relationship between Georgia and Poland?

The author will also discuss the Warlikowski version of Marcel Proust’s prose interpretation. Marcel Proust breaks down the world into details in a literary text, describes these details with scrupulous accuracy, and then arranges them into a whole as if like a mosaic. In Warlikowski’s performance, each character is also meticulously crafted. All of them come with their own biography, completely different plastic, specially processed voice tone and movements. And all of them are united in the glass beast. This glass beast is imagined by Warlikowski as a modernist model of the world in the play. How does an early twentieth century novel transform into an early twenty-first century performance?  This process is analysed.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…