ეკა თხილავას ესე

ტკივილის მართი კუთხეებისგან აგებული…

, , ,

1953 წლის 7 ოქტომბერს ქართულსა და რუსულ ენებზე შევსებული ერთი დაბადების მოწმობა გაიცა საბჭოთა თბილისში –

ფარატინა, პატარა, უგერგილო ფურცელი (ალბათ, როგორც ყველა იმდროინდელი მოწმობა, მომწვანო ფერისა).

არადა, რამდენი რამ უკავშირდება ხანდახან იმ ერთ ფურცელს –

სიხარული, იმედგაცრუება, გამარჯვება-დამარცხებების ტალღა, ისტორია.

ამ მოწმობასაც ეს ბედი „დაჰყვა“ –

არაერთხელ გამოითხოვა  მისი „ასლი“ ხან ვინ და ხან – ვინ, მაგრამ მხოლოდ იმ პირველს – სიძველისაგან ფერდაკარგულს, აქვს „ოქროს ბიჭის“ ოქროს ფასი –

იმ ფურცლიდანაა, თითქოს, ნამდვილი…

ერთი წლისა და ხუთი თვისა იყო უკვე მოწმობის გაცემისას (როგორც ყველაფერს, დაბადების „ნიშნულსაც“ დაგვიანებით გასცემდა ხშირად საბჭოთა კავშირი. თითქოს ჯერ გაკვირდებოდა, ღირდა თუ არა ამ მოწმობის გაცემა შენთვის ან შენი ოჯახისთვის. ბიჭმა დაგვიანებით, მაგრამ „დაიმსახურა“ მაინც) – ალბათ, დაბაჯბაჯებდა კიდეც იმ დროს და იღიმოდა, როგორც ყოველთვის, სიცოცხლის ბოლო წუთამდე – დიდსა და კეთილ თვალებში ცეცხლი და ჭინკებიც უკვე ენთო, ალბათ…

მშობლებს ყოველთვის „სჯეროდათ“ მისი. დაბადებამდეც და დაბადების შემდეგაც. ყველაფერს ინახავდნენ – ყველა მის ნაბიჯს. ფურცელს. ნაგლეჯს. ჩანაწერს. თითქოს, ეშინოდათ, მისი ბავშვობის ხმაც  არ „გაფანტულიყო“ და „დაფანტულიყო“ სადმე. იწერდნენ.  თავიანთათვის და ჩვენთვის ინახავდნენ… იქნებ, მაშინვე გრძნობდნენ, რომ „ტკივილის მართი კუთხეებისგან“ იყო აგებული მათი ბიჭი, ფანქრებითა და გუაშებით სასაცილო ფიგურებს რომ ხატავდა… ესეც შეუნახავთ – თორმეტიოდე გაყვითლებული ფურცელი, მისი თითების „პირველქმნილი“ ბავშვურობა… აცაბაცა ფერებში გადღაბნილი ამბები.

მიეცით მუსიკა მანქანების გამონაბოლქვითა და სტერეოტიპებით გაოგნებულ ბავშვებსო –  ლია სტურუა წერდა…  მაშინ მანქანა იმდენი არ იყო, რამდენიც – სტერეოტიპი. მაგრამ მუსიკას ცოტას თუ აჩუქებდნენ იმ დროსაც. ბიჭი „გამონაკლისი“ აღმოჩნდა – დაბადებისთანავე ისედაც სისხლში დაუდიოდა ის დო, რე, მი, ფა, სოლ…

მერე როიალის კლავიშებსაც მისწვდა.

9 წლისა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავდა უკვე.

თავში ისევ ტრიალებდა ის ნოტები – „ნაცრისფერი ნივთიერების საკონცერტო შესრულება“ ესმოდა და ჩაესმოდა მუდამ.

ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა ყოველთვის როიალისკენ. თითქოს, ეშინოდა, არ „წაერთმიათ“ ან ადგილი, ან – როიალი… სწრაფადვე ჯდებოდა სკამზე და ფრაკის ბოლოებს ისწორებდა. ერთი ღრმა ჩასუნთქვა და ყველა სტერეოტიპს ერთდროულად ანგრევდა.

მოსმენა მცენარესაც შეუძლიაო, ლია სტურუა წერდა მისდამი მიძღვნილ ლექსში.

მისი „მოსმენაც“ გამონაკლისი იყო – დიდი ენერგია უნდა გქონოდა, ვნებაცა და ნებაც, რომ „გაგეძლო“.

„თითქოს კარები ჩამოიღო ანჯამებიდანო“ და ასე, სივრცეში ტოვებდა მსმენელებს „გამოკიდებულებს“…

ანჯამებიდან კარის ჩამოხსნას ვინ გაპატიებდა იმ სტერეოტიპებით გადავსებულ ქვეყანაში?

სასჯელის მეთოდი  ნაცადი იყო – კარის ჩამოხსნის საპირწონედ კონცერტებიდან ჩახსნა!

სასტუმროებიდან გამოძევება – „სხვა“ სტუმრების მიღების მიზეზად!

ლამის ყველა კონკურსზე მეორე ან მესამე პრემია…

პირველამდე მუდამ უკეტავდნენ გზას…

უფრო ჩუმი გახდა და უფრო დარდიანიც.

უფრო მართი კუთხეები მიიღო მისმა ტკივილმა… უფრო საშიშიც.

ზღაპრებში რომ ორი გზაა, ზუსტად ისეთი ორი გზა გამოჩნდა მასთანაც – „მარჯვნივ“ წავიდოდა და გადარჩებოდა, მაგრამ ყველა მისიანს დასჯიდნენ; „მარცხნივ“ წავიდოდა და დაიღუპებოდა…

ვინ იცი, იქნებ, ერთადაც იმსჯელა მთელმა ოჯახმა „მარჯვნივ“ გადახვევამდე. ვინ იცის, არც არაფერი თქვა და ასე დაიფარა ოჯახი – ცნობილი დედ-მამა – კომპოზიტორი დავით თორაძე და დედა  – მსახიობი ლიანა ასათიანი – იშვიათი სილამაზის ქალი.

ვინ იცის…

31 წლისა იყო მაშინ.

არც ძალიან დიდი და არც – ძალიან პატარა.

ჩემთვისაც ტრაგედია იყოო ეს წასვლა, მერე წერდა. არ იცოდა, როგორი იქნებოდა სასჯელი.

ყველა საბჭოთა ოჯახში მაშინ ლექსო თორაძეზე ლაპარაკობდნენ. ქირქილებდნენ (რამდენი მტერი ჰყოლიათ თორაძეებს), თავებს აკანტურებდნენ, ვითომ წუხდნენ და განიკითხავდნენ… გაერიდნენ და კეთროვანივით გარიყეს ოჯახი.

ლექსო თორაძემ ისეთი წერილი დაუტოვა მშობლებს, თითქოს თვითმკვლელი იყო – „იყავით მაგრად და შემიმსუბუქეთ განცდები; ნუ შეგეშინდებათ, ძალა ჩვენს ერთობაშია. არავის არაფერი გვმართებს, ერთმანეთის გარდა!

არ მსურს, მყიდდნენ, მამცირებდნენ და სულიერად მანადგურებდნენ სამინისტროებსა და გოსკონცერტებში; მე ხომ ბოლომდე არ ამიხდენია თქვენი ოცნებები  და არც – ჩემი“!

ოცნებების ასახდენად, ალბათ, ამერიკა საუკეთესო ადგილია მართლა! ესპანეთში გასტროლებზე მყოფმა მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში თავშესაფარი. მიიღო კიდეც, ცხადია. სულ მალე შტატების 10 ყველაზე დიდ ქალაქში გამოვიდა კონცერტებით!

ყველგან ოვაციებით ხვდებოდნენ! ელოდნენ! აინტერესებდათ, როგორი იყო საბჭოეთიდან გამოქცეული პიანისტი და როგორ უკრავდნენ საბჭოთა კავშირში!

ლექსო თორაძემ ყველა მოლოდინსა და ყველას მოლოდინს გადააჭარბა!

ხალხის ნაკადი უფრო და უფრო იზრდებოდა მის კონცერტებზე!

თუმცა, იქ, საქართველოში ისევ „დუღდა“ თორაძეებზე „აღშფოთებული“ საზოგადოება; ყველა ჯავრს ერთად „ანთხევდნენ“ დავით თორაძეზეც, ულამაზეს ლიანა ასათიანზეც და ლექსოზეც, რომელსაც ეგონა, წასვლით ბოლოს მოუღებდა დამცირებასა და ცილისწამებებს; პირიქით კი მოხდა.

1983 წლის 31 ოქტომბერს  უკანასკნელად ელაპარაკა ტელეფონით მამას. საათნახევარი გაგრძელდა საუბარი; ყურმილის ერთ მხარეს ლექსო იყო; მეორე მხარეს – მამა, რომელსაც, თავის მხრივ, კაგებე უსმენდა.

ჩაუწერია კიდეც საუბარი ლექსო თორაძეს; მერე ხშირად უსმენდა, თურმე, მამის ხმას, შვილს რომ ფარულად ამხნევებდა; არადა, რა საფრთხეზე გადიოდა ეს გამხნევება მაშინ!

8 ნოემბერს, ზუსტად ერთ კვირაში, კაგებეს დაკითხვიდან დაბრუნებული გულის შეტევით გარდაიცვალა დავით თორაძე.

რომ არ გარდაცვლილიყო, მაინც მოუძებნიდნენ „გარდაცვლის მიზეზს“; მამის მკვლელობაც ხომ უნდა „აეკიდებინათ“ ლექსო თორაძისათვის?

ამ ტვირთით ატარეს მთელი ცხოვრება; სინდისის წუხილად უქციეს მამა. მაგრამ როგორ ამხნევებდა ამერიკაში მარტო დარჩენილ ახალგაზრდა კაცს მშობლის ხმა, ალბათ, ყოველი გამარჯვება-დამარცხებისას.

უამრავს ეგონა მაშინ, რომ საბოლოოდ „დაასამარეს“ თორაძეთა ოჯახი.

უამრავი ზეიმობდა.

ლია სტურუასი არ იყოს, ვინ იცის, „რა ნერვები გადაიწყო ზურგზე“ მაშინ ლექსო თორაძემ.

რის ფასად დაჯდა წარმატება. საფორტეპიანო სტუდიის – Toradze Piano Studio – დაარსება ქალაქ საუთ-ბენდის უნივერსიტეტის ბაზაზე. თითოეული კონცერტი.

5 წელიწადში -1988 წელს ლექსო თორაძეს მის ერთ-ერთ კონცერტზე მისული ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – მაიკლ არმაკოსტი დაეხმარა და ლიანა ასათიანი ამერიკაში მიიწვიეს.

გახმაურებული ამბავია.

თუმცა, მაშინ სასწაულის ტოლფასი იყო.

ლამის მთელი ამერიკა ელოდა, როგორ გადმოვიდოდა თვითმფრინავის ტრაპიდან საბჭოთა კავშირიდან გამოქცეული პიანისტის დედა – ნახევარი დედამიწა რომ გადაიარა შვილის სანახავად.

თუმცა, როგორც ჩანს, მაინც არავის წარმოედგინა, რომ ელიზაბეტ ტეილორზე ლამაზი ქალი გადმოვიდოდა ბოინგიდან. მერე წერდნენ ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი გაზეთები – გამოჩნდა ლექსოს შავთმიანი, დიდებული, დედოფლური შესახედაობის დედაო.

ამერიკელები ისედაც მგრძნობიარე ხალხია და იმ დღეზე დიდხანს ლაპარაკობდნენ.

ვერაფრით ივიწყებდნენ ლიანა ასათიანს. ეტყობა, ვერც წარმოედგინათ, ასეთი ლამაზი ქალები თუ იქნებოდნენ საბჭოთა კავშირში (არც გაემტყუნებოდათ, ლიდერთა ისეთი ცოლები ჰყავდათ საბჭოეთიდან ნანახი).

მერე იგონებდა დედა – ლექსომ საბუთები გადმომიგზავნა ამერიკიდან ერთხელ და ზედ ეწერა – ლექსოს ლიანაო; მეტი რაღა უნდა მოეწერაო?

მართლა რაღა უნდა მოეწერა მეტი?

ლექსოს ლიანად დარჩა ბოლომდე; ლანა ღოღობერიძე იგონებდა, იყო რაღაც ძალიან ტრაგიკული ლიანას სილამაზეშიო. იყო კიდეც! არასდროს იმჩნევდა, მაგრამ ხანდახან მაინც  უნაწყენდებოდა შვილებს; ეჭვიანობდა; შიშები კლავდა; იქნებ, უფრო იმის შიშები, რომ მათ უნახავად არ წასულიყო ამქვეყნიდან. იქნებ, ისევ ლექსოზე ჯავრობდა – მის მარტოობასა და მარტოსულობაზე. იქნებ, მისი ბავშვობის გუაშით მოხატული თორმეტიოდე ფურცლით იკლავდა შვილის მონატრებას? ან 13 წლის ლექსოს ხმის ჩანაწერით?

ვინ იცის?

ვერც ლექსომ გაძლო დიდხანს თავისი ლიანას გარეშე – 8 წელიწადში „დაუბრუნდა“ დედას;

ბოლომდე იმ ბიჭად დარჩა,

„რომლებიც დგებიან

ორღანის ხესავით გატოტილ ტანთან

და მოწყალებას თხოულობენ:

არა პურს, რადგან არ შიათ,

არც ფულს – რადგან ის ახლა არ არსებობს;

არამედ მუსიკას“[1]

23 აპრილს ამ „მოწყალებამ“ მიიყვანა ლექსო, ექიმის თანხლებით, ვანკუვერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტის შესასრულებლად დარბაზში და იქიდან საავადმყოფოში გაბრუნდა.

ვინ იცის, მიხვდა, რომ ეს მისი ბოლო „მოწყალება“ იყო?

ვინ იცის, მიუხვდნენ, რომ უკანასკნელად ითხოვდა მუსიკას ლექსო?


[1] ლია სტურუა – „მუსიკა“

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…