განუმეორებლად ორიგინალურ ხასიათსა და იერს ვაჟა-ფშაველას ცენტრალურ პოემებს და მათ მთავარ პერსონაჟებს ისიც ანიჭებს, რომ ეს ნაწარმოებები აღბეჭდავენ პირველხდომილებებს, პირველქმედებებს, გარკვეული ფენომენების ამქვეყნად პირველად გაჩენის თუ შექმნის აქტებს.
„ალუდა ქეთელაურში“ უპრეცედენტო, მანამდე არასდროს მომხდარი მოვლენები ხდება: ალუდა მოკლულ „ურჯულო“ მტერს, ტრადიციის საწინააღმდეგოდ, მარჯვენას არ ჭრის, იბრალებს, უწინარესად იმიტომ, რომ პირველი დაინახავს და შეიგრძნობს მტკივნეულად „ურჯულოს“ მიერ გამომჟღავნებულ ზოგადადამიანურ სიცოცხლის ნებას და სიკვდილის არნდომას; ალუდას პირველს უჩნდება დანაშაულის გრძნობა „ურჯულო“ მტრის მოკვლის და საკუთარი თემის სისხლიან ყოფაში მონაწილეობის გამო, იმდენად მძიმე, რომ თავისთავს კაციჭამიად მიიჩნევს; უპრეცედენტოა ისიც, რომ „ურჯულოს“ სულს ავედრებს ღმერთს, რომელიც თვითონ აღმოაჩინა როგორც მთელი კაცობრიობის ჰუმანური მეურვე; ხევისბერის მაგიერ თავად სწირავს მსხვერპლს ღვთაებას „ურჯულოს“ სულის საცხონებლად – ხევსურების თვალთახედვით, ჩადის უპრეცედენტო, არნახულ მკრეხელობას. ალუდა ხდება ინდივიდის და საზოგადოების სერიოზული, ღრმა კონფლიქტის პირველწარმომშობელი.
ალუდას მიერ განცდილი უპრეცედენტო სულიერი ტრანსფორმაციის საბოლოო შედეგი ის არის, რომ მან პირველმა დაამსხვრია მტრის ხატი და ზოგადსაკაცობრიო მორალს დაუდო სათავე იმით, რომ პირველმა ჩათვალა „ურჯულო“ მტერი სრულფასოვან, თავის თანასწორ ადამიანად. საკუთარი უპრეცედენტო პრაქტიკული და სულიერი ქმედებებით ალუდამ თვითონ შექმნა პირველი პრეცედენტები – ახლებური მსოფლგანცდის, აზროვნების, ქცევის პირველნიმუშები.
„სტუმარ-მასპინძელში“ ვხედავთ, რომ ტრადიციის თანახმად, სტუმარი – მტერიც კი – ხელშეუვალია, მაგრამ არ არსებობს იმის განმსაზღვრელი ნორმა, თუ როგორ უნდა მოექცნენ ადამიანები სტუმრად მყოფ მტერს, როცა ის უცხოტომელი და „ურჯულოა“, მთელ მათ ეთნოსთან სასტიკად დაპირისპირებულია; ამგვარ უანალოგო, პირველად წარმოქმნილ სიტუაციაში ჯოყოლა თვითონ აწესებს მორალურ ნორმას და ქმნის ამ ნორმის შესატყვისად მოქცევის პირველ პრეცედენტს: სტუმრის სტატუსის მქონე უცხოტომელ და „ურჯულო“ მტერსაც ისე ეპყრობა, როგორც თვისტომ და ერთმორწმუნე მტერს მოეპყრობოდა, ანუ მის მიმართაც ჰუმანურობას იჩენს; ჯოყოლას უჩვეულო ზნეობრივ პოზიციას და ქცევას ისიც განაპირობებს, რომ იგი პატივს სცემს სხვის რელიგიას, რაც ასევე უჩვეულოა; ალუდას მსგავსად ჯოყოლაც ინდივიდის და საზოგადოების პრინციპული კონფლიქტის პირველწარმომშობია; ალუდას მსგავსად იგი ადამიანთა მთელი მოდგმისთვის საერთო კაცთმოყვარე ღმერთის პირველაღმომჩენია და ამგვარი ღმერთის რწმენაზე დაყრდნობით ისიც პირველი ამსხვრევს მტრის ხატს, პირველი აძლევს დასაბამს ზოგადსაკაცობრიო, ყველა ადამიანის თანასწორობის მაღიარებელ მორალს, რომელმაც ეთნიკურ და კონფესიურ ზღუდეებში მომწყვდეული მორალი უნდა შეცვალოს.
ამ შეზღუდული მორალის წნეხისგან გათავისუფლების პირველად პრეცედენტს ქმნის აღაზაც ქისტების მიერ მოკლული „გიაური“ მტრის მიმართ განუზომელი სიბრალულით, მისი თავგამოდებული ჭირისუფლობით.
აშკარაა, რომ უპრეცედენტოა სულიერი მეტამორფოზა, რომელსაც „გველის მჭამელის“ მთავარი გმირი განიცდის – სიკვდილის და სიცოცხლის რაობის უნიკალურად ღრმა ემოციური წვდომის შედეგად მინდია იძენს სხვებისთვის არაფრისმთქმელი ბუნების არსის გაგების უმაგალითო უნარს, რომელიც მის ინდივიდუალურ მენტალობას საზოგადოებისგან არნახულად და დრამატულად აშორებს; ამ უნარის ძალით იგი პირველი აღმოაჩენს, რომ სიცოცხლის ნება და სიკვდილისგან განზიდვა ბუნებისთვისაც ისევე ორგანულია, როგორც ადამიანისთვის; მინდია ხდება იმის პირველდამნახველი, რომ ბუნება „არა ყოფილა ურჯულო“, რომ ღვთისმიერი სული ბუნებაშიც ბინადრობს და ამის საფუძველზე ის წარმოდგენას ღმერთის მფარველობის და ადამიანური მორალის პრინციპთა მოქმედების სფეროზე უპრეცედენტოდ აფართოებს – ეს სფერო, მისი ხედვით, ბუნებასაც მოიცავს; მინდიას ახლებური რელიგიურ-მორალური მსოფლაღქმის შესატყვისად ახლებურია, უანალოგოა მისი პრაქტიკული დამოკიდებულება ბუნებისადმი – თანამგრძნობელი, მომფრთხილებელი, ძალადობის გამომრიცხველი, არაუტილიტარული; ასე უყრის საფუძველს მინდია ახალ ეთიკას, უნივერსალური სიკეთის, ლმობიერების მორალს.
პოემაში პირველადი ფენომენის სახით იხატება გრძნეული უნარების მინდიასეული ფლობაც, მისი უმაგალითო სიკეთის სანაზღაურო.
* * *
ვაჟა-ფშაველას მთავარი პოემების გამჭოლი ტენდენცია – სხვადასხვა ფენომენების აღმოცენების, პირველქმნადობის გამოსახვა მითოსური ძირების მქონე უნდა იყოს.
„მითიური ეპოქა პირველსაგანთა და პირველქმედებათა ეპოქაა: პირველი ცეცხლის, პირველი შუბის, პირველ საქციელთა და ა.შ. ის, რაც აქ ხდება, განიხილება როგორც პრეცედენტი, რომელიც შემდგომში გამეორდება.
ეტიოლოგიზმი (მიზეზის აღმნიშვნელი ძველბერძნული სიტყვიდან), ადამიანის გარემომცველი რეალობის ამა თუ იმ მოვლენის ახსნის ცდა („როგორ წარმოიშვა ეს?“, „როგორ არის ეს შექმნილი?“, „რატომ?“) მითოლოგიური აზროვნების უარსებითესი ნიშანია. ეტიოლოგიზმი მითის სპეციფიკის განმსაზღვრელია, რამდენადაც მითში წარმოდგენები სამყაროს წყობაზე გადმოიცემა მისი სხვადასხვა ელემენტების წარმოშობის შესახებ თხრობის სახით“ (მსოფლიოს ხალხთა მითები).
მითოლოგიის ცნობილი მკვლევრის – მირჩა ელიადეს თქმით, „მითს ყოველთვის აქვს კავშირი რაღაცის შექმნასთან, წარმოშობასთან. იგი მოგვითხრობს, როგორ გაჩნდა სამყაროში რაიმე მოვლენა, როგორ აღმოცენდა ქცევის გარკვეული ფორმები“.
მითის ეს თვისება საკუთარი შემოქმედებითი გამოცდილების საფუძველზე აქვს დადასტურებული თომას მანს, რომელიც ამბობს, რომ „იოსებსა და მის ძმებზე“ – მითოლოგიურ რომანზე მუშაობისას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებოდა „რაღაცის პირველაღმოცენებას – სიყვარულის, შურის, სიძულვილის, მკვლელობის და ბევრი სხვა რამის.
„ალუდა ქეთელაურში“, „სტუმარ-მასპინძელში“, „გველის მჭამელში“ შემონახულია ტრადიციული მითოლოგიის არსებითი თავისებურება – ეტიოლოგიზმი, ამა თუ იმ ფენომენის ახსნა მისი წარმოშობის, პირველქმნადობის წარმოჩენის მეშვეობით.
უპირველეს ყოვლისა, ამის შედეგად წარმოდგება ეს პოემები ახალი მითოსშემოქმედების ნიმუშებად, რომლებიც ძველი მითებივით პირველადი იერის მქონეა, ფუძისეული ვითარებების არსის, ფუნდამენტური სიმართლის სამუდამოდ შემკვრივებული გამოხატულებებია. ამავე დროს ისინი, რასაკვირველია, არქაულ მითოლოგიაზე უფრო რთული და მდიდარია თავისი სულიერი შინაარსით, უფრო ფაქიზია თავისი აზრთაწყობით.
ვაჟა-ფშაველას ზოგიერთ სხვა ნაწარმოებში უფრო ხელშესახებია არქაული მითოსისთვის დამახასიათებელი ეტიოლოგიზმი. პოემა „სვინიდისის“ საყრდენია აბელის და კაენის ბიბლიური მითი, რომელიც აღბეჭდავს ადამიანთა სამყაროში დაუნდობელი მეტოქეობის, მძულვარე შურის, მკვლელობის და სიკვდილის წარმოშობას და რომელსაც ვაჟა შემატებს, თავისი თვალთახედვის ცენტრში მოაქცევს სინდისის აღმოცენებას; ქმნის ამქვეყნად სინდისის მოვლინების და მისი შემდგომი ბედის ამხსნელ მითოსურ ისტორიას.
ასევე სინდისის და მასთან ერთად სიყვარულის, სიბრალულის უნართა წარმოშობის მითოსური წარმოსახვა-ახსნაა მოთხრობა „გოჩი“; ხოლო მოთხრობის „როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზედ?“ სათაურიც მეტყველებს, რომ ეს არის მითოლოგიურ-ეტიოლოგიური ხასიათის, თუმცა უფრო ლოკალური შინაარსის მქონე ნაწარმოები. . .
ვაჟა-ფშაველას ცენტრალურ პოემებში მითოლოგიური აზროვნების არსებით ტენდენციასთან, ეტიოლოგიზმთან ერთად იკვეთება მათი მთავარი გმირების მონუმენტური სახეების გენეტიკური კავშირიც არქაული მითოლოგიის პერსონაჟების ერთ-ერთ ძირითად კატეგორიასთან – კულტურულ გმირებთან. არქაულ მითოსში კულტურული გმირები, მაგალითად, პრომეთე, გილგამეში, რომული, ამირანი, არიან ისინი, ვინც პირველები მოიპოვებენ თუ ქმნიან რაიმეს – ცეცხლს, სხვადასხვა ღირებულ მატერიალურ ობიექტებს, მათი დამზადების ტექნოლოგიებს, სოციალური ქცევის და წესრიგის პრინციპებს. . .
ალუდა, ჯოყოლა, მინდია ტრანსფორმირებული, გართულებული და გაღრმავებული ცნობიერების, ინტერესების, ქმედებათა მოტივების და მიზნების მქონე კულტურული გმირები არიან, რომლებიც პირველები მიაკვლევენ ახალ რელიგიურ და ეთიკურ ჭეშმარიტებებს, პირველები ქმნიან ახალ სულიერ ფასეულობებს, თუმცა მათი სოციალურ განზომილებაში რეალიზების ცდისას ტრაგიზმით იმოსებიან.
Tamaz Vasadze – The first creation
The author describes the central poems of the great Georgian poet – Vazha-Pshavela and their main characters; According to the critic, these works capture the first occurrences, the first actions, the acts of the first appearance or creation of certain phenomena in this world.