ბავშვობის სიზმარივით ნათელი კაცი იყო…
სტურუას მხატვარიო – ასეც ეძახდნენ…
არადა, მეტიც იყო…
ბევრად მეტიც…
ყინწვისის ანგელოზიც მან „გადაიტანა“ რუსთაველის თეატრის სცენაზე…
სამ დღეში „დახატა“ ყვარყვარეს ცხოვრება…
ეს უზარმაზარი ტილოები რომ გავჭიმეთ, დავმუნჯდიო…
უცებ გადაეკრა სცენის „ცას“ რაღაც უსაშველოდ მტკივნეული და მძიმე… ისეთი, შველიძეს რომ შეეძლო მხოლოდ…
მოჰყავდა რუსთაველის სცენაზე ძველი, ოთხი აფთარი – „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი“…
ველოსიპედებით სავსე გზებსაც „შეგვაჩვია“…
ბებია-ბაბუების მორყეული სკამებიც გაგვახსენა – ვენეციურსაც რომ ვეძახით…
ჯვალოებიც უხვად იყო…
ეკლიანი გვირგვინები…
მთელი რუსთაველის თეატრი ზღაპრულ კოლაჟად (თუ ასამბლაჟად) აქცია – გააკეთილშობილა….
ბავშვივით ვჩხაპნიო…
მორცხვი ბავშვივითაც იყო ყველაზე დიდი „მჩხაპნელი“ ქართული სცენოგრაფიის…
მირუშა…
მირო…
ჩუმი…
უტყვი…
კაცი, რომელიც ვერავინ შეიძულა…
კაცი, რომელიც რუსთაველის თეატრშიც ბავშვად დარჩა…
შემთხვევით მოვხვდიო ამ თეატრში…
არადა, როგორი აუცილებელი ეს „შემთხვევითობა“…
უარს არავის ეუბნებოდა – ყველა რეჟისორს შეძლებისდაგვარად, „ჩუქნიდა“ თავის გაცრეცილ სილუეტებს…
თავის სამყაროს უწილადებდა…
ამიტომ იყო ხშირად სცენოგრაფია სპექტაკლზე „დიდი“…
დიდი სცენოგრაფია…
ნამდვილი სცენოგრაფია, რომელსაც სპექტაკლის „გადარჩენა“ შეეძლო…
ამიტომ „ეტმასნებოდნენ“…
რამდენს გადაესხა „ მირონი“ მისგან…
ალბათ, არც მისი სახელი იყო შემთხვევითი…
მოვიდა… „ჩხაპნა“ სასწაულად და წავიდა…
სულ რაღაც 75 წლისა წავიდა და დატოვა თავისი ბავშვივით სიზმრები ჩვენთვის, გზაარეული დიდი ადამიანებისთვის…