(ბიბლიური მორალიდან იდეოლოგიურ მორალამდე)
ბერტოლტ ბრეხტის პიესას „კავკასიური ცარცის წრე“ დავით წერედიანი ჩანაწერების ციკლში – „თემა და ვარიაციები“ მოიხსენიებდა როგორც ამაზრზენად ყალბს.
რატომ, რა მოტივით და:
იმგვარად არის აგებული, რომ სამართლიანად გამოჩნდეს ურჩხულებრივი თეზისი – თუ მდიდარ ადამიანს შვილს წაართმევ, ეს ძალიან კარგიაო.
პიესის ზოგადი ქარგა იმეორებდა ძველი აღთქმის იმ ეპიზოდს, სოლომონ მეფის სიბრძნის თვალსაჩინოებისათვის რომ მოხმობილიყო (მეორე მეფეთა, 3, 16-28).
განმეორებით კი იმეორებდა, მაგრამ… ამოყირავებულად.
თუ არადა, აგერ, ის ეპიზოდი:
მიეახლებოდა მეფე სოლომონს ორი მეძავი, რომელთაგან ერთი ეტყოდა:
– მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ, ამ სახლში ვიმშობიარე მის თვალწინ. ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან სახლში. მხოლოდ ჩვენ ორნი. მოკვდა ღამით ამ ქალის ბავშვი, რადგან ზედ დასწოლოდა. ადგა შუაღამისას, აიყვანა ჩემი ბავშვი ჩემი გვერდიდან, ეძინა შენს მორჩილს და თავის უბეში ჩაიწვინა, ხოლო თავისი მკვდარი ბავშვი მე ჩამიწვინა უბეში. ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ბავშვისთვის და, აჰა, მკვდარი დამხვდა. კარგად დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ის ბავშვი არ იყო ჩემი შვილი, რომელიც მე ვშობე.
ჩაერეოდა მეორე ქალი:
– არა, ცოცხალია ჩემი შვილი, შენი შვილია მკვდარი.
ის თავისას დაიბეჯითებდა:
– არა! შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილი – ცოცხალი!
იტყოდა მეფე სოლომონი:
– მომიტანეთ მახვილი.
და როდესაც მიართმევდნენ, შესთავაზებდათ:
– ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი – მეორე ქალს.
ეტყოდა ცოცხალი ბავშვის დედა მეფეს, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვოდა თავისი შვილის გამო:
– ოჰ, ჩემო ბატონო! ოღონდ ნუ მოკლავთ და მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი!
მეორე კი არას ინაღვლიდა:
– ნურც მე მერგება, ნურც – შენ. გაჭერით.
მიუგებდა მეფე და იტყოდა:
ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ. ეს არის მისი დედა.
და ნამდვილ დედას დაუნარჩუნებდა შვილს.
შეიტყობდა მთელი ისრაელი განაჩენის ამბავს, მეფე რომ გამოიტანდა და შეეშინდებოდათ სოლომონ ბრძენისა, რადგანაც დაინახავდნენ, რომ:
– ღვთის სიბრძნე სუფევდა მასში სიმართლის გასაჩენად.
ბერტოლტ ბრეხტი ამ ზოგად ქარგას ისე შემოატრიალებდა, რომ:
ნამდვილი დედა მზად იქნებოდა შვილის გასაგლეჯადაც, ოღონდაც როგორმე მიეტაცებინა; გამზრდელი კი აქვითინდებოდა და ხელს გაუშვებდა:
შუაში ხომ ვერ გავგლეჯო!..
დაე, ბავშვი დარჩეს მის მეტოქეს, ოღონდაც არაფერი ევნოს.
ასეთია ღარიბი ქალის მორალი.
მდიდარი ქალბატონი კი – ბიბლიური გადმოცემის ცრუპენტელა ქალისა არ იყოს – მოსაკლავადაც გაიმეტებს ბავშვს, ოღონდ იმ მეორეს არ დარჩეს.
და აზდაკმაც შესაფერისი განაჩენი უნდა გამოიტანოს, ოღონდ – სოლომონ მეფისაგან განსხვავებით – ნამდვილ დედად აღიაროს ის, ვინც არ არის ნამდვილი დედა.
ეს იმიტომ, რომ ღვთის სიბრძნე არ სუფევს მასში.
ამიტომაც მიიჩნევდა დავით წერედიანი „კავკასიური ცარცის წრის“ მთავარ თეზისს ურჩხულებრივად.
და დასძენდა:
ნუ გვეგონება, რომ მსგავსი მორალით მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგია აზროვნებს. მეტ-ნაკლებად ასე აზროვნებს ყოველი იდეოლოგიაო.
ამიტომაც დაშორებიან იდეოლოგიები ღვთიურ საწყისს.
ქართულ დადგმაში ეს ამაზრზენი სიყალბე ნაკლებად რომ იგრძნობოდა?
ამ გარემოებას იმით ახსნიდა:
ხალისიანი თეატრალური პირობითობებით იყო გადაფარულიო.
ასე გამოიყენებოდა გარეგნული ზეიმურობა, ხალისიანი პირობითობანი სიყალბის, ურჩხულებრივი თეზისის შესანიღბად.
ოდნავ გადაფხეკდი და…
აგერ, დავით წერედიანი როგორც მოიქცეოდა – ოდნავ, სულ ოდნავ გადაფხეკდა ზედაპირს და სამწუხარო რეალობა გვეცემოდა თვალში.
ამაზრზენად ყალბიო…
რა გვიკვირს.
ასე მოხდება ყოველთვისაც, როდესაც ბიბლიური სიბრძნის ამოყირავებას მოინდომებ, ბიბლიურ მორალს თავდაყირა დააყენებ!..
ტაშს უკრავ მთელი მონდომებით წარმოდგენას, ოღონდ სინამდვილეში რას უკრავ ტაშს, ჩაწვდომას არა ცდილობ და გარეგნულ ხიბლში გახვეული ასდევ ხალისიან თეატრალურ პირობითობებს…