გუბაზ მეგრელიძის სტატია

ფესტივალის კვალდაკვალ

, , ,

„თეატრალური იმერეთი“ გამორჩეული ფესტივალია, რომელიც წარმოაჩენს რეგიონის თეატრალური დასების შესაძლებლობებს. იგი 2001 წელს დაფუძნდა და  პირველი ფესტივალიც ამავე წელს გაიმართა. წელს კი XV საიუბილეო ფორუმი იმართება.

ფესტივალში  ქუთაისის, ჭიათურისა და ზესტაფონის სახელმწიფო პროფესიული თეატრები მონაწილეობენ ნომინაციების გარეშე ყოველწლიურად, წელს კი მათ გვერდით,   სტუმრის სტატუსით, ვიხილეთ კიშინიოვის (მოლდავეთი) ეროვნული, ლიეტუვას დამოუკიდებელი ისტორიულ-კვლევითი და მარჯანიშვილის თეატრებიც, რაც შემოქმედებითი ურთიერთობების განმტკიცებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.  

წლიდან წლამდე იზრდება რეგიონის სახალხო თეატრების მხატვრული დონე, რაც მაყურებელთა გაუნელებელ ინტერესს იწვევს. ამიტომაცაა, რომ ქუთაისის დრამატული თეატრის 800-კაციანი დარბაზი ამ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გადაჭედილია, რამაც საერთო ჯამში 11.600 მაყურებელი შეადგინა. ზემოაღნიშნული დიდი სტიმულია შემოქმედებითი დასებისთვის. გასულ წელს რამდენიმე კოპროდუქციის შედეგად დადგმული სპექტაკლები ვიხილეთ, რამაც კარგი შედეგი გვაჩვენა და მოყვარულ მსახიობებზეც დადებითი გავლენა იქონია.

ფესტივალი საშუალებას იძლევა, სრულად გამოვლინდეს ნიჭიერ მსახიობთა შესაძლებლობები და  ახალგაზრდა მოყვარულთა პოტენციალი, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ მათ პროფესიულ მომავალზე. ფესტივალმა რეგიონის სახალხო თეატრები მატერიალურადაც გააძლიერა, რადგან ადგილობრივი ხელმძღვანელობა ამ სპექტაკლებს აფინანსებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას.

ფესტივალის სულისჩამდგმელები არიან მისი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი – ლევან როხვაძე, საორგანიზაციო მხარის ორგანიზატორები – მაია პაქსაშვილი და გელა ძაგნიძე. მათი თავდაუზოგავი გარჯა ფესტივალის უხარვეზოდ ჩატარებას უზრუნველყოფს.

სასიხარულოა, რომ წელს ღონისძიებაში 9 სახალხო თეატრმა მიიღო მონაწილეობა და მაყურებელს თავისი მხატვრულ-შემოქმედებითი სახე დაანახა.

ფესტივალის აღმოჩენა გახდა ხონის თეატრის სპექტაკლი „აზნაურები“, რომელშიც გაერთიანდა დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“, „ქამუშაძის გაჭირვება“ და „დარისპანის გასაჭირი“. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორია გოჩა კაპანაძე. შარშანდელი სპექტაკლის – ლაშა თაბუკაშვილის პიესის – ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ სუსტად წარმოდგენის შემდეგ ხონის მერიის პროექტით მოიწვიეს დამდგმელი ჯგუფი: რეჟისორი გოჩა კაპანაძე, რეჟისორის ასისტენტი იური ფოფხაძე და სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე, რომლებმაც  ანსამბლური და მაღალმხატვრული დადგმა განახორციელეს.

სპექტაკლი ორიგინალურადაა გააზრებული. მოქმედება იწყება სალონის სურათით, სადაც  თავმოყრილი გმირები თავიანთ პერსონაჟებს ეპიზოდების მიხედვით აცოცხლებენ. აღსანიშნავია სპექტაკლის სცენოგრაფია, რომელიც სათანადო იმერულ გარემოსა და  განწყობას ქმნის. ერთ-ერთი პერსონაჟი სცენაზე მდგარ ნატვრის ხეს ნაჭერს აბამს, რაც სიმბოლურად ყველა გმირის ოცნების აღსრულების  გამომხატველია, თუმცა მას პერსონაჟები სანთლებით გარშემო უვლიან, როგორც პანაშვიდზე, რაც მათი ცხოვრების უსაშველობაზე მიგვანიშნებს. მოქმედების მსვლელობისას კუთხეში მჯდომი ბავშვი წიგნს კითხულობს – ე.ი. მომავალი თაობის თვალწინ თამაშდება  სხვადასხვა დრამატული ეპიზოდი, რომლებიც მისი  (თაობის) განსასჯელია.

ამ სალონში ყველა ღირსეულად ცდილობს თავის წარმოჩენას, მაგრამ, რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკუთარ გაჭირვებას ვერავინ მალავს. მაყურებელი ხედავს ერთ სოფელში დატრიალებულ ცხოვრებისეულ ტრაგედიებს; გმირები პრობლემებისგან თავის დაძვრენას ცდილობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ, ამასთან სალონურ ამპარტავნებას ინარჩუნებენ და, საერთო ჯამში, ტრაგიკომიკურ რეალობას ქმნიან. ამ რეალობაში „ხმიანობს“ ავტორის თხოვნა: გეცოდებოდეთ ადამიანები, რამეთუ ისინი გარემოების მსხვერპლნი არიან.

კუთხეში ნარდის მოთამაშენი დიდ სტუმარს – ბაკულას ღორების  შესაშინებლად მოწვეულ რუს ჩინოვნიკს ელოდებიან. ლოდინის სცენას გროტესკული ამბავი ავსებს: სერაპიონი (გია კალატოზი) თავისი მარჩენალი ძაღლის გმირობას იუმორნარევი სევდით ჰყვება. სცენის მეორე მხარეს ეკვირინე (თამუნა ბოჭორიშვილი) თავის ახლადმოყვანილ რძალს – სონიას (ეთო აბაზაძე) მამულს აწონებს.

სიგარეტიანი და მარაოიანი მართა (მაკა მონივა), ამ სალონის დიასახლისი, ინტელიგენტს თამაშობს. მისი სალონი ყველას თავშეყრის ადგილია და ამიტომაც დარისპანი (დემურ საღარეიშვილი) თავის კაროჟნასთან (ელენე ბობოხიძე) ერთად სწორედ მართას სალონს სტუმრობს. აქ იმართება სერაპიონისა (გია კალატოზი) და დარისპანის გროტესკული დიალოგი ქალიშვილების მთხოვნელთა შესახებ. ამ ყოფით გარემოში იჭრება „უეზდნი ნაჩალნიკი“ ვასილ ივანოვიჩი (გოჩა ბუაძე) და მისი ხელქვეითი შაშა (მამუკა ოკუჯავა), რომლებსაც  სტუმრები დამწკრივებულები ეგებებიან; შაშა კი თავის უფროსს  აზნაურებად წარუდგენს მათ. ერთ „ქვაბში ჩაყრილი“ გლეხ-აზნაური უფრო დრამატულ სახეს იღებს, ვინაიდან რუსი ჩინოვნიკი ამ ჯგუფს დირიჟორობს და საყვედურობს, რუსულ მუსიკაზე რატომ არ ცეკვავთო; პასუხად კი ირონიულად ნათქვამს ისმენს – ქართველებს მეტი რა გვიკეთებიაო. რეჟისორის მიერ შეთხზული ეს ეპიზოდი სარკასტულსა და განზოგადებულ სახეს იძენს. მით უმეტეს, როდესაც ეს  „შეშინება“ ზღვარგადასულ სმაში გადადის და ისინი, ღორებისგან  დამფრთხალნი, გარბიან. ამ სცენაში რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს ადამიანთა უსულგულობასა და დაუნდობლობაზე, პირად გამორჩენასა და ინტერესებზე.  შედეგ გრძელდება დარისპანის, მართასა და პელაგიას (გურანდა ცაგურია) დიალოგები. ამ გარემოშიც ვხედავთ ადამიანთა ბრძოლას საკუთარი ინტერესებისთვის, სადაც დემურ საღარეიშვილის დარისპანი ტრაბახსა და ოსიკოს (ვასიკო აგლაძე) ყურადღების მისაქცევად გამოჩენილ უხეშობას არ ერიდება. კაროჟნა (ელენე ბობოხიძე) და ნატალია (მარიამ სანოძე) ამ გარემოს იმ მსხვერპლად გვევლინებიან, რომელთა შელახულ თავმოყვარეობაზე არავინ ფიქრობს – მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ!

ამ ანსამბლურ სპექტაკლში ვხედავთ სოფლის საზოგადოების სხვადასხვაგვარ ტიპაჟებს – ორაზროვანსა და საკუთარ ინტერესებზე მორგებულ ადამიანებს, რომელთა მოქმედება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარეობს. ზოგჯერ ერთმანეთს არ ინდობენ, შემდგომ ნანობენ ჩადენილ საქციელს და უკეთეს ცხოვრებას შენატრიან. აღსანიშნავია, რომ არაპროფესიონალი მსახიობები საინტერესოდ მუშაობენ და გმირთა ხასიათებს დამაჯერებლად განასახიერებენ. სპექტაკლის გამორჩეული სახეა მტკიცე ხასიათის ზენათი. პერსონაჟი არაჩვეულებრივად განასახიერა ქ-მა გულიადა სანოძემ; გამორჩეულნი იყვნენ იუმორითა და იმპროვიზაციით აღსავსე ფუსუტია (თიკო გელენიძე), ცხოვრებაზე გულგატეხილი გალაქტიონი (ვეფხია გულედანი), დრამატიზმით გულჩათხრობილი ოტია (ბექა ქაჯაია), გამორჩენის მაძიებელი ონისიმე (გოჩა რუხაძე).

 სპექტაკლის საერთო სახე ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ყოველმხრივ მისაღები, ამიტომაც მას ფესტივალის უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი მიენიჭა. 

იმერეთის მხარეში გასაკვირი არ არის, რომ მეტწილად დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები იდგმება.  საინტერესო აღმოჩნდა ბაღდათის სახალხო თეატრის სპექტაკლი – „ირინეს ბედნიერება“. აღსანიშნავია, რომ კოლექტივი, შარშანდელთან შედარებით, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა ფესტივალზე გამოსვლას და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. რეჟისორმა მელიტონ ჯაფარიძემ შექმნა მართალი ხასიათების  გმირთა სამყარო, სადაც თითოეული მათგანი თავის ხასიათსა და დამოკიდებულებებს ავლენს. ასეთ რეალურ გარემოს კი მსახიობებს მამუკა ტყეშელაშვილის სცენოგრაფია უქმნის.

რეჟისორი ნაწარმოების ტრადიციულ ვერსიას მიჰყვება და მსახიობების საშუალებით  გვიჩვენებს გმირთა ხასიათების მრავალფეროვნებას. ვხედავთ პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულების საინტერესო ნიუანსებს; გმირთა განცდები მოქმედების ლოგიკიდან გამომდინარეობს. 

ირინე, თეონა ლომსიანიძის შესრულებით, მოქმედებაში მთლიანადაა ჩართული. მისი შეფასებები გულწრფელად გამოხატავს გმირის შინაგან მდგომარეობას. თავიდანვე შეყვარებულის – პავლე როდამიშვილის იმედი აქვს, აგრეთვე მამისგან პავლეზე გათხოვების თანხმობას ელოდება, მაგრამ, როცა შეიტყობს აბესალოსთვის მიცემული თანხმობის  შესახებ, შეშფოთდება,  მამას ეხვეწება, განსაცდელში არ ჩააგდოს. მისი იძულებითი ცეკვა აბესალოსთან ვითარების დაძაბვის განმუხტვიდან გამომდინარეობს. ემოციურია მამასთან დიალოგი. ფინალში კი ყველასგან ნაღალატევი ქალის მორიდებული თავშეკავება აბესალოს გამტყუნებაში გადადის.

ფილიპე, სოსო კოტორეიშვილის შესრულებით, დრამატული ფიგურაა. იგი გახარებულია შეძლებული სასიძოს დამოყვრებით, არ ესმის ირინეს უარი სიყვარულის გამო. ტრადიციულად  ფიქრობს, თანაცხოვრებისას სიყვარულიც მოვა, ამიტომაც უკვირს ქალიშვილის „უსაფუძვლო“ უარი. მისი მისწრაფება შეძლებულ ოჯახთან დანათესავება და ირინეს ბედნიერი ცხოვრების უზრუნველყოფაა. ფილიპეს ეს სიხარული თანდათან იცვლება და დრამატულ ელფერს იღებს. უკვე საკუთარ თავსაც ადანაშაულებს, ასე დაუფიქრებლად რომ გადაწყვიტა შვილის ბედი. ფაქტობრივად, სიყვარულის სახელით დაღუპა თავისი სისხლი და ხორცი.სოსო კოტორეიშვილმა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფესტივალის  პრიზი დაიმსახურა.

სპექტაკლში საინტერესოა გიორგი ჭელიძის ვიქტორი, რომელიც თავისი განათლებისა და ინტელექტის გამო სოფელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მსახიობი კარგად გადმოსცემს თავისი ფიქრების მართებულობისა და რეალურ დაბრკოლებებთან სიმართლის თქმის შეუძლებლობას; ანგარიშს უწევს სხვა ფაქტორებსაც და თავისი უპრინციპობით ირინეს ტრაგიკულ მომავალსაც ხელს უწყობს. ვიქტორი განიცდის თავის ასეთ სუსტ ადამიანურ თვისებებს და ნანობს კიდეც, რატომ ხელი არ შეუშალა აბესალოს ახირებას და ფილიპე არ დაარწმუნა ამ ქორწინების ჩაშლაში. აბესალო, მსახიობ გიორგი ჭელიძის შესრულებით, სწორად გადმოსცემს გმირის ახირებულ, თავზეხელაღებულ  ხასიათს. იგი ანგარიშს არ უწევს თანასოფლელთა აზრს და საკუთარი მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება. ბოლოს, როცა საკუთარ ბრალდებებს ვერ ასაბუთებს და ირინეს მხილებასაც ისმენს, თავის გასამართლებლად ცოლს კლავს. გ. ჭელიძე კარგად გადმოსცემს გმირის ამ შინაგან წინააღმდეგობას, რაც მის ტრაგიკულ საქციელს განაპირობებს. იგი მორალურად ირინეს მხარესაა, მაგრამ რეალურად ანგარიშს უწევს აბესალოს ოჯახსაც და გადამჭრელ სიტყვას ვერ ამბობს.

პავლე როდამიშვილი, ვახო გოგოლაძის შესრულებით,  ადამიანურად მართალია აბესალოს

ახირების წინააღმდეგ, მაგრამ ვერც ფიზიკურად და ვერც მორალურად ვერ უპირისპირდება მას; მხოლოდ შორიდან შესცქერის ირინესთან ფლირტს. მისი შინაგანი პროტესტი  არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ ახდენს. სამსონი (ავთანდილ ნაკაშიძე) ოჯახური ტრადიციების დამცველია და შვილის აღვირახსნილობა ძალიან აღელვებს. ამიტომ გაკვირვებულია ფილიპეს მოსვლითა და შექმნილი სიტუაციის გარკვევით, რომლის საქმის კურსში იგი არ იყო და განიცდის, რომ მისი ოჯახის გარშემო მითქმა-მოთქმაა ატეხილი. ეთერ დევაძის ეკა თანაუგრძნობს ირინეს, ცდილობს, ოჯახის ღირსება შეინარჩუნოს და რძალს მოთმინება შეაძლებინოს. ეს გზაც თვითონ გამოიარა. კოლორიტულ სამეულს ქმნიან აბესალოს მეგობრები: მირიან ჯაფარიძე, ნიკოლოზ ჩიქვინიძე და შაკო გუმბარიძე, რომლებიც აბესალოს თანამზრახველები არიან და აბესალოც მათი მხარდაჭერით თავნებობს. ისინი ანგარიშს არ უწევენ თანასოფლელებს და უმსგავსო საქციელი ვაჟკაცობად მიაჩნიათ.

სპექტაკლი დაჯილდოვდა საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისა (ნუკრი კარკაძე, დათო ბენდელიანი) და ქორეოგრაფიისთვის (გოჩა შველიძე).

შარშანდელ ფესტივალზე წყალტუბოს სახალხო თეატრმა ,,სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა. ტრადიციას წელსაც არ უღალატა და ამჯერად ,,ბაკულას ღორები“ ვიხილეთ.  რეჟისორმა ზაზა კიკნაველიძემ თავისებური ინსცენირება და დადგმა შემოგვთავაზა. დასაწყისშივე ზედმეტია გალაქტიონის (სერგო კირკიტაძე) ქალებით გატაცების ამბავი, რაც მოთხრობაში არ არის. თვითნებურადაა დამატებული ზოგიერთი  სახე. არაფერ შუაშია სერაფიონის (სულიკო იოსელიანი) მონათხრობი თავისი მარჩენალი ძაღლის შესახებ ,,ქამუშაძის გაჭირვებიდან“. ბაკულას სახე საერთოდ არ ჩანს, ანდა ვინ არის აგრაფინა (ნინო ვეკუა) ან თეგენათლე (ინგა ხვადაგიანი). ნაწილობრივ შეცვლილია მოთხრობის შინაარსიც – შაშა (თეიმურაზ ისაკაზე) ბაკულასთან (საბა თოლორდავა) ერთად ქეიფობს, სერაფიონს კი ბაკულა ფულს აძლევს საქმის მოსაგვარებლად, დუქანში ვასილ ივანიჩთან (ზურაბ ყურაშვილი) და მდივან ქალთან აგრაფინასთან ერთად შაშა ქეიფობს. ხოლო გალაქტიონი ბოლოს მდივან ქალთან აბამს ფლირტს. რაზეა სპექტაკლი? კორუმპირებულ სასამართლო სისტემის ჩვენებაზე, თანასოფლელთა გულგრილობასა თუ გალაქტიონის ვნებათაღელვაზე?

ეს ინსცენირება კი არა, სულ სხვა ნაწარმოებია, რომელიც დავით კლდიაშვილს არ დაუწერია და ამიტომ რეჟისორს  პროგრამაში უნდა ჩაეწერა ,,დავით კლდიაშვილის მიხედვით,“ რაც ინსცენირებას უფრო გასაგებს გახდიდა. პროგრამაში ნახსნებია გოჭები, არადა გოჭებს ისეთი ზიანის მიყენება არ შეეძლოთ, როგორც მოთხრობისეულ ღორებს. „გოჭების“ სცენა ცეკვით არის გადაწყვეტილი. ამიტომ ისინი ლირიკული და არა ამაოხრებელი ღორების შთაბეჭდილებას ტოვებენ. პროგრამაში  გალაკტიონის ნაცვლად გალაქტიონი უნდა ეწეროს. გალაკტიონი  ერთი იყო და ისიც – ტაბიძე!

თერჯოლის სახალხო თეატრმა წარმოადგინა ავთო ვარსიმაშვილის მიერ გადმოქართულებული პიესა – „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, რომელიც რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ განახორციელა. მან მთავარი ყურადღება გმირთა შინაგანი სამყაროს გახსნაზე გადაიტანა; ვხედავთ რეალურ გარემოში მოქმედ პერსონაჟებს.

სიუჟეტით სპექტაკლი რომანტიკული კომედიაა, რომელშიც სიკეთითა და მომავლის იმედის მქონე ადამიანები ცხოვრობენ. მათი გარემო თემურ აბულაძის სცენოგრაფიით გამჭვირვალე კედლებით შემოიფარგლება; გმირთა კეთილშობილური ოცნებები ამ კედლებში სრულდება. ბანალურ სიუჟეტში კარგად ჩანს გმირთა დამაჯერებელი ურთიერთობები. სოფიკო (ლელა ამირხანაშვილი) რომანტიკული განწყობით უკითხავს ლექსს ავადმყოფ დედას (ნანა ამირხანაშვილი), რითაც ცდილობს, მდგომარეობა შეუმსუბუქოს. ამას გარდა, ნ. ამირხანაშვილის გმირი დარდობს ქალიშვილის გაუთხოვრობას და წარსულის გახსნებით ცდილობს მისი დაფარული განცდების ამოცნობას. სოფიკოს კი პირად ცხოვრებაზე უკვე ხელი აქვს ჩაქნეული და შვებას ლექსების კითხვაში პოვებს. არ უნდა განვლილი ცხოვრების დეტალების გახსენება და სხვა თემაზე გადააქვს საუბარი. დედა-შვილის დამოკიდებულებას მსახიობები ფარული ემოციით, თანაგრძნობითა და რეალობას შეგუებული განწყობით გადმოსცემენ.

საახალწლოდ დედის განწყობის გამოსწორების მიზნით სოფიკო კარზე შემთხვევით მოსულ სტუმარს ძველ შეყვარებულად ასაღებს. ირაკლი (კოტე მიქაბერიძე) შექმნილი სიტუაციით დაბნეულია. ცდილობს, ფარული პროტესტი გამოხატოს, მაგრამ  სოფიკოს თამაშს ჯერ აჰყვება, შემდგომში კი ურთიერთობებისა და ხასიათების გარკვევის შემდეგ სერიოზულ გრძნობებში გადავა. კოტე რობაქიძე კარგად გადმოსცემს გმირის ხასიათის ასეთ ცვალებადობას. თანდათან ხვდება, რომ სოფიკოსადმი დამოკიდებულება ირონიიდან და შეცოდებიდან სულიერ სიახლოვეში გადადის. ექსცენტრიკული ლიზა (მარი კირკიტაძე), რომელსაც სოფიკო დაიქირავებს და დედის გასახარად გაუმხელელ შვილად ასაღებს, შემდგომში ამ თბილი ოჯახური ურთიერთობებით მოხიბლული, მათდამი დამოკიდებულებას იცვლის და მომხვეჭელობის სურვილი თბილი ადამიანური დამოკიდებულებით ეცვლება.

რა თქმა უნდა, ძნელია მოყვარულ მსახიობებთან რთული ურთიერთობების მხატვრულად გათამაშება, მაგრამ მამუკა ცერცვაძის მიერ შექმნილმა სამყარომ მაყურებელშიც გულთბილი დამოკიდებულება აღძრა. გმირთა ხასიათების ასე დამაჯერებლად და ემოციურად ჩვენებისთვის სპექტაკლი საუკეთესო რეჟისურის პრიზით დაჯილდოვდა.

ხარაგაულის სახალხო თეატრი უკვე მეორე წელია სტაბილურ შემოქმედებით სახეს ინარჩუნებს. ამჯერად დასმა ნინია სადღობელაშვილის გახმაურებული პიესა – „ბამბაზიის სამოთხე“ შემოგვთავაზა. პიესა ეხება განცდებს აფხაზეთის ომში შვილმკვდარი დედისას, რომელიც ცდილობს შვილის ცხედრის გადმოსვენებას და გარკვეულ რისკზეც მიდის. სკოლის მასწავლებელი ელენე მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარებას ლამობს თავიდანვე. მსახიობ ირინე ჩხეიძის გმირი დედის ტრაგიკულ ბედთან ერთად გადმოსცემს სწრაფვას მიზნის მისაღწევად და მკვდრებით მოვაჭრე აფხაზ ბათუს (ბათუ კიკნაძე) რამდენჯერმე ხვდება. აქ ჩანს მათი უნდობლობა, ამ სენსიტიური საკითხისადმი პრინციპული დამოკიდებულება და ბოლოს – თანაგრძნობით დამთავრებული ადამიანური ურთიერთობები.

მსახიობი დამაჯერებლად გადმოსცემს შვილის ნივთებისა და კედელზე ჩამოკიდებული ფოტოსურათებისადმი ემოციურ დამოკიდებულებას. ძილის ეპიზოდიც ინსტალაციით მიდის და ჩანს ადამიანთა თავები წყალში. ირინეს ერთ-ერთი შეხვედრა აფხაზ ბათუსთან ბარში მიმდინარეობს, სადაც მსახიობი დავით ჭყოიძე მათხოვრის უხმო, დრამატულ ეპიზოდს გვთავაზობს; მაგრამ გაურკვევლად რჩება, ვინ არის იგი – ყოფილი მებრძოლი, ბომჟი თუ ჩვეულებრივი მათხოვარი. თუმცა, კარგად ჩანს მისი დრამატული, ცხოვრებას მოწყვეტილი და საზოგადოებისგან გაუცხოებული ადამიანის ბედი. ამიტომაც მამაკაცის ეპიზოდური როლის შესრულებისთვის ფესტივალის პრიზი დაიმსახურა.

მოქმედების კულმინაციაა ელენესა და აფხაზი შვილმკვდარი დედების შეხვედრა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ეროვნული შუღლი, ორი ერის მტრობა და მეომარი შვილების დაკარგვით გამოწვეული მოუშუშებელი განცდები. ლუიზა კიკნაძის აფხაზი დედა ემოციურად ჰყვება ორივეს დაღუპვის მომენტს. თანდათან დაპირისპირება ნელდება, ვინაიდან ელენე ხედავს შვილის ისეთივე მოვლილ საფლავს, როგორიც აფხაზი მეომრის საფლავია. ამ დროს ელენეს საუბარი უჭირს და მეგრულად სიმღერას იწყებს. თან ეუბნება – მაპატიე ერთმანეთთან საუბარი და ურთიერთობა რომ გვიჭირსო. ელენეს ხასიათში გარდატეხა ხდება – ხედავს, რომ  აფხაზი დედა, რომელიც ბოდიშის მოხდას ითხოვდა, მისი შვილის საფლავს სათუთად უვლიდა. ამიტომაც ამბობს: ,,თავის მიწაზე და სახლში ვტოვებ რატის. მისი სამოთხე აქ არის. დროებით შენთვის ჩამიბარებია, მალე დავბრუნდები.“ ელენეში იხსნება მთელი მოქმედების განმავლობაში შესამჩნევი დაძაბულობა, შვილის მონატრებით გამოწვეული დარდი და ნერვიულობა, რასაც ემოციური მუხტი ახლავს. ლუიზა კიკნაძის გმირი კი, რომელიც ბოდიშის მოხდას ითხოვდა,  ის გულმხურვალე დედა აღმოჩნდა, რომელიც მტრად გადაკიდებულ შვილების საფლავებს დიდი გულისყურით უვლის, რაც ბოლოს ორივე დედის შერიგებით მთავრდება. ამ ემოციურად განსახიერებული როლებისთვის ირინე ჩხეიძე დაჯილდოვდა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ხოლო ლუიზა კიკნაძე – ქალის ეპიზოდური როლისთვის.

სამტრედიის სახალხო თეატრმა წარმოადგინა ანტონ ჩეხოვის „პალატა №6“, რომელიც რეჟისორმა ლორეტა ჯორჯიკიამ თავისი სცენური ვერსიით განახორციელა.  აღსანიშნავია, რომ  სპექტაკლში საინტერესო საშემსრულებლო ანსამბლი გამოიკვეთა.  განსაკუთრებით ეს ითქმის გრომოვისა (გიორგი შენგელია) და ჟოზეფინას (მარიამ ბუტილი) შესახებ, რომლებმაც ახალგაზრდა კაცისა და ქალის როლების შესრულებისთვის ფესტივალის პრიზები დაიმსახურეს. ასევე გამოირჩეოდნენ დარაჯი ნიკიტა (ხვიჩა დარსაველიძე), რომელსაც ავადმყოფებზე ძალადობის გარეშე წესრიგის დამყარება შეუძლებლად მიაჩნია.  უხეში და მკაცრი ხასიათის გამო მისი ყველას ეშინია და გარიდებას ცდილობს. მოსეს კოლორიტული სახე შექმნა იმედი აბზიანიძემ, რომლისთვისაც პალატაში ყოფნა თავისუფლების ტოლფასია. ასევე, ფოსტის ყოფილი თანამშრომლის საინტერესო სახე შექმნა ირინა კალმახელიძემ. საავადმყოფოს უფროსის რაგინის პერსონაჟი ერეკლე ცხვარაძემ განასახიერა. მისი გმირი არსებულ ცხოვრებას შეგუებული, კონფორმისტული განწყობის ადამიანია, რომელიც ბოლო დროს ავადმყოფთა პალატაში მეტ დროს ატარებს და ამიტომ თავის პაციენტებთან გამოკეტავენ. თანაგრძნობა ასეთ საზოგადოებაში გიჟობად აღიქმება – ეს არის სპექტაკლის მთავარი სათქმელი. თუმცა რაგინში არ იგრძნობა, რატომ დაეწყო ინტერესი ავადმყოფებისადმი, როცა ადრე მათ არაფრად აგდებდა და ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდა. ამ ქალაქში ახლად ჩამოსული ექიმ ხობოტოვის ტიპაჟური სახე შექმნა თამაზ გოგიშვილმა, რომელიც თავის შენიშვნებს იწერს მომავალი მთავარი ექიმის კარიერის შექმნისთვის, რასაც საბოლოოდ აღწევს კიდევაც. უბრალო გლეხის ქალი დარია (მარინა რცხილაძე), რომელიც რაგინისთვის მხოლოდ მომსახურე პერსონალია, ახალი ექიმის დანიშვნისას სიტუაციას ალღოს უღებს და თანამედროვე პიკანტურ ქალად გარდაისახება. რეჟისორმა შეძლო ა. ჩეხოვის ამ რთული ნაწარმოების ფსიქოლოგიური სიზუსტითა და მსახიობთა დამაჯერებელი განსახიერებით წარმოდგენა.

 ვანის სახალხო თეატრმა შარშან გურამ ბათიაშვილის „ვალი“ კოპროდუქციის სახით წარმოადგინა. წელს კი ეჟენ იუნესკოს საკმაოდ რთული აბსურდის ჟანრის პიესა- „გაკვეთილი“ განახორციელა.  რეჟისორმა, სცენოგრაფმა და მუსიკალურმა  გამფორმებელმა ლაშა ლომჯარიამ  ოთხ მოქმედ გმირთან ერთად საინტერესო სცენური გარემო შექმნეს. ამის დასტურია ისიც, რომ მასწავლებლის როლის შემსრულებელმა – გიგა ბუბუტეიშვილმა ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობის პრიზი დაიმსახურა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მარიამ ლორია (მოსწავლე) და მასწავლებლის თანაშემწეები: ამირან შარენიძე და აბელ სოსელია. სასიამოვნოა, როდესაც თეატრი ასეთ ნაწარმოებს წარმატებით ახორციელებს.

საჩხერის სახალხო თეატრი ყოველთვის ნოვაციური სპექტაკლებით გამოირჩეოდა და ფესტივალზეც არაერთხელ დამსახურებული ჯილდო მიუღია. ამჯერად რეჟისორმა გიორგი მეტონიძემ ფესტივალზე ადრე ნაჩვენები დადგმა – „ნატვრის ხე“ წარმოადგინა. საქმე ისაა, რომ პანდემიის დროს საფესტივალო სპექტაკლებს თავიანთ სცენებზე წარმოადგენდნენ და ქუთაისელ მაყურებელს ეს სპექტაკლი არ ენახა. ვფიქრობ, ამ მოტივით ძველი სპექტაკლის კვლავ ჩვენება მიზანშეწონილი არ იყო, ვინაიდან დასი ყოველთვის სიახლისა და განვითარებისკენ უნდა მიისწრაფოდეს. დადგმა იმეორებს თენგიზ აბულაძის ცნობილ ფილმს, თუმცა მხატვრული დონით ვერაფრით შეედრება. გაუგებარი და მოქმედებიდან ამოვარდნილია ფუფალას საოპერო არია, ერთფეროვან გმირთა გალერეაში ჩანს პანტომიმისა და სასცენო მოძრაობის ელემენტები, რომლებიც ვერ გამოხატავენ სპექტაკლის შინაარს. ამას ემატება თითქმის უსიტყვო მოქმედებაც, რაც მეტ გაუგებრობას ქმნის. რეჟისორს, ალბათ, უნდოდა ახალი გამომსახველობითი ფორმების გამოყენება, რაც შეუთავსებელი აღმოჩნდა მსახიობთა თამაშთან.

 გასულ წელს ტყიბულის თეატრმა გრან-პრი დაიმსახურა და წელსაც საინტერესო დადგმას ველოდით. სამწუხაროა, რომ მაყურებელს იმედი არ გაუმართლდა და ელემენტარული მხატვრული დონეც ვერ დააკმაყოფილა. ასეთ დამოკიდებულებას  ფესტივალი და  მისი ერთგული მაყურებელი არ იმსახურებს. არსებობს გარკვეული ზღვარი, როდესაც თეატრმა არც საკუთარ თავს და არც ფესტივალს მსგავსი „სპექტაკლი“ არ უნდა აკადროს.

რეჟისორმა გიორგი კაშიამ (იგი ახლა ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია) ემიგრანტთა აქტუალურ თემაზე დაწერა პიესა – „როგორ გადავიქეცი ამანათად.“ არ ვიცი, რეჟისორ თორნიკე სულაბერიძეს რამ გადააწყვეტინა მხატვრულ სახეებს მოკლებული და სქემატური სიუჟეტის მქონე პიესის დადგმა. გასაკვირი არცაა, რომ მთავარი როლის შემსრულებლის მარინა ბრეგაძის პერსონაჟი სრულიად გაუგებარი დატვირთვის აღმოჩნდა. არც ის ვიცი, ეს პიესის თუ დადგმის ბრალია, მაგრამ სპექტაკლი, როგორც იტყვიან, კრიტიკას ვერ უძლებს. სცენაზე ვხედავთ საზღვარგარეთ მომუშავე ქალის ყალბ ნოსტალგიასა და განცდებს. ტიპური სიუჟეტია – ქალი სამშობლოდან შორს არის და მისი გამოგზავნილი ფულით მეუღლე დომინოს თამაშობს. ეს არის დამცირებული მომვლელი ქალის ცხოვრება, რომელიც იძულებულია, იმუშაოს. ამავე დროს, სცენაზე ვხედავთ სამ გაუგებარ ფიგურას, რომლებიც თითქოს გაგზავნილ ამანათებს განასახიერებენ. ამ სქემატურ მოქმედებაში არ ჩანს ქალის ის სულიერი მდგომარეობა, რომელსაც მხოლოდ ამანათის ფუნქცია აქვს და მისი ყოფნა-არყოფნა არავის ენაღვლება. სამწუხაროდ, უფრო ღრმად პიესის არსს „ვერ ჩავწვდი“ და ასე ზოგადად მომიხდა მასზე საუბარი, თუმცა დამდგმელი კოლექტივი, ალბათ, მომიტევებს სიმართლის თქმას და საკუთარ შემოქმედებას მომავალი ფესტივალისთვის მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ფესტივალმა აამაღლა იმერეთის რეგიონის თეატრალური კულტურა და პოპულარულიც გახდა მაყურებლისთვის. ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის ყველა   იმ სპექტაკლისთვის ნომინაციების გადაცემა, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს თეატრისა და  კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამარჯვებულებს გარკვეული ჯილდოები გადასცეს, რაც წესდებით გათვალისწინებული არ იყო. არ ვიცი, ვის მოუვიდა აზრად მსგავსი „ნოვაცია“, ვინაიდან სტუდენტები ჯერ არ წარმოადგენენ ისეთ ავტორიტეტებს, რომ ცნობილ თეატრალთა მაგივრობა გასწიონ. მოწვეულ პროფესიულ თეატრებსაც უნდა დაევალოთ ახალი სპექტაკლების ჩვენება, რათა ფესტივალმა სრულად ასახოს რეგიონის თეატრალური წარმატებები. წელს ქუთაისისა და ზესტაფონის თეატრებმა ახალი სპექტაკლები უჩვენეს მაყურებელს, რასაც ჭიათურის თეატრზე ვერ ვიტყვით. მან ხომ ძველი სპექტაკლი – ნ. დუმბაძის „ბოშების“ მოტივებზე შექმნილი ის ვერსია გვიჩვენა, რომელიც სხვა ფესტივალებზეც იყო წარმოდგენილი და მხატვრული დონით არ გამოირჩეოდა. ასევე გაუმართლებელი იყო ქუთაისში არსებული სამოქალაქო თეატრის სპექტაკლის – „ავანტიურისტების“ კონკურსგარეშე ჩართვა, ვინაიდან ფესტივალის პროგრამა ისედაც გადატვირთული იყო. ვფიქრობ, ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ სამომავლოდ მეტ რეგიონულსა და საერთაშორისო მნიშვნელობას შეიძენს.

Gubaz Megrelidze –  In the footsteps of a festival 

The author thoroughly reviews the XV International Jubilee Festival of Kutaisi – “Theatrical Imereti”. The festival is annual and professional, and the public theaters of all twelve municipalities of the region take part in it.

The author offers a critical analysis of the festival and evaluates the importance of this theater forum.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…