მსახიობმა, რეჟისორმა და დრამატურგმა დათა თავაძემ პიესაზე – „დედაომი“ მუშაობა (ფიქრი) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიწყო; წეროვანში ისვენებდა იმ დროს და ძალიან ახლოს იყოს ფრონტის ხაზთან. პიესაში ავტორის განცდებისა და გამოცდილების კვალიც აირეკლა. „დედაომი“ 2013 წლის ავსტრიულ-ქართული პროექტის – „საუბარი საზღვრების შესახებ“ და „ახალი ქართული პიესის“ გამარჯვებულია (I ადგილის მფლობელი ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებულ ჩიტთან“ ერთად). 2013 წელს „დედაომის“ თეატრალიზებული კითხვა კიევში მოეწყო ბრიტანულ-უკრაინულ-ქართული პროექტის – „New Writing“ ფარგლებში ზუსტად მაშინ, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და ჰიბრიდული ომი გამოუცხადა უკრაინას. პიესის მსოფლიო პრემიერა 2015 წელს გაიმართა გერმანიის ქალაქ ციტაუში და 2 წლის განმავლობაში იყო თეატრის მოქმედ რეპერტუარში.
საქართველოში „დედაომის“ პირველი სცენური ინტერპრეტაცია ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში განხორციელდა რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის მიერ; სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტული სივრცე. შემოქმედებითმა ჯგუფმა მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა სპექტაკლის პრემიერა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შედგა. ამ ფაქტმა არა მხოლოდ გააცოცხლა ომის შედეგად მიღებული ჭრილობები, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შეგრძნებაც.
ოზურგეთის თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ ქართული თეატრის ავანგარდში მოექცა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის – ვასო ჩიგოგიძის სწორი მენეჯერული პოლიტიკის წყალობით, საინტერესო რეჟისორების შემოქმედებითი იდეების განხორციელების პლატფორმად გადაიქცა. უფროსი თაობის რეჟისორების (გოჩა კაპანაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი) გარდა აქ წარმატებული სპექტაკლები დადგეს საშუალო და ახალგაზრდა თაობის რეჟისორებმაც: ვანო ხუციშვილმა, ნიკა საბაშვილმა, ელენე მაცხონაშვილმა, საბა ასლამაზიშვილმა. რეპერტუარში (რომელიც მორგებულია, პირველ რიგში, მაყურებლის მოთხოვნებს) ვხვდებით სხვადასხვა თემატიკისა და ჟანრის სპექტაკლებს. ამავდროულად, ოზურგეთის თეატრის მსახიობებს შესაძლებლობა ეძლევათ, განსხვავებული მსოფლმხედველობის, ხელწერის, ესთეტიკისა და სხვადასხვა თაობის რეჟისორებთან იმუშაონ, რაც ახალი გამოცდილების დაგროვებასა და პროფესიულ განვითარებას ნიშნავს.
„დედაომი“ საბა ასლამაზიშვილის მორიგი სარეჟისორო ექსპერიმენტია, რომელშიც იკითხება გარკვეული პოლიტიკური და პუბლიცისტური ქვეტექსტები; სპექტაკლში რეჟისორის შემოქმედების აქამდე უცნობი თხრობის მანერაც გამოიკვეთა.
ასლამაზიშვილი განსხვავდება იმ სხვადასხვა თაობის ქართველი რეჟისორებისგან, საკუთარი „მიგნებებით“ რომ ტკბებიან და სპექტაკლიდან სპექტაკლში ჭარბად, მიზანმიმართულად იმეორებენ მას… მათ დადგმებში მაყურებელი ხშირად მეორეხარისხოვანია, უგულებელყოფილია ისე, როგორც ტექსტი, რომელიც შინაარსისგან გამოშიგნულია, ხოლო მასალა მოჩვენებითი დეკლამაციით გამოირჩევა. ამიტომაცაა, რომ მათ სპექტაკლებში ხშირად მსახიობები ყვირიან, ყვირიან, ყვირიან…
საბა ასლამაზიშვილი ყოველთვის სხვა გზას ირჩევს… ყვირილით ნაკლოვანებათა გადაფარვა მის სპექტაკლებს არ სჭირდება… მუდამ ორიგინალურია. ოზურგეთშიც „დედაომის“ სცენისთვის შეარჩია თეატრის სხვენში არსებული „სცენოგრაფთა სახელოსნო“, რომელიც გაშლილი სივრცეა თავისუფალი ექსპერიმენტისთვის – სცენისა და ამაღლებული პარტერის გარეშე, „შტანგეტებისა“ და სოფიტების გარეშე, ფარდისა და კულისების გარეშე. რეჟისორი იყენებს უახლესი თეატრისთვის დამახასიათებელ ხერხებს, რომელიც ერთგვარი მიქსია ძველისა და ახლის, სადაც ვხვდებით კლასიკური ტექსტისა და სპექტაკლის სტრუქტურის სრულ დემონტაჟს. წარმოდგენა შოკში აგდებს მაყურებელს და მასზე ზემოქმედებს ხმამაღლა წარმოთქმული ტექსტით, მუსიკით, ხელოვნურად გაძლიერებული თუ გულწრფელი ემოციით…
დათა თავაძის „დედაომი“ ომით გამოწვეულ ტრაგედიასა და ომში მყოფ იმ ადამიანებზეა, რომლებსაც ცვლის, ანგრევს, ააშკარავებს ან, სულაც, აღაზევებს სწორედ ომი.
ომისა და ომში მყოფი ადამიანების ამბავს დათა თავაძე ხშირად იუმორითა და თვითირონიით ჰყვება; განსაკუთრებით ეს გამოსჭვივის ზინასა (თამარ მდინარაძე) და თინას (შორენა გვეტაძე) დიალოგებში. ოდნავ აბსურდული მათი დიალოგები ამსუბუქებს ომის სიმძიმეს. თუმცა, საბა ასლამაზიშვილის ინტერპრეტაციაში იუმორის კვალი გამქრალია და ის მხოლოდ დრამატული პასაჟებით არის დატვირთული. რეჟისორი არა მხოლოდ ამცირებს პიესის ტექსტს, არამედ აქცენტს აკეთებს გარკვეულ ეპიზოდებზე; დიალოგებსაც ანაცვლებს ეფექტურად მუსიკით…
დათა თავაძე ლოკალური, ლამის დოკუმენტური, კონკრეტული ფაქტებიდან პრობლემას აზოგადებს და გლობალურ კონტექსტში გადაჰყავს. რეჟისორი კი ცდილობს, არ გასცდეს ლოკალურ ტრაგედიას და ამბის ავთენტურობა შეინარჩუნოს, თუმცა ფინალში მაინც ვერ უვლის გვერდს მსოფლიო ომებს, რომელსაც დეკლამაციურად – ჯერ ომახიანად, ხოლო შემდეგ ენერგიაგამოცლილი ტონალობით ჩამოთვლის თამარ მდინარაძე (ზინა).
დათა თავაძის ტექსტში, ისევე როგორც საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში, ვხედავთ ომის ფონზე ადამიანთა მეტამორფოზს, მათ დეგრადირებას, გაშიშვლებას, მიძინებული კომპლექსების გაღვიძებას. ადამიანებს სძულთ, ღალატობენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, მაგრამ მაინც ერთად არიან, რადგან ომი აიძულებთ ამას… ამიტომაც ეჩვევიან ერთურთს და უყვარდებათ კიდეც ერთმანეთი (ზინასა და მანანას კოცნისა და დიალოგის ეპიზოდი)…
საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში ვხვდებით სხვადასხვა თაობას – ომებგამოვლილებსა და ომში დებიუტანტებს. ომის ადამიანებში სიკეთე ბოლომდე ქრება და მათში მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი, ეგოიზმი დომინირებს.
„ადამიანები იქცევიან მხეცებად, როგორც ჭრიჭინები კალიებად“ – დათა თავაძის მეტაფორა ლოგიკურადაა გათამაშებულ-ნაჩვენები სპექტაკლში. ჭრიჭინების კალიებად ქცევის მეცნიერული ამბავი წარმოდგენაში მოვლენების პარალელურად ვითარდება. ფინალში კი მხატვრული მეტაფორა და ადამიანთა მხეცებად ქცევის პროცესი ერთმანეთს კვეთს.
მსახიობებისთვის საბა ასლამაზიშვილთან მუშაობა ახალი გამოცდილება იყო; რეჟისორმა მკვეთრი გამყოფი ზღვარი არ გაავლო არტისტებსა და პერსონაჟებს შორის. მათ აცვიათ კოსტიუმები (მხატვარი თამარ ოხიკიანი), რომლებიც პერსონაჟთა ხასიათებს კვეთს; ისინი „გარდაისახებიან“ კიდეც გარკვეულ ეპიზოდებში, მაგრამ მსახიობთა განცდა მაყურებელზე გადამდები არ არის, რადგან კოსტიუმები მხოლოდ ვიზუალურ ეფექტზეა ორიენტირებული. რეჟისორს აქცენტი გადააქვს მსახიობთა ფიზიკური რესურსის გამოყენება-გამოვლენაზე, უძრავსა თუ დინამიკურ მოქმედებაზე, რაც ხაზს უსვამს ფიზიკური და ვერბალური თეატრის ელემენტების თანაარსებობას.
თამაში დაცლილია ყოველგვარი ყოფითობისგან, რეალიზმისგან, ბუნებრიობისგან, უშუალობისგან. ამიტომაც მსახიობთა მეტყველებაში გზადაგზა ვგრძნობთ დროის ილუსტრაციულობას, მანერულობას; ისინი თავიანთ პერსონაჟთა თუ სხვათა გზავნილებს, განცდებს, აზრებს ახმოვანებენ ხან ხმამაღლა, ხანაც – მიკროფონში, რაც უახლეს ქართულ თეატრსა და საშემსრულებლო ხელოვნებაში დამკვიდრდა როგორც ნორმა, როგორც აუცილებელი პირობა.
დედაომი, იგივე ზინა, რომელსაც თამარ მდინარაძე ასრულებს, ომის, ქალისა და დედის გლობალურ მხატვრულ სახეს ქმნის. ქალი გადის რთულ გზას, უღელტეხილსაც კი, რომელზედაც მუდმივად მარცხდება, ეცემა. სარგებელი, რომელსაც ომიდან ელის, ომსავე მიაქვს. თამარ მდინარაძე ღიაა ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის. განსაკუთრებულია მისი საფინალო მონოლოგი – უშუალობით, გულწრფელობით წარმოთქმული ტექსტი, რომელიც დედაომის დატირების, ლოცვის მისტიკურ რიტუალს ჰგავს.
ბოლო პერიოდში თამარ მდინარაძის უცვლელი სცენური პარტნიორი შორენა გვეტაძეა. ხელოვნური ემოციებითა და ცივი, მანერული ინტონაციებით, ტრანსში შესული როკვით ის თავის სახეს ქმნის სპექტაკლში; მსახიობი პერსონაჟს არ წარმოაჩენს ერთფეროვნად და სწორხაზოვნად. მის შესრულებაში, ეპიზოდების შესაბამისად, ვხვდებით სხვადასხვა სტილს, მანერასა და ხერხს.
ციცი ბუცხრიკიძის პერსონაჟის (მანანა) მაგალითზე იკვეთება დაუნდობელი ადამიანის მხატვრული სახე – ომმა ის ისეთი ტიპის ნადირად აქცია, რომ მრავალტანჯული დედაომის – ზინას (თამარ მდინარაძე) განცვიფრებასაც კი იწვევს. მანანა იმის მაგალითია, როგორ იქცევა უწყინარი ჭრიჭინა მონსტრ კალიად. მსახიობი პერსონაჟის მეტამორფოზს ზუსტად გვიჩვენებს და მკვეთრი შეფასებებიც აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სცენა, როცა კურიერი მას „კლავს“ და მოწყვეტით ეცემა მიწაზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მსახიობის „ჯახირი“ ციცაბო აღმართზე, მისი ჟინი და სწრაფვა გადარჩენისკენ.
სპექტაკლში დაკავებულია ერთი კაცი – კურიერი (ნიკა ძნელაძე), რომელზეც ყველა ოცნებობს.
მსახიობი გვიჩვენებს პერსონაჟის ტრავმებს, კომპლექსებს, ძლიერსა და სუსტ მხარეებს, მოძალადე სულს, რომელიც თავად იქცევა ძალადობის მსხვერპლად. ნიკა ძნელაძე დინჯად, მკაფიოდ და გამართულად მეტყველებს, უფრო ხშირად კი დუმს ან მღერის. თითქოს მიუვალი კედელიც აღუმართავს ყველასთან.
სპექტაკლის ვიზუალური გადაწყვეტა ეკუთვნის სცენოგრაფ თამარ ოხიკიანს, რომელმაც ცარიელი სივრცე კრემისფერი (სივრცის ტონალობაში) სარკოფაგებით, კუბოებითა თუ საფლავებით „შეავსო“. მაყურებელიც, სპექტაკლის პერსონაჟებთან ერთად, მეტაფორულ სასაფლაოზეა, რადგან ომი სასაფლაოა, ომი საფლავებად აქცევს მთელ სივრცეს. ფინალში კი იქაურობა ნამოსახლარს ემსგავსება – ფერებიც უფრო მუქდება (განათების წყალობით), ბოლო აკორდისას კი მკვეთრად ნათდება. იატაკი მოფენილია ჭრელი ტანსაცმლით, რომელიც გვამების მეტაფორაა. სცენის ერთ მხარეს, მაყურებლის პირისპირ, გრძელი ჯიხურია – დედაომის ნავსაყურელი… ჯიხური სავსეა მამაკაცების პიჯაკებითა და ქურთუკებით… ეს ომში დახოცილი იმ ჯარისკაცების ტანისამოსია, რომლებსაც ოჯახებში ამაოდ და უსასრულოდ ელოდებიან.
სცენური სივრცის განაპირას თითქოს შეუმჩნევლად დგას ჩართული ტელევიზორი, როგორც გარე სამყაროსთან კავშირის სიმბოლო, მაგრამ ფუნქციადაკარგულია, მწყობრიდან გამოსული… კავშირი სამყაროსთან გაწყვეტილია – მაუწყებლობა გამორთულია (პიესის მიხედვით კი ტელევიზიით იხვი დონალდის მულტიპლიკაციური ფილმის სერიები გადის)…
თამარ ოხიკიანის მინიმალისტურ სცენოგრაფიას, რეჟისურასთან და მსახიობებთან ერთად, ვახტანგ გვახარიას ორიგინალური მუსიკალური თემაც „ავსებს“.
სცენიდან ერთგვარი კლუბური ჰანგები ისმის… ესაა ომის მუსიკაა – ომის ტემპო-რიტმს გამოხატავს და ომში არსებულ ქაოსს ახმოვანებს. ამ ქაოსში იბადება შორენა გვეტაძის (თინა) თავისუფალი ცეკვაც, რომელიც როკვას უფრო ჰგავს. თუმცა, არავინ იცის, სიცოცხლისა თუ სიკვდილის როკვას…
დღესაც ომია და დღესაც აგერ ახლოს, სულ ახლოს ისევ ჩანს ის გრძელი ჯიხური – შინმოუსვლელი ჯარისკაცების, გარდაცვლილი და პატივაყრილი ქალებისა და ბავშვების ტანისამოსით სავსე…
ისევ ცდილობენ კალიებადქცეული ჭრიჭინები, მსოფლიოს შეესივნონ…
მაგრამ დედაომი მაინც ფეხზე დგას…
დედაომი აუცილებლად გაუძლებს ამ ომსაც…