არაქართული ნაკვთები ჰქონდა –
მკაცრი და სწორი ფორმებით…
ნუშისებური და მეტყველი თვალები აძლევდა იმ საშიშ მომხიბვლელობას, ძნელად რომ გადაურჩა ვინმე…
1904 წელს დაიბადა – 22 იანვარს – პეტერბურგში; ერთი წლით დაასწრო რუსეთის 1905 წლის იანვრის რევოლუციას…
ასე დაებედა „დასწრება“ და „გასწრება“ მთელი სიცოცხლე…
ქართველიაო, ძნელი სათქმელია…
იქნებ, სიზმარში კი ენახა საქართველოც…
მამისეული ქუთაისიც, თავისი ალიზის სახლებითა და შეშის სუნით გაზავებული, გაწებილი ჰაერით…
ვინ იცის?
ალბათ, მაინც პეტერბურგი უფრო იყო მისი სიზმრების მუზა…
სისხლით ქართველი ვარ! კულტურით – რუსი, ეროვნებით – პეტერბურგელიო – ამტკიცებდა… პეტერბურგელობა თავისთავად გულისხმობდა რუსობასაც და ევროპელობასაც… როგორც ჩანს, მარტო რუსობისთვისაც ენანებოდა თავი…
მართალიც იყო – მხოლოდ სისხლი გააჩნდა ქართული…
იმ სისხლმა თავისი საქმე გააკეთა, ცხადია, მაგრამ პეტერბურგისა და რუსეთის, რუსობის სიყვარული ვერ გადასძალა…
არც უნდა გადაეძალა, ალბათ…
დედისეული გერმანულ-რუსული ფესვებიც თავისას შვრებოდა…
მაგრამ როგორც კი ვინმე მის საქმეში „ჩაყოფდა ცხვირს“, მაშინვე აგონდებოდა – ჩემში ქართული სისხლი ჩქეფსო…
ცხადია, უყვარდა მამისეული სისხლიც… მაგრამ სხვა სისხლით ამაყობდა… უფრო დიდი და „ნატიფი“ სისხლით…
„ქუდბედიანობა“ და ნიჭი მამისგან გამოჰყვა, ალბათ – მელიტონისგან, რუსები რომ „ქართველ გლინკას“ ეძახდნენ და ბედისწერისგანაც რომ ნებიერი იყო… სხვათა შორის, 100 000 რუბლიც მოუგია მელიტონს ოდესღაც ლატარიაში და ქართული სათვისტომოსთვის გადაუცია… ესეც მისი ღირსების ნაწილია…
მშობელიც უსაშველოდ იღბლიანი აღმოჩნდა მელიტონი – ჯორჯ ბალანჩინისა და ანდრია ბალანჩივაძის მამადაც შემორჩა ისტორიას…
ისიც ცხადია, შვილებში მამისეულიც „ბევრი“ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ლაპარაკიც კი უჭირდათ…
სხვათა შორის, ლინკოლნ კირსტაინი წერდა – იცნობთ თქვენ ქართველ ჯორჯ ბალანჩინს – იგივე გიორგი ბალანჩივაძეს? განსაკუთრებული შარმის შავგვრემან მოცეკვავეს, რომელიც ბალეტის ტექნიკის უბრწყინვალესი ოსტატიო!
ქართველსო – გიორგისო – შავგვრემანსო… კირსტაინი წერდა ასე… და ჯორჯის ნება რომ არ ყოფილიყო, სიტყვასაც ვერ დაასველებდა მის ქართველობაზე, ცხადია…
მამის „ხმასაც“ სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებოდა – იცოდა, მელიტონს რომ ვაგნერი და ბრამსი უყვარდა განსაკუთრებით და ყოველთვის ირჩევდა ვაგნერს… ალბათ, ასე უფრო გრძნობდა „კვეთას“ მამასთან… არც არასდროს წაუგია ამით….
არადა, დრო იყო, მუდამ მამის წინააღმდეგ მიდიოდა…
თავხედურადაც კი აპროტესტებდა მელიტონის ოცნებას – შვილი სამხედრო ფორმაში დაენახა…
რას არ გაიგებს ადამიანი?
რა მოუვიდა მელიტონ ბალანჩივაძეს?
სად წავიდა მისი გუმანი?
იქნებ, უფრო ცოლის – მარია ფონ ალმენდინგენზეს (ვასილიევას) ნებას დაჰყვა?..
იქნებ, ქალის სურვილი იყო შვილის გაგზავნა იუნკერთა სკოლაში?..
ვინ იცის?
ფაქტია, არაფერი გამოუვიდათ, საბედნიეროდ, მშობლებს…
გიორგის „თავხედობამ“ თავისი გაიტანა…
„აჯობა“ მამას… მაგრამ რა მოეხერხებინა მელიტონის იმ გენისთვის, პეტროგრადის კონსერვატორიამდეც რომ მიიყვანა?
სად „წაეღო“ მუსიკის სიყვარული?
მაინც ცეკვის ვნებამ სძლია….
თუმცა მუსიკა ცეკვის მთავარ ნაწილად დარჩა…
ან რა იქნებოდა ჯორჯ ბალანჩინი მუსიკის გარეშე?
რა შექმნიდა მის რიტმს?
ან რა აჰყვებოდა მისი „ფეხის ხმას“?
არადა, ცეკვა შემთხვევით დაიწყო…
აკი ვთქვი, მამასავით ქუდბედიანი იყო-მეთქი…
იყო…
თორემ იმ დღეს რომ უფროს დას – თამარს არ წაჰყოლოდა საბალეტო სკოლაში მისაღებ გამოცდაზე და დერეფანში არ აწოწილიყო, აღარც ჯორჯ ბალანჩინი იარსებებდა და აღარც ამერიკული ბალეტი იქნებოდა ისეთი, როგორიცაა…
იმ ერთმა დღემ გადაწყვიტა გიორგი ბალანჩივაძისა და ამერიკული ბალეტის ბედი…
იმ ერთმა უცნობმა ადამიანმა, კომისიაში რომ იჯდა და შემთხვევით მოჰკრა თვალი დერეფანში ბიჭს, შეცვალა ყველაფერი…
შემთხვევითობა და ბედისწერა მუდამ იყო მის მხარეს…
იქნებ, ბედისწერა მაშინაც გიორგის მხარეს იყო, როცა ტრავმის გამო იძულებული გახდა, უარი ეთქვა ცეკვაზე და ქორეოგრაფობა დაეწყო…
იქნებ, ქორეოგრაფი უფრო მეტი იყო, ვიდრე – მოცეკვავე….
არც ბედისწერა ღალატობდა და ინტუიციაც განსაკუთრებული ჰქონდა –
20 წლისა გაერიდა საბჭოთა კავშირს…
სხვა გზაც არ ჰქონდა – „უმოწყალოდ აკრიტიკებდნენ მის აბსტრაქტულ ბალეტს – დახვეწილი ესთეტიკითა და ეროტიკული ხასიათით“…
არავის რომ არ ჰგავდი, ცუდის ნიშანი იყო საბჭოეთში…
დიდად არც ეროტიკას სწყალობდნენ და ცნობდნენ იქ…
ამიტომ უნდა გარიდებოდა…
მისი ბალეტი ჰაერს ითხოვდა, ეროტიზმს, თავისუფლებას, დახვეწილ გარემოს…
ასეთი მხოლოდ საფრანგეთი იყო და იმ საფრანგეთში დიაგილევი ცხოვრობდა…
პარიზში არავის უკვირდა აბსტრაქტული ხაზები… სექსუალური ფორმები… მოძრაობის ეროტიზმი…
დიაგილევმაც იცოდა ფრანგების „სუსტი წერტილი“ და ამიტომ „ჩასჭიდა ხელი“ ქორეოგრაფს უცნაური სახელითა და გვარით, რომელიც „გაუფრანგულა“ და ჯორჯ ბალანჩინად აქცია…
ერთი ნახტომიღა იყო დარჩენილი ამერიკამდე –
უფრო დიდ სივრცემდე…
უფრო დიდ სახელამდე…
„ამერიკული საბალეტო სკოლის“ შექმნამდე…
„ნიუ-იორკ სიტი ბალემდე“…
ამ ნახტომის დროც დადგა…
პარიზის მერე, იქნებ, რთულიც იყო ნიუ-იორკი თავიდან… მით უფრო, პეტერბურგში გაზრდილისთვის…
ევროპა, ალბათ, მუდამ ენატრებოდა…
მაგრამ ფაქტია, ნამდვილი ჯორჯ ბალანჩინი ამერიკაში „აღმოაჩინეს“ და ნამდვილი ამერიკაც ჯორჯ ბალანჩინმა აღმოაჩინა დანარჩენი მსოფლიოსთვის…
ერთმანეთს ვალში არ დარჩნენ…
ერთმანეთი „შეინახეს“ და „გადაარჩინეს“ თითქოს…
ბალანჩინისეული „უძღები შვილიც“ დღემდე ახსოვს მსოფლიოს და „ბროლის სასახლეც“… „ორფევსიც“ და „ბალე იმპერიალიც“…
ყველაფერი ახსოვთ…
უფრთხილდებიან მასაც და მის სახელსაც…
ნეტა, რატომ დადგა მაინცდამაინც პროკოფიევის „უძღები შვილი“? რაიმე ასოციაცია ხომ არ აწუხებდა? იქნებ, ამ გზით სურდა, სადღაც ქვეცნობიერში ჩალექილ სინდისის ქენჯნასთან გამკლავება…
ვინ იცის…
იქნებ, აწუხებდა კიდეც, 13 წლის უნახავი მამის სიკვდილი რომ არც გაუგია…
და იქნებ, არც ემიგრაციაში წასვლისას დამშვიდობებია მელიტონს…
ვინ იცის…
რას შეამჩნევდნენ…
მშვიდი იყოო, ამბობენ… დედას თუ ჰგავდა…
არც კონტროლს კარგავდა, თურმე… არც მღელვარებას იმჩნევდა; ხმასაც არასდროს უწევდა… ან რად უნდოდა ხმის აწევა, ისეთი მზერა ჰქონდა?
ამ მზერის გამძლები ცოტა თუ იყო, ალბათ, მაგრამ თავად იშვიათად მოუტანია სიხარული ქალებისთვის, ასე რომ უყვარდა…
სილამაზისადმი სიყვარული და სიყვარულის სილამაზის შეგრძნება მამისგან დამყვაო – წერდა…. და იმასაც ამატებდა – რა შეიძლება იყოს ქალებზე, მუსიკასა და მათ გამაერთიანებელ ცეკვებზე მშვენიერიო…
არც არაფერი, მაგრამ ბოლომდე მხოლოდ ცეკვის ერთგული დარჩა –
ცეკვისა და მოგონებების…
გაივლის წლები და ეს მოგონებები საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანს –
ლენინგრადად ქცეულ პეტერბურგამდეც მიიყვანს და ქუთაისამდეც – მამის საფლავამდე -მწვანეყვავილას პანთეონში…
დიდხანს და ჩუმად იდგა, თურმე, მელიტონის საფლავთან!
თავჩაქინდრული ისმენდა ძმისგან მამის გარდაცვალების ისტორიას – განგრენიანი ფეხის მოჭრას რომ სიკვდილი არჩია! ერთი ფეხით არ ივლისო მელიტონ ბალანჩივაძე! ან სიკვდილის რატომ უნდა მეშინოდეს – ლამაზი გოგოა; მოვა, ჩამეხუტება და თავისთან წამიყვანსო…
მეც მამასავით მოვიქცეოდიო,- ჯორჯს უთქვამს…
მართალიცაა – რას, რას და თავის ფეხს ნამდვილად არასდროს დათმობდა მელიტონის შვილი და ისიც მამასავით „ლამაზ გოგოსთან“ წასვლას არჩევდა, ცხადია…
საკუთარი ფეხის ფასიც იცოდა და – სილამაზისაც…
იქნებ, ზედმეტადაც…
ან, იქნებ, პირიქით – რაღაც კომპლექსი აიძულებდა, ყოველი რეპეტიცია შეეწყვიტა და ხმამაღლა გაემეორებინა თავისი თავისთვის რამდენჯერმე – „I am wonderful!“ (მშვენიერი ვარ!)…
რაში სჭირდებოდა ამის თქმა, ვინ იცის?
იქნებ, ეშინოდა, გარეგნობა არ წაერთმია ცხოვრებას მისთვის…
იქნებ, ღმერთისაც ეშინოდა და ამიტომ გაურბოდა –
რატომ ეძებთ ღმერთს ჩემს ცეკვაშიო, უკვირდა…
არადა, ვინ დამაჯერებს, რომ ღმერთი არ არის ბალანჩინის ცეკვებში და რომ სულიერება აკლია მის ქორეოგრაფიას…
ერთი რამ ცხადია, სიცოცხლეში ქუდბედიანს სიკვდილში მამასავით არ დაჰყვა ბედი – უცნაური და რთული სახელის იშვიათმა დაავადებამ წაართვა ნელ-ნელა მხედველობაც, სმენაცა და გონიც –
ყველაფერი, რაზეც იდგა ჯორჯ ბალანჩინი…
ანდერძს დიდხანს არ წერდაო…
ასე მგონია, არა იმიტომ, რომ ენანებოდა გასაცემად თავისი ქონება…
ანდერძი თითქოს აღიარება იქნებოდა – სიკვდილის აღიარება!
არადა, არ უყვართ ბალანჩივაძეებს სიკვდილის აღიარება! სიკვდილს დამორჩილება! სიკვდილთან თამაში!!!
ბოლოს დანებდა და ასე გადაანაწილა ქონება – ოქროს საათი ძმას – ანდრიას – თბილისში და ყველა ბალეტი – 425 კომპოზიცია- 18 საყვარელ ქალს…
ნეტა, რომელი უყვარდა იმ თვრამეტიდან ყველაზე მეტად?
ან, იქნებ, მეცხრამეტეც არსებობდა, ყველაზე ძვირფასი, რომელსაც არც არაფერი შეხვდა -ბალანჩინის სიყვარულის გარდა…
ვინ იცის…
აკი წერდა, რომ კარგი ბალეტის შესაქმნელად ლამაზი ქალების სიყვარულია საჭირო. ბალეტი ქალების სამყაროა და კაცები იქ მხოლოდ საპატიო სტუმრები არიანო…
ჯორჯ ბალანჩინი, ალბათ, ამ სამყაროს ყველაზე საპატიო სტუმარი იყო; სტუმარი, რომელმაც ზუსტად იცოდა მასპინძლის ფასი…
დაიანა უაიტი წერდა – „ბალანჩინი გვასწავლიდა, საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიები ვყოფილიყავითო“…
ამიტომაც უყვარდათ ასე ძალიან ქალებს, ალბათ…
ყველა საუკეთესო ხდებოდა მის გვერდით…
ფოტოა ერთი – სავარჯიშო დარბაზში უამრავი ბალერინაა. ბალანჩინი – შავებში გამოწყობილი – ჰაერშია „გაჭრილი“…
უცნაური კადრია – „უძრავი“ გოგონები და „მფრინავი“ ბალანჩინი…
მაგრამ როგორი მზერა აქვთ ბალერინებს – რამდენი სიყვარული, შიში, გაოცება, აღტაცებაა…
მიუწვდმოლობა, რაც ყველა მათგანს აიძულებდა, საუკეთესოდ ეცეკვა და იმ „მფრინავი კაცისთვის“ მოეწონებინა თავი…
მათ შორის ვერც ერთი წარმოიდგენდა მაშინ ჯორჯ ბალანჩინის აღსასრულს…
ან, ვინ იცის, როგორი იყო მისი აღსასრული…
იქნებ, მხოლოდ მოგონებები შემორჩა…
იქნებ, ხედავდა ყველას, ვისაც შეხვედროდა – ნიკოლოზ მეორესაც და იმ დამწყებ ბალერინასაც, მისი შიშით ადგილიდან რომ ვერ იძვროდა..
იქნებ, ის ვერცხლისფერი, ჭრიჭინა ქაღალდში შეფუთული შოკოლადებიც ახსოვდა, მეფის ბრძანებით რომ დაურიგეს მოცეკვავეებს სპექტაკლის შემდეგ…
„ბუხანკა“ პურის საფასურად სცენაზე შესრულებული „მატროსების“ ცეკვაც აგონდებოდა, იქნებ…
იქნებ, ის თავისი ცნობილი კატა მურკაც ახსენდებოდა, ბალანჩინის ბალერინებს რომ წვრთნიდა…
ან, იქნებ, არც არაფერი ახსოვდა და არც ის აღარ იცოდა, რომ გიორგი იყო, ბალანჩივაძე – უძღები შვილი, რომელიც სახლში არ დაბრუნდა…