დიდასკალოსი

დიდასკალოსი

, , ,

რომ თენდება, უკვე სასწაულიაო, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა.

სასწაული ხვალაც იქნება და ზეგაც…

გათენდება!

აუცილებლად გათენდება ჩვენს მტვრიან ქუჩებში!

მაგრამ „ცხოვრებისაგან აღტაცებული“ ერთი კაცი“ – თემურ ჩხეიძე ამას ვეღარ ნახავს.

კაცმა არ იცის, ყოველდღიურობას უფრო დააკლდა მისი სახე და ხატება თუ – პირიქით….

ხვალიდან ჩვენს შენელებულ, არტისტულ ქალაქში აღარ გამოჩნდება იგი თავისი მანერული სიარულით… ხმის განსაკუთრებული ტონალობით… ღიმილით… უცებ, საიდანღაც მოვარდნილი რისხვითა და სიკეთით!

დიდი და კეთილი „ბავშვი“ ქართული თეატრისა აღარ გამოჩნდება არსად!

თეატრი ტყუილია და მაინც მივდივართ იქ თავის მოსატყუებლად ყოველდღეო.

მივდიოდით, რომ სწორედ მას მოვეტყუებინეთ. მის „ჰაკი აძბას“. მის „გუშინდელნს“, მის თეიმურაზ ხევისთავსა და გაბახებულ მარგოს….

არავის შეეძლო, ასე „მოტყუება“…

არავის შეეძლო, ასეთი სიყვარულით მოყოლა ამბის…

ეს არის… მთავარი ეს არის – უყვარდა ყველა –

არ არსებობდა სხვაობა ბოროტსა და კეთილ ნებას შორის.

იქნებ, პირიქითაც, რაც უფრო განწირული იყო გმირი, მით უფრო იკრავდა გულში. მით უფრო ევედრებოდა გადარჩენას…

ჯაყოც კი უყვარდა…. ბანჯგვლიანი. მიმტაცებელი. გარეწარი. არაკაცი ჯაყო. იქნებ, ამიტომ იყო მისი ტყუილი ღმერთივით მადლიანი.

მეგონა უკეთესი რეჟისორი ვიქნებოდიო…

მეგონაო…

თემურ ჩხეიძე ამბობდა ამას…

არც ერთი  აღმატებული სიტყვა რომ არ დაგენანება, ისეთი კაცი.

დიდი რეჟისორი წავიდაო, წერდა ამ დღეებში ერთი არანაკლებ დიდი მასზე…

დაუნანებლად წერდა.

გულწრფელად…

ასეთი იყო მართლა – დიდსაც და პატარასაც „აიძულებდა“, აღიარებასა და პატივისცემას…

„ვერაგობასა და სიყვარულს!“

თუმცა, სიყვარულს არც არასდროს ითხოვდა არავისგან –

არც მტრისაგან და არც – მოყვრისაგან.

მაინც „დასაჯეს“ არაერთხელ!

რამდენჯერ „მოაჭრეს მკლავიც“!

ატკინეს!

„ჯაყო“ რომ გავიდა ტელეეკრანზე, საშინელება მოხდა…

ჩამქოლესო,- ამბობდა მერე…

ვერ გავიგე, რა უნდოდათო…

რას მერჩოდნენო…

როგორ არ გაიგო?

იცოდა, ისეთი სიმართლე თქვა ამ ტყუილით, რომ გაჯაყოებულმა და გამარგოებულ-გახევისთავებულმა საზოგადოებამ ვერ აპატია.

არ აპატია.

კრებებს ატარებდნენ საბჭოურ სკოლებში…

საწარმოებში…

უნივერსიტეტებში…

ლამის, საბავშვო ბაღის მოსწავლეებს სთხოვდნენ, თქვით, რომ უნდა დავასამაროთო თემურ ჩხეიძე…

თავად ამბობდა მერე, მაშინ მივხვდი, მიხეილ ჯავახიშვილი რას გრძნობდაო…

მანაც გადაიტანა „რეპრესია“….

საბჭოურმა ინტელიგენციამ „დახვრიტა“… მაგრამ ცოცხალი დატოვა…

ეს უფრო დიდი სასჯელი იყო…

სასწაულია, მაგრამ მთავრობამ უფრო დამინდოო – გაამხილა მერე.

სამაგიეროდ, საბჭოური საზოგადოება იყო როგორი „მონდომებული“…

ერთხელ „ჰაკი აძბაც“ არ გაატანეს აფხაზეთში საგასტროლოდ – ჰაკი აძბა (ნოდარ მგალობლიშვილი) უჯუშ ემხაზე (ოთარ მეღვინეთუხუცესი) დაბალია და გაგვიბრაზდებიან აფხაზებიო; იციან, რომ ემხა ქართველიაო (ემხვარიო)…

მან რომ იცოდა, ისე აიჩეჩა, თურმე, ცეკაში მხრები და დარჩა სიდაბლისთვის დასჯილი „ჰაკი“ თბილისში…

ასე მხრებაჩეჩილი არა ერთხელ და ორჯერ „დაუტოვებიათ“.

პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის ხელმძღვანელობიდან შინ დაბრუნებული საერთოდ გარიყეს კიდეც… აგერ, გუშინ თუ გუშინწინ სტურუა წერდა – ამხელა რეჟისორს თეატრი ვერ მოვუნახეთო.

კაცმა არ იცის, ვერ მოუნახეს თუ არ მოუნახეს…

ან რაღა აზრი აქვს ახლა ამის დადგენას?

მთავარია, რომ უთეატროდ დატოვეს თემურ ჩხეიძე!

არც „თუმანიშვილის თეატრმა“ მიიღო!

თითქოს სჯიდნენ წლებით ადრე მასწავლებელთან გაურჩებისთვის!

ჩხეიძეს კი მაინც უყვარდა ის ხალხი, სასწაულს რომ ვერც თავად ჩაიდენდა ვერასდროს და ვერც სხვისას დაინახავდა…

მაინც უფრთხილდებოდა მათაც…

არადა, მძიმე ხასიათი მაქვსო, ბოდიშობდა…

რომ არ ჰქონოდა, მაინც გაუხდებოდა იმ გარემოში.

მაინც აიძულებდნენ „დამძიმებას“.

ყოველთვის ლოგიკური იყო და ამასაც ამტკიცებდა, თეატრისგანაც ლოგიკა მოითხოვებაო…

მაგრამ მისი ლოგიკა მუდამ არაორდინალური იყო ცხოვრებაშიც და სცენაზეც.

შეეძლო, ყველაზე არალოგიკური სვლით მისულიყო თავის ლოგიკამდე – თეთრი ოტელოც ამის დასტურია.

და განა მარტო თეთრი ოტელო?

არც მისი „გუშინდელნი“ ქცეულა ოდესმე გუშინდლად…

ყველა მისი გმირი, ყველა მისი სპექტაკლი, ყველა მისი ნაბიჯი არალოგიკური ზელოგიკა იყო.

მეტი უნდოდა.

მეტს ეძებდა.

სიბერის არა, სიკვდილის არა – უსარგებლობის მეშინიაო.

ვერ იქნებოდა უსარგებლო ვერასდროს თემურ ჩხეიძე!

ვერც სიბერემდე მიაღწია – თითქოს, არ უნდა გვენახა მისი „ლოგიკური სიკვდილი“…

აქაც არალოგიკური სვლით „წავიდა“…

რაღაც სხვანაირი რეალისტი იყო – ცხოვრებაშიც და თეატრშიც!

სხვა კაცი! თუმცა, „სხვისი“ კაცი არასდროს ყოფილა!

თავისი იყო. თავისი ჰყოფნიდა და თავისას ქმნიდა – ოღონდ – არა სათავისოს!

***

ძველ ბერძნულ თეატრში   ასეთი ტერმინი ჰქონდათ – დიდასკალოსი – ანუ – მასწავლებელი!

ე.წ. რეჟისორის წინამორბედი!

თემურ ჩხეიძე სწორედ დიდასკალოსი იყო!

ყველა ჩვენგანის მასწავლებელი – მასწავლებელი ცხოვრებითა და თეატრით აღტაცებისა!

ცხოვრებითა და თეატრით ბედნიერებისა!

ხვალიდან ერთით ნაკლები დიდასკალოსი  დარჩება დედამიწაზე…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…